საფეხბურთო საზოგადოება ელოდება, რომ ალექსანდერ ჩეფერინის მმართველობა მნიშვნელოვან ძვრებს დაუდებს სათავეს. საქართველოსთვის, როგორც უეფას ერთ-ერთი წევრისთვის, ევროპის საფეხბურთო ოჯახში მიმდინარე მოვლენები საინტერესო უნდა იყოს...
ორიოდ დღის წინ შვეიცარიულ ნიონში უეფას აღმასკომი შეიკრიბა და საყურადღებო გადაწყვეტილებები მიიღო. დადგინდა, რომ ევროპალიგის 2017/18 წლების სეზონის ფინალურ მატჩს ლიონის (საფრანგეთი) "პარკ ოლიმპიკი" უმასპინძლებს, რომელიც 59 186 მაყურებელს იტევს.
2018 წლიდან შეიცვლება ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყების დროები. იმ მიზნით, რომ
აღმასკომზე ითქვა, რომ ასოციაციის წევრი ყველა 55 ქვეყნის კლუბს ექნება ორივე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შესაძლებლობა. ის ჩემპიონები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდებიან, დამატებით შანსს მიიღებენ ევროპალიგის პლეი ოფებში "ჩემპიონების გზის" გავლით.
შეიცვლება კოეფიციენტების დარიცხვის სისტემაც. კერძოდ, ქვეყნებს აღარ დაემატებათ საფეხბურთო ასოციაციის რეიტინგის 20 პროცენტი, რაც მოსპობს უსამართლობას უფრო დაბალრეიტინგიანი ქვეყნების სასარგებლოდ. ამას გარდა, წილისყრისწინა განთესვისას, მხედველობაში მიიღებენ მხოლოდ უკანასკნელი 5 წლის შედეგებს, რაც გამორიცხავს ბონუსებს ძველი დამსახურებებისა და ტიტულებისთვის.
თუმცა საკლუბო კოეფიციენტი სხვაგვარად დაითვლება თანხების განაწილებისას. ამ შემთხვევაში, უეფა შეკრებს ბოლო 10 წლის შედეგებს და მიათვლის ტიტულებსაც, რათა პატივი სცეს კლუბების ღვაწლს ტურნირის წარმატებაში და ხელი არ შეუშალოს მათივე ბრენდების ცნობადობას.
უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინის წინადადებით, ევროპალიგა მიიღებს დამატებით 50 მილიონ ევროს ჩემპიონთა ლიგის ბიუჯეტიდან. ამას გარდა, იგივე ჩემპიონთა ლიგა კიდევ გამოჰყოფს 10 მილიონ ევროს სოლიდარობის ნიშნად იმ კლუბებისთვის, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპებზე ითამაშებენ.
აღმასკომმა დაამტკიცა ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქების დაწყვილების სქემაც.
იქნება დაახლოებით 5-6 შესაძლო ვარიანტი - სპორტული, გეოგრაფიული და, თუ საჭირო გახდა, პოლიტიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი წილისყრით 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაირკვევა.
რა არის ერთა ლიგა?
უეფამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ტურნირს - "ერთა ლიგას", რომლის ფინალური ეტაპი 2019 წლის 5-დან 9 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. აღმასკომმა დაადგინა "ერთა ლიგის" ფინალური ეტაპის მასპინძელი ქვეყნის შერჩევის კრიტერიუმი. ორგანიზატორი აირჩევა ოთხი ნახევარფინალისტისგან. მასპინძელმა ქვეყანამ უნდა წარადგინოს ორი სტადიონი არანაკლებ 30-ათასიანი ტევადობით, რომლებიც ერთმანეთისგან 150 კილომეტრით იქნება დაშორებული. ტურნირში მონაწილეთა განაცხადების მიღება 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის პირველი ტურნირის ორგანიზატორის ვინაობაც გაირკვევა.
ცოტა უფრო ვრცლად "ერთა ლიგის" ფორმატზე, რომელიც უეფამ 2014 წელს დაამტკიცა. 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში უეფას წევრი 55 ქვეყნის ეროვნული ნაკრები, იმავე უეფას რეიტინგის მიხედვით, ოთხ სხვადასხვა სიძლიერის დივიზიონში გადანაწილდება. პირობითად, ეს იქნება A, B, C და D ლიგები, თითოეულში 4 ჯგუფითა და 3 ან 4 გუნდით.
ამ ლიგებში პირველ-მეოთხე ადგილებზე გასული ნაკრებები "ერთა ლიგის" ფინალურ ეტაპზე მოხვდებიან, ხოლო დანარჩენები - ტურნირის მომდევნო გათამაშებაში ერთი ლიგით დაქვეითდებიან. ფინალური ეტაპის 4 საუკეთესო გუნდი ევრო 2020-ის დასკვნითი ტურნირის ოთხ საგზურს მიიღებს.
სწორედ ეს იქნება "ერთ ლიგის" მონაწილეთა მთავარი მოტივაცია. ზოგადად კი, ამ ტურნირმა ამხანაგური მატჩები უნდა ჩაანაცვლოს. ასე რომ, სპარინგებისთვის მეტოქეების ძებნა, რაც ყოველთვის პრობლემატური იყო საქართველოსთვის, თავსატეხი აღარ იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"