ზლატან იბრაჰიმოვიჩი - შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეათედ!

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ზედიზედ მეათედ დასახელდა შვედეთის წლის ფეხბურთელად.

გასაკვირი არც გახლავთ, რომ 36 წლის თავდამსხმელმა "გულდბოლენი" (ანუ ოქროს ბურთი შვედურად) კვლავაც დაისაკუთრა. გარდა ამისა, მას და ჩვენ სასიხარულო ამბავიც გვამცნეს - იბრას სტოკჰოლმში, "ფრენდს არენასთან" ძეგლს დაუდგამენ.

იმ სტადიონთან, სადაც მან 2012 წელს ინგლისის ნაკრებს 4 გოლი გაუტანა. ასე რომ, ეიფელის კოშკს ნამდვილად არავინ გაუკეთებს დემონტაჟს იმისთვის, რომ იბრაჰიმოვიჩის ძეგლი დადგან, რასაც თავად იგი სანახევროდ ხუმრობით ითხოვდა, მაგრამ სამშობლოში მას ასეთ პატივს სიცოცხლეშივე დასდებენ.

"ეს ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან
ბევრს ნიშნავს. ადამიანების უმეტესობას ძეგლს არ უდგამენ, სანამ ისინი ცოცხლები არიან", - განაცხადა ზლატანმა.

"იბრაკადაბრა", 2007 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს შვედეთის წლის ფეხბურთელი ხდება. მან ეს ჯილდო 2005 წელსაც მოიგო, 2006-ში კი ფრედი ლიუნგბერგმა აჯობა.

სანაკრებო კარიერა იბრაჰიმოვიჩმა ევრო 2016-ის შემდეგ დაამთავრა. შვედეთის ნაკრების მაისურა მან 116-ჯერ მოირგო და 62 გოლიც გაიტანა.

"ჩემი 15-წლიანი სანაკრებო და 20-წლიანი საკლუბო კარიერის მერე ვგრძნობ, რომ მთელი ის შრომა, რომელიც გავწიე, დაფასდა. როზენგრადელ (მალმოს გარეუბანი - რედ.) ბიჭს დედაქალაქში თავისი ძეგლი ექნება. დიდი მადლობა ყველას" - დაამატა ბედნიერმა იბრაჰიმოვიჩმა.

"ეს ძეგლი არის სამადლობელი იმ ყველაფრისთვის, რაც იბრაჰიმოვიჩმა შვედური ფეხბურთის სასიკეთოდ გააკეთა და გარდა ამისა, ეს ძეგლი იქნება სიმბოლო და შეხსენება მისი მიღწევების, რომელიც სხვებისთვის სამაგალითოდ და შთაგონების წყაროდ უნდა იქცეს" - აღნიშნა შვედეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კარლ-ერიკ ნილსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული