გონსალო იგუაინი: ჯერ კოპა, მერე დანარჩენი

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გონსალო იგუაინის გადაბირება ლონდონის "ჩელსისა" და "ლივერპულს" სურთ, რისთვისაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არაფერს დაიშურებენ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გასულ გათამაშებაში იგუაინმა 36 გოლი შეაგდო და ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი გახდა. 28 წლის არგენტინელი ფორვარდი, რომელიც ამჟამად კოპა ამერიკაზე თამაშობს, "გაძეტას" აქტუალურ თემებზე ესაუბრა:

გასული სეზონი
შესანიშნავი სეზონი გვქონდა და ვფიქრობ, რომ ჩემპიონობას ვიმსახურებდით. "იუვენტუსმა" შთამბეჭდავი წაუგებლი სერია გამოაცხო, მაგრამ არც ჩვენ ვიყავით ნაკლებნი და, მე თუ მკითხავთ, კიდევ უფრო შემტევ და სანახაობრივ თამაშს ვაჩვენებდით.

რაც შეეხება
ჩემს ბომბარდირობას და ისტორიულ მაჩვენებელს, ძალიან სასიამოვნო განცდაა. ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე ის, რომ იტალიის ჩემპიონატში ჩემამდე ამდენი გოლი არავის გაუტანია. იმედია, მომდევნო სეზონი არანაკლებ წარმატებული იქნება.

ინგლისური გრანდების ინტერესი

პრესაში ბევრი იწერება ჩემი ინგლისში შესაძლო გადაბარგების შესახებ, მაგრამ პირადად მე, კონკრეტული არაფერი ვიცი. სიმართლე გითხრათ, დღეს მხოლოდ კოპა ამერიკაზე ვარ კონცენტრირებული და სატრანსფერო ფანჯარაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. მსურს, არგენტინის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გავხდე და დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ.

ისე კი, ნეაპოლში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მომდევო სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს სათამაშო.

სკუდეტო თუ ლიგა?
ჩემპიონთა ლიგის მოგება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ ნეაპოლში იმდენად დიდი ხანია, ელოდებიან სკუდეტოს მოგებას, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩვენთვის არც იტალიის ჩემპიონატია.

ორ ფრონტზე ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ, როგორც ერთ, ისე მეორე ტურნირზე. ამისთვის გაძლიერებაა საჭირო და იმედი მაქვს, კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული