ერთა თასი, რომელსაც სპონსორის ეშხით „ქარლინგისა“ დაერქვა ჩრდილო ირლანდიელი მწვრთნელისა და ყოფილი ფეხბურთელის ლორი სანჩესის მოგონილია. ეს გახლავთ შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობს ორივე ირლლანდია, შოტლანდია და უელსი - მოკლედ, ბრიტანეთის კუნძულებზე მცხოვრებთაგან ყველა იგლისის გარდა. სანჩესი ლონდონში დაბადებული, მამით ეკვადორელი კაცი გახლავთ და არ იფიქროთ, რომ თავში ანტიინგლისური იდეა მოუვიდა. შესაძლოა, მისი ჩანაფიქრი ბრიტანული ერთობისკენაც კი იყოს მიმართული. მეტიც, უელსის ფეხბურთის ასოციაცია იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს თასის გათამაშებას ინგლისელებიც შეუერთდებიან, მაგრამ აქ, ტექნიკური პრობლემა იჩენს თავს - კალენდარი და ვადებია
ლორი სანჩესმა შეჯიბრება კი მოიგონა და მისი დაწყება ეჭვი არ არის, ძალიან გაახარებდა, მაგრამ იმის ნახვა, რაც მისი დედულეთის გუნდს სქოთებმა შეამთხვიეს, ნამდვილად არ ესიამოვნებოდა. ჩრდილო ირლანდიამ შოტლანდიას ნამდვილი წინააღმდეგობა მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში გაუწია, მერე კი ცუდად წაუვიდა საქმე. სქოთებს პირველი გოლის შეგდება მე-13 წუთზევე შეეგდოთ, მაგრამ არ გაუმართლათ და ანგარიში „ბურსასფორის“ თავდამსხმელმა კენი მილერმა „მხოლოდ“ მე-18 წუთზე გახსნა - ის დაშავებული დარენ ფლეტჩერის ნაცვლად კაპიტნობდა ეროვნულ გუნდს. 32-ე წუთზე „ტარტანის არმია“ (შოტლანდიის ნაკრებს მათი ეროვნული კილტის მოხატულობის გამო სწორედ ასე ეძახიან) „ფულჰემის“ ნახევარმცველმა ჯეიმს მაკარტურმა დააწინაურა, ხოლო „სელტიკის“ ფეხბურთელმა კრის კომონსმა მესამე გოლი 52-ე წუთზე შეაგდო.
მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა თავკაცმა კრეიგ ლივეინმა თქვა: „ბოლო ხნის განმავლობაში დაჟინებით ვიმეორებდი, რომ ჩემი ბიჭები საკლუბო დონეზე საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ და დღეს გამოჩნდა, რომ მათ ეს სანაკრებო დონეზეც შეძლებიათ. ბედნიერი ვარ, რომ მათ ხალხის თვალში ტრაბახად და ტყუილების მოლაპარაკედ არ გამომიყვანეს“.
წინა დღეს კი, ირლანდიელებმა უელსის ახალ მწვრთნელს გერი სპიდს დებიუტი ჩაუშხამეს - 3:0. უსახური პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა თავს შეუძახეს და ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედის“ 23 წლის ნახევარმცველმა დარონ გინსონმა გაიტანა პირველი გოლი ეროვნული გუნდის მაისურით, შემდეგ კი „ფულჰემის“ ფორვარდმა დემიენ დაფმა და შეცვლაზე შესულმა „ბირმინგემ სიტის“ ნახევარმცველმა კით ფეჰეიმაც შეაგდეს თითო.
მატჩის შემდეგ ირლანდიელთა იტალიელი თავკაცი ჯოვანი ტრაპატონი კმაყოფილი გახლდათ, რადგან მისთვის ეს მატჩი უპირველეს ყოვლისა მაკედონიასთან შესარჩევი შეხვედრისთვის მომზადების საშუალება იყო და არა ბრიტანეთის არასრულყოფილი ჩემპიონატი:
„მართალია, მაკედონია უელსისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ დღევანდელმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ პოტენციალი ჩვენც გვაქვს. ნამდვილად კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც შთაბეჭდილების მოხდენა და გამარჯვება შეუძლია. სამწუხაროა, რომ ზოგი ჩვენი ფეხბურთელი თავის კლუბში იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში. მათ რეგულარულად რომ ათამაშებდნენ, ნაკრებიც გაცილებით კარგ შედეგებს მიაღწევდა“.