სელტიკი უფრო კმაყოფილი დარჩა

AutoSharing Option

რეინჯერსი-სელტიკი 2:2
გოლები:
1:0 ნესი (3), 1:1 კომონსი (16), 2:1 უიტეკერი (41-პენ), 2:2 ბრაუნი (65)


„ოლდ ფირმ დერბი“ ოთხი გოლითა და ორი გაძევებით დასრულდა. როგორც „რეინჯერსისა“ და „სელტიკის“ ყველა დაპირისპირება, შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის თასის მერვედფინალური შეხვედრაც დაძაბული გამოვიდა და პასუხი კითხვაზე, რომელი გუნდი სჯობია, სამომავლოდ გადასდო: მეოთხედფინალისტის გასარკვევად გლაზგოელებს გადათამაშება დასჭირდებათ.

ანგარიში მე-3 წუთზე „რეინჯერსის“ ნახევარმცველმა ჯეიმი ნესმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გახსნა. მე-15 წუთზე „ოლდ ფირმის“ დებიუტანტმა კრის კომონსმა ანგარიში გაქვითა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მისი გუნდის მეკარემ, ფრეიზერ ფორსტერმა

საჯარიმოში სტივენ ნეისმითი წააქცია, რისთვისაც მსაჯმა ის მოედნიდან გააგდო და „სელტიკის“ კარში პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გოლი სტივენ უიტეკერმა გაიტანა. ამრიგად, ისევ „რეინჯერსი“ დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა დამარცხებაზე უარი განაცხადეს და 64-ე წუთზე სკოტ ბრაუნმა ერთხელაც გაქვითა. ამას, ერთი ხნის შემდეგ, მეორე გაძევება მოჰყვა: ზემოთ უკვე ნახსენებმა ნეისმითმა, რომელსაც პირველ ტაიმში მარკ უილსონის წინააღმდეგ უხეშობისთვის უკვე მიღებული ჰქონდა ყვითელი ბარათი, სიმულანტობით მსაჯისთვის პენალტის გამოტყუება სცადა და მეორე ყვითლით დაისაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მსვლელობისას უპირატესობას უფრო „სელტიკი“ ფლობდა, საფინალო სასტვენის შემდეგ სიხარული სწორედ ამ გუნდის ფანებმა და მწვრთნელმა ნილ ლენონმა გამოხატეს. როგორც ჩანს „აიბროქსზე“ ნაჩვენებმა თამაშმა მათ საპასუხო შეხვედრის წინ იმედი ჩაუსახა.

„სელტიკის“ მეორე გოლის ავტორმა სკოტ ბრაუნმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ძალიან კარგია შეხვედრა 2:2 რომ დასრულდა. ახლა მეტოქეს „სელტიკ პარკზე“ ველოდებით“.

ამ შეხვედრაში, „რეინჯერსის“ შემადგენლობაში, შედგა სენეგალელი ელ ჰაჯი დიუფის დებიუტი. გლაზგოში „ბლექბერნიდან“ გადაბარგებული თავდამსხმელი მხოლოდ ერთ ეპიზოდში გამოჩნდა, როდესაც ბრაუნთან წაიკინკლავა და „სელტიკის“ ნახევარმცველს ყვითელი „აჰკიდა“. ამის შემდეგ, რამდენჯერაც დიუფი ბურთს მიიღებდა, „სელტიკის“ ფანები ტრიბუნიდან იმდენჯერ დასძახებდნენ ხოლმა მძლავრ ბრიტანულ „ბუუს“.

ნილ ლენონმა თქვა: „თავს დააბრალოს. ჩემი ფეხბურთელები აქ არაფერ შუაში არიან. დიუფს თვითონ სიამოვნებს, როდესაც ტრიბუნიდან დაჰყვირიან“.
ლენონმა თქვა, რომ მისმა გუნდმა „რეინჯერსს“ ათი კაცითაც კი აჯობა.
 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული