კოპა ამერიკა სენტენარიო. B ჯგუფი: კოუტინიოს ჰეთ თრიკი და ბრაზილიის მე-400 [VIDEO]

AutoSharing Option
* ბოლოს, როდესაც ეკვადორი კოპა ამერიკაზე ორბურთიანი ჩამორჩენით აგებდა და მატჩი გადაარჩინა, პერუსთან შეხვედრამდე 1983 წელს მოხდა არგენტინასთან დაპირისპირებაში.
* ეკვადორს უკვე 5 მატჩია არ მოუგია. არადა, იქამდე მიჯრით 6 გამარჯვება ჰქონდა.
* პერუელთა მონაწილეობით გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში 13 გოლია გასული.
* ფილიპე კოუტინიოს მეორე გოლი ბრაზილიისთვის მე-400 გახლდათ კოპა ამერიკაზე.

ეკვადორთან შეხვედრაში ბრაზილია მძიმედ გამოიყურებოდა და ჯგუფის აუტსაიდერ ჰაიტისთან გამარჯვება სჭირდებოდა, თანაც ისეთი დამაჯერებელი, როგორიც საბოლოოდ მოიპოვა კიდეც. ბრაზილიელთათვის 7:1 ბოლო დროს კარგად ნაცნობი ანგარიშია და სწორედ ამ
ანგარიშით მოუგო "სელესაომ" საბრალო ჰაიტის.

პატარა ჰაიტისთან პატარა ფილიპე კოუტინიოს ჰქონდა დიდი გული. მან ჰეთ თრიკი გაახერხა. "ლივერპულის" შემტევმა "სელესაოს" პირველი ორი და ბოლო გოლები გაიტანა. გამოვარჩიოთ რენატო აუგუსტოც, რომელმაც დუბლი მიითვალა.

ხოლო ის ფაქტი, რომ ბრაზილიის ნაკრებში ცენტრფორვარდის პრობლემა ისევ ძალიან აქტუალურია, ამ შეხვედრითაც დასტურდება - პენტაკამპეონებმა 7 გოლი გაიტანეს და გამოკვეთილ ფორვარდზე აქედან არც ერთი არ მოდის.

გამოვარჩიოთ "სანტოსის" ნახევარმცველი ლუკას ლიმაც, რომელსაც კოპაზე 10-ნომრიანი მაისურა აცვია და შეცვლაზე შემოსვლიდან რამდენიმე წუთში შეაგდო თავისი ბურთი.

"ეკვადორთან მატჩთან შედარებით საგრძნობლად მოვუმატეთ. ბრაზილია ყოველთვის მოსაგებად თამაშობს და უნდა თამაშობდეს, ჩვენი მიზანიც ესაა. ამისთვის ვვარჯიშობთ და ვცდილობთ, თამაში გავაუმჯობესოთ. კოუტინიომ თავისი შანსები მაქსიმალურად გამოიყენა.

მატჩამდე მას ველაპარაკე და ვუთხარი, ყოფილიყო ისეთი ფეხბურთელი, როგორიც "ლივერპულში" და ისევე გაეტანა გოლები. ვფიქრობ, ფილიპეს თავდაჯერება შეემატა და უფრო და უფრო მწვავე და პროდუქტიული გახდება" - თქვა დუნგამ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
პერუსა და ეკვადორის დუელში ბევრი რამ წყდებოდა. პერუელები გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურს ინაღდებდნენ და ახლოსაც იყვნენ ამასთან. რიკარდო გარეკას გუნდი 2:0-ს იგებდა, მაგრამ ალბათ, ზედმეტად მოდუნდა და... უკანასკნელი ორი კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირს, ხოსე პაოლო გერეროს ამჯერად არ გაუტანია, მაგრამ ორი საგოლე პასი კი მიითვალა და მისმა ნაკრებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

გარდამტეხი, ალბათ, მაინც ის გახლდათ, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ეკვადორელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს - გაიბრწყინეს ვალენსიებმა, ანტონიომ ენერს გაატანინა. მეორე ტაიმის დებიუტში კი ეკვადორმა გაათანაბრა. თავი ბოლანიოსმა გამოიჩინა აქტიური ჯეფერსონ მონტეროს პასით. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო რეალური მომენტი გაცვალეს.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი ძალიან ლამაზი იყო - პირველი კუევასმა ულამაზესი ფინტის მერე გაიტანა, მეორე გოლისას გერერომ თავით დაუგდო ფლორესს და მანაც გამოზომილი დარტყმა გაუშვა შორეულ დაბალ კუთხეში. ვალენსიებმა ტექნიკურად სრულყოფილი კომბინაცია გაათამაშეს და ეკვადორელთა მეორე ბურთიც ჰარმონიულ კომბინაციას მოჰყვა.

ახლა ეკვადორელები საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი. მათ შესაძლოა, ჰაიტისთან უბრალო მოგებაც ეყოთ, მაგრამ თუ ორ ან მეტბურთიანი სხვაობით მოიგებენ, ჯგუფიდან აუცილებლად გავლენ. პერუ კი, ცოტა არ იყოს, ცუდ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შეხვედრა საკმაოდ კარგად ჩაატარა. პერუ შესაძლოა, ისე გავარდეს, რომ არც ერთი მატჩი არ წააგოს.

პერუელებს ბურთების სხვაობა არ უწყობთ ხელს. აი, ბრაზილიის დამარცხების შემთხვევაში ისინი პირველი ადგილით გავლენ, ხოლო თუ ვერ მოიგებენ, იმის იმედად უნდა იყვნენ, რომ ეკვადორიც ვერ მოიგებს, რაც ძნელი წარმოსადგენია მოხდეს, რადგან ჰაიტი ძალიან სუსტია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრაზილია-ჰაიტი 7:1
გოლები: 1:0 კოუტინიო (14), 2:0 კოუტინიო (29) 3:0 რენატო აუგუსტო (35), 4:0 გაბრიელი (59), 5:0 ლიმა (67), 5:1 მარსელინი (70), 6:1 რენატო აუგუსტო (88), 7:1 კოუტინიო (90+2)
ბრაზილია (4-1-4-1): ალისონი - დანი ალვეში, მარკინიოსი, ჟილი, ფილიპე ლუისი - კაზემირო (62. ლიმა) - ვილიანი, ელიასი (72. უოლასი), რენატო აუგუსტო, კოუტინიო - ჟონასი (46. გაბრიელი)
ჰაიტი (4-1-4-1): პლასიდე - გორო, ჟენევუა, ჟერომი, იაგი - ალეშანდრე (62. ჰილეირი) - ალკენატი (83. მორისი), მარსელინი, ლაფრანსი, ლუი - ბელფორტი (49. ნასონი)
გაფრთხილება: კაზემირო - გორო
კუთხური: 6-1 ჯარიმა: 8-15 თამაშგარე: 3-4 კარში დარტყმა: 20(13)-9(4) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 28 241

ეკვადორი-პერუ 2:2
გოლები: 0:1 კუევა (5), 0:2 ფლორესი (13), 1:2 ე. ვალენსია (39), 2:2 ბოლანიოსი (48)
ეკვადორი (4-2-3-1): დომინგესი - პარედესი (46. აიოვი), მინა მესა, აჩილიერი, აიოვი - გრუესო, ნობოა - ა. ვალენსია, ბოლანიოსი (62. მარტინესი), მონტერო (88. კასარესი) - ე. ვალენსია
პერუ (4-2-3-1): გალესე - რევორედო, რამოსი, როდრიგესი, ტრაუსო - ტაპია, ვილშესი - ფლორესი (79. იუტონი), კუევა, ჰობერგი (50. პოლო) - გერერო
გაფრთხილება: გრუესო, აჩილიერი, აჩილიერი - ვილშესი (73. რუიდიასი)
გაძევება: აჩილიერი (90+3)
კუთხური: 9-4 ჯარიმა: 15-15 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 18(6)-9(3) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 11 937

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 2 1 1 0 7-1 4
2. პერუ 2 1 1 0 3-2 4
3. ეკვადორი 2 0 2 0 2-2 2
4. კოსტა რიკა 2 0 0 2 1-8 0

III ტური
12 ივნისი
ეკვადორი-ჰაიტი 02:30
ბრაზილია-პერუ 04:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული