სუპერმარიო ბრუნდება? "აიაქსი" მზადაა, გარისკოს...

AutoSharing Option
მარიო ბალოტელი დიდ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს. ჰოლანდიური "აიაქსის" კარი მისთვის ღიაა. ბალოტელის ბოლო დროს ფეხბურთი აღარ უთამაშია. ახლა ის 25 წლისაა. ძალიან დიდი ხანია, თამაშობს და სკანდალების ცენტრშია, მაგრამ მეტის არ არის. მართლაც ოცდახუთისაა. ამბობენ, მარიო მაგრად დასერიოზულდაო. მალე ყველა ყველაფერს ვნახავთ...

იურგენ კლოპი განსაკუთრებული მწვრთნელია. ის ფეხბურთელს არასოდეს აფუჭებს. თუ იურგენს ვინმე არ მოსწონს, იმ ვინმეს შეუძლია თავისუფლად წავიდეს. კლოპმა ბალოტელის უთხრა, რომ მას შეუძლია ივარჯიშოს "ლივერპულის" 21-წლამდელთა გუნდთან ერთად, თუმცა თან ისიც დააყოლა, რომ მარიოს "ლივერპულში" მომავალი არ
აქვს და მან აუცილებლად უნდა იპოვოს ახალი კლუბი.

ბალოტელის გადაბირება თურქული ფეხბურთის გრანდს, "ბეშიქთაშს" უნდოდა, თუმცა მარიომ უარი თქვა. ერთიც ვნახოთ, მას იქ უნდა, სადაც ნაღდი ფეხბურთია და არა დიდი ფული. ეს უკვე მისასალმებელი ტენდენციაა.

"აიაქსს" ძალიან სჭირდება ახალი თავდამსხმელი. ბალოტელის ბევრი შეუძლია. მით უმეტეს, ჰოლანდიის ჩემპიონატში, სადაც თამაშის საშუალებას გაძლევენ და არც ფეხზე გაზის ვინმე გამუდმებით. რაც მთავარია, ამ ტრანსფერს ერთი "წონიანი" მომხრე ჰყავს - მინო რაიოლა, ვინც ისე ჩანს, რომ უკვე მოაგვარა ერთი კლიენტის, პოლ პოგბას ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში" და ახლა მეორე კლიენტის დაბინავება სურს.

ამ ეტაპზე "აიაქსს" "ლივერპულისათვის" (მარიო სწორედ ამ კლუბის კუთვნილებაა) ტრანსფერის მოთხოვნით ოფიციალურად არ მიუმართავს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ დროის საქმეა.

ეგაა, "ბალოს" აუცილებლად მოუწევს ჯამაგირის შეკვეცა. სადღეისოდ ის "ლივერპულში" 90 ათას გირვანქას იღებს კვირაში, "აიაქსში" კი არსებობს ერთი "ოქროს წესი" - ვინც უნდა იყოს ამ გუნდის ფეხბურთელი, მას კვირაში 40 ათას გირვანქაზე მეტს არ უხდიან.

ბალოტელისა და "ლივერპულის" კონტრაქტი კიდევ 12 თვის განმავლობაში მოქმედებს, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ მარიო გუნდში აღარ დარჩება.

"ლივერპულში" ის აღარ სჭირდებათ. ბალოტელიმ სანახევროდაც კი ვერ გაამართლა ის იმედები, რომელსაც ბალოტელის ინგლისური კლუბი უკავშირებდა.

"ლივერპული" 31 აგვისტომდე, ანუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოერიდება მეგატრანსფერის განხორციელებას. იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მის განკარგულებაში საკმაოდ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც სერიოზული წარმატების მიღწევა შესაძლებელია.

რატომღაც კლოპი ერიდება ახალი ხალხის მიყვანას "ენფილდზე". მას რომ მოენდომებინა, დღეს, დიდი ალბათობით, ჰენრიხ მხითარიანი "ლივერპულის" ფეხბურთელი იქნებოდა და არა "მანჩესტერ იუნაიტედისა".

მხითარიანს კლოპი ძალიან კარგად იცნობს. ისინი ერთად მუშაობდნენ "დორტმუნდში". ეგაა, გერმანელმა მწვრთნელმა ფინანსები დაზოგა. მან იცოდა, რომ მხითარიანს კიდევ აკავშირებდა კონტრაქტი "დორტმუნდთან" და გუნდი მას იოლად არ დათმობდა.

კლოპმა გადაწყვიტა, გადაებირებინა სადიო მანე, "საუთჰემპტონის" სენეგალელი ლიდერი, რომელიც ბოლო დროს პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულია. საყოველთაო აზრით, მანე მომწიფდა საიმისოდ, რომ რომელიმე გრანდში წარმატებით ითამაშოს.

რაც შეეხება ბალოტელის, თვითმხილველები ამბობენ, რომ ის განსაკუთრებით მონდომებულია. მარიო თურმე, სატრანაჟორო დარბაზის ძალიან ხშირი სტუმარია. ერთ დროს მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ნებიერას ბოლოს არაერთხელ მოხვდა ალიყური ბედისწერისგან და ახლაღა მიხვდა, რომ დაშვებულ შეცდომებს ისევ თავადვე თუ გამოასწორებს.

"აიაქსი" მზადაა, გარისკოს. მარიოს გადაბირება ყოველთვის რისკია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული