ევროუქმეების წინ: ლიდერთა დუელი ლონდონში

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის წინ ბოლო ტურია, რომლის მთავარ დაპირისპირებად პრემიერლიგის პირველ-მეორე გუნდების ჯახს მივიჩნევთ. მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემი" პეპ გვარდიოლას უდანაკარგო "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს.

პრემიერლიგა: ბრძოლა მოედნის ცენტრისთვის
პრემიერლიგის მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი ულაპარაკოდ "ტოტენჰემი"-"სიტია". მაურისიო პოჩეტინოსა და ხოსეპ გვარდიოლას გუნდები წაუგებლად მოდიან, მხოლოდ მათი მარცხის გრაფაში წერია ნულები.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე "სელტიკთან" კი დაკარგა 2 ქულა, მაგრამ ჩემპიონატში ჯერაც უდანაკარგოდაა და "დეზებს" 4 ქულით უსწრებს.

შესაბამისად, "უაით ჰ
ართ ლეინზე" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და მასპინძლები ყველაფერს გააკეთებენ, რომ "ქალაქელები" უფრო წინ არ გაუშვან და სულ მცირე, ამ შეხვედრაში არ დამარცხდნენ. არგენტინელი გამარჯვებას დაგეგმავს და ეს წარმოუდგენელი ნამდვილად არ გახლავთ, რადგან "ტოტენჰემი" კარგ ფორმაშია, თანაც ლონდონელებს მანჩესტერელებთან ბოლო ორი ურთიერთშეხვედრა მოგებული აქვთ.

"სიტის" და კონკრეტულად გვარდიოლას ბურთის ფლობა როგორ უყვარს, ამას თქმაც არ უნდა და პეპი შეეცდება, ნახევარდაცვაში გააკონტროლოს სიტუაცია. ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან "ტოტენჰემს" ძალიან მძლავრი ნახევარდაცვა ჰყავს და გუნდის მთავარი ძალა სწორედ შუა ხაზშია. პეპი, პირველ რიგში, დელე ალისთვის სივრცის მაქსიმალურად შეზღუდვას შეეცდება.

ის, რომ კევინ დე ბრუინი ვერ იქნება, "ტოტენჰემისთვის" დიდი შვებაა, მაგრამ "სიტის" რიგებში კიდევ უამრავი ფეხბურთელია, ვისგანაც პოჩეტინო საფრთხეს უნდა ელოდოს.

ჰარი კეინის არყოფნა კი ასევე გამოსარჩევი ამბავია, მაგრამ ლონდონელები მის გარეშეც მშვენივრად ბურთაობენ და გუნდის სხვა პლუსები გამოჩნდა, შეტევები უფრო მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გახდა.

ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზეც, როგორ ითამაშებს ჰონ-მინ სონი, ვინც ბოლო დროს დიდებულად ბურთაობს და ვნახოთ, რას იზამს კორეელი ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში. პოჩეტინოს გადასაწყვეტი ექნება ისიც, რომელი დააყენოს ძირითადში - კრისტიან ერიკსენი თუ ერიკ ლამელა, ორივეს ერთდროულად სასტარტო თერთმეტეულში ალბათ, ვერ ვიხილავთ. "სიტი" კი სტერლინგი-ნოლიტო-აგუეროს ტრიოთი შეიარაღებული დაემუქრება უგო ლორისის კარს.

მწვრთნელების ძალიან საინტერესო ტაქტიკური ბრძოლისა და ხლართების, მაღალი კლასის ფეხბურთელებისა და სათამაშო სტილის დაპირისპირების გარდა, მნიშვნელოვან როლს მეკარეების თამაშიც შეასრულებს. ორივე გუნდს ტოპ-გოლკიპერი ჰყავს, მაგრამ ხანდახან ორივე უშვებს წვრილ-წვრილ ან მსხვილ შეცდომებს.

ლორისის სუსტ წერტილად გამოსვლაზე თამაში რჩება, ფრანგს ამ კომპონენტში უჭირს ხოლმე. ხოლო კლაუდიო ბრავო ჯერ ბოლომდე არ შეგუებია "ქალაქელებს" და თითქოს, ცოტა ნერვიულობს ხოლმე, ასეთ შეხვედრაში კი ფსიქოლოგიური წნეხი დიდია.

მოკლედ, კვირას ყველა ერთად უნდა მოვკალათდეთ და ფეხბურთის გურმანებს, წესით, გემრიელი ინგლისური კერძი შეგვხვდება.

* * *
საინტერესო თამაშია უელსში, სადაც "სუონსი" "ლივერპულს" მასპინძლობს. თუკი "გედები" "ლივერპულთან" დამარცხდებიან, მათი მწვრთნელი ფრანჩესკო გვიდოლინი სამსახურს დაკარგავს. იურგენ კლოპის "ლივერპული" კი დიდებულად ასპარეზობს, ბევრი გოლი გააქვს და "სკაუზერებს" კარგი სეზონის მოლოდინი აქვთ.

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერი" "სტოკს" მასპინძლობს, ხოლო არსენ ვენგერის "არსენალი" "ბარნლის" სტუმრობს. ანტონიო კონტეს "ჩელსი" ბოლოს ჩრდილში მოექცა და იქიდან გამოსვლას იტალიელის გუნდი სტუმრად "ჰალის" დამარცხებით აპირებს.

ლა ლიგა: ნაომრები "მესტალიაზე"
ესპანეთში მუდამ ყურადღების ცენტრშია "ვალენსიასა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება. "ღამურები" ზედიზედ მესამე მატჩის მოგებას შეეცდებიან, ეს კი კატასტროფული სტარტის შემდეგ სერიოზული მოულოდნელობა იქნება. ისე, ვოროს "ვალენსიას" თავკაცის პოსტზე შესაშური სტატისტიკა აქვს, მაგრამ ამ სპეციალისტს სერიოზულად მაინც არ განიხილავენ კლუბში და ჯერ მისი სტატუსი "დროებითს" არ გასცილებია.

პარადოქსია, მაგრამ თუ "ვალენსია" "ატლეტიკოს" დაამარცხებს, მაინც დიდი შანსია, ვორო დაითხოვონ და მისი სკამი ჩეზარე პრანდელის გამოუთავისუფლონ. "ატლეტიკო" კი "მესტალიაზე" ნაომარი ჩადის - "ჩოლოს" გუნდმა "ვისენტე კალდერონზე", ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ბაიერნი" - 1:0. ესეც "ვალენსიას" შანსია...

* * *
გათამაშების ლიდერი "რეალი" ბასკურ "ეიბარს" მასპინძლობს. ზინედინ ზიდანის გუნდს ორი ტურია, ვერ მოუგია. "ბარსელონა" ვიგოში მიემგზავრება "სელტასთან" სათამაშოდ, ლუის ენრიკე ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. "ბარსას" ისევ არ ეყოლება ლეო მესი.

სხვა: ყველა გზა ისევ რომში მიდის
თუ ინგლისში პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს, გერმანიაში ლიდერი "ბაიერნი" მესამეადგილოსან "კიოლნს" მასპინძლობს. კარლო ანჩელოტის გუნდი ევროასპარეზზე კი შეაჩერეს, მაგრამ ბუნდესლიგაში ჯერ უდანაკარგოა. ძალზე საინტერესოა "ლევერკუზენისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირება.

ყველა გზა რომში მიდის და სერია A-ში ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ რომშია, სადაც 40 წლის ფრანჩესკო ტოტი და კომპანია მილანის "ინტერს" დაუხვდება. ორივე გუნდმა ხუთშაბათს ევრობატალიები გამოიარა და თანაბარ პირობებშია.

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი "იუვენტუსი" ლევან მჭედლიძის "ემპოლის" სტუმრობს, რომელიც აშკარა კრიზისშია და გოლის გატანაც კი უჭირს. მაურიციო სარის "ნაპოლი" ბერგამოს სტუმრობს.
ფრანგული ლიგა 1-ის მშვენება "ლიონი"-"სენტ ეტიენია".

ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური
პარასკევი. 30 სექტემბერი
ევერტონი-კრ. პალასი 23:00

შაბათი. 1 ოქტომბერი
სუონსი-ლივერპული 15:30
ჰალი-ჩელსი 18:00
სანდერლენდი-ვესტ ბრ. 18:00
უოტფორდი-ბორნმუთი 18:00
ვესტ ჰემი-მიდლსბრო 18:00

კვირა. 2 ოქტომბერი
მანჩესტერი-სტოკი 15:00
ლესტერი-საუთჰემპტონი 17:15
ტოტენჰემი-სიტი 17:15
ბარნლი-არსენალი 19:30

ბომბარდირები: 5 - სერხიო აგუერო (სიტი), დიეგო კოშტა (ჩელსი), მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი); 4 - ეტიენ კაპუ (უოტფორდი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ჰუნ-მინ სონი (ტოტენჰემი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი).

ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური
პარასკევი. 30 სექტემბერი
სოსიედადი-ბეტისი 22:45

შაბათი. 1 ოქტომბერი
გრანადა-ლეგანესი 15:00
სევილია-ალავესი 18:15
ოსასუნა-ლას პალმასი 20:30
დეპორტივო-სპორტინგი 22:45

კვირა. 2 ოქტომბერი
ვალენსია-ატლეტიკო 14:00
რეალი-ეიბარი 18:15
ესპანიოლი-ვილიარეალი 20:30
მალაგა-ბილბაო 20:30
სელტა-ბარსელონა 22:45

ბომბარდირები: 5 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუის სუარესი (ბარსელონა); 4 - რუბენ კასტრო (ბეტისი), ლიონელ მესი (ბარსელონა), ჟერარდ მორენო (ესპანიოლი), ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი).

გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტური
პარასკევი. 30 სექტემბერი
ლაიპციგი-აუგსბურგი 22:30

შაბათი. 1 ოქტომბერი
ბაიერნი-კიოლნი 17:30
ჰერტა-ჰამბურგი 17:30
ინგოლშტადტი-ჰოფენჰაიმი 17:30
დარმშტადტი-ვერდერი 17:30
ფრაიბურგი-აინტრახტი 17:30
ლევერკუზენი-დორტმუნდი 20:30

კვირა. 2 ოქტომბერი
ვოლფსბურგი-მაინცი 17:30
შალკე-გლადბახი 19:30

ბომბარდირები: 5 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 4 - იოელ პოჰიანპალო (ლევერკუზენი), ანტონი მოდესტე (კიოლნი), ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი).

იტალია. სერია A. VII ტური
შაბათი. 1 ოქტომბერი
პესკარა-კიევო 20:00
უდინეზე-ლაციო 22:45

კვირა. 2 ოქტომბერი
ემპოლი-იუვენტუსი 14:30
ატალანტა-ნაპოლი 17:00
ბოლონია-ჯენოა 17:00
კალიარი-კროტონე 17:00
სამპდორია-პალერმო 17:00
მილანი-სასუოლო 20:00
ტორინო-ფიორენტინა 20:00
რომა-ინტერი 22:45

ბომბარდირები: 6 - მაურო იკარდი (ინტერი); 5 - კარლოს ბაკა (მილანი), ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ანდრეა ბელოტი (ტორინო); 4 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტური
პარასკევი. 30 სექტემბერი
რენი-გენგამი 22:45

შაბათი. 1 ოქტომბერი
პსჟ-ბორდო 19:00
ლილი-ნანსი 22:00
დიჟონი-მონპელიე 22:00
ნანტი-ბასტია 22:00
კაენი-ტულუზი 22:00
მეცი-მონაკო 22:00

კვირა. 2 ოქტომბერი
ანჟერი-მარსელი 17:00
ნიცა-ლორიანი 19:00
ლიონი-სტ. ეტიენი 22:45

ბომბარდირები: 6 - ედინსონ კავანი (პსჟ), მევლუთ ერდინჩი (მეცი); ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 5 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი); 4 - მარიო ბალოტელი (ნიცა), მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი), ლუკას მოურა (პსჟ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული