* 18 დეკემბერს ფინალში "კაშიმა ანტლერსი" და მადრიდის "რეალი" ითამაშებენ.
* "სამეფო კლუბის" წაუგებელი სერია 36 მატჩამდე გაგრძელდა.
* ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, "რეალი" მსოფლიოში სარეკორდო, 21-ე მსხვილ ტიტულს მოიგებს.
* კრიშტიანო რონალდომ საკლუბო კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა.
* მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელეს.
მადრიდის "რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ზინედინ ზიდანმა ძირითადი შემადგენლობა დააყენა და მისი გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას. კრიშტიანო რონალდომ ძელს გაარტყა ბურთი და სხვა მომენტებიც ჰქონდა, ისევე, როგორც ქარიმ ბენზემას.
საბოლოოდ, მაინც ამ ფეხბურთელებმა გაიტანეს. ფრანგმა ფორვარდმა ეს პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში შეძლო ტონი კროოსის პასით, ხოლო პორტუგალიელმა მატჩის მე-3 დამატებულ წუთზე შეაგდო და ასისტენტობა მას ხამეს როდრიგესმა გაუწია. რიკარდო ლა ვოლპეს "ამერიკამ" რაც შეეძლო გააკეთა, კარგად იბრძოლა და ინტრიგა ბოლო წამებამდე შეუნარჩუნა შეხვედრას, მაგრამ მექსიკური კლუბი სახიფათოდ ვერ უტევდა.
"გვახარებს მოგება და კარგი თამაშის ჩვენება. ადვილი შეხვედრა არ ყოფილა, "რეალთან" ყველა განსაკუთრებული შემართებით გადის მინდორზე, ჩვენ კი მუდამ მოგება მოგვეთხოვება, მიუხედავად იმისა, იქამდე 40 მატჩში ვიმარჯვებთ თუ 50-ში. ეს კლუბის მდიდარ ისტორიასა და სიძლიერეზე მეტყველებს, მაგრამ დამატებით ზეწოლასაც იწვევს. თუმცა ბიჭები მზად არიან, ჩვენ ამ ტურნირის მოგება გვსურს და ვეცდებით კიდეც ამის გაკეთებას" - თქვა ზიზუმ, რომლის გუნდის წაუგებელი სერიაც გრძელდება.
ლა ვოლპემ კი განაცხადა, რომ თავისი ფეხბურთელებით ამაყობს იმ თავდადებისთვის, რომელიც მათ გამოაჩინეს და ცოტაც უნდა გაგვმართლებოდაო. შეგახსენებთ, რომ მატჩამდე მექსიკელმა თქვა, რომ ზიდანს ხელს არ ჩამოართმევდა და არა უპატივცემულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ… ზინედინს ხელს თუ ჩამოვართმევ, მეშინია იმის, რომ დავითარსებითო.
ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება და "სამეფო გუნდი" იოკოჰამაში, "ნისან სტედიუმზე" "კაშიმა ანტლერსს" დაუპირისპირდება. იაპონურმა გუნდმა ნახევარფინალში კოლუმბიურ "ატლეტიკო ნასიონალს" აჯობა (3:0).
ამერიკა (მექსიკა)-რეალი (ესპანეთი) 0:2
გოლები: 0:1 ბენზემა (45+2), 0:2 რონალდო (90+3)
ამერიკა (5-3-2): მუნიოსი - ვალდესი, ალვარადო (54. გერერო), გოლცი, პაბლო აგილარი, სამუდიო - იბარა (62. კინტერო), უილიამ და სილვა, სამბუესა - პერალტა, რომერო (70. აროიო)
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - კაზემირო, კროოსი (72. როდრიგესი), მოდრიჩი - ლ. ვასკესი, რონალდო, ბენზემა (80. მორატა)
18 დეკემბერი
მე-3 ადგილისთვის
ამერიკა-ნასიონალი 11:00
ფინალი
კაშიმა-რეალი 14:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
09:50 16-12-2016
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 1/2-ფინალი: რონალდოს 500, "რეალის" 21? [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული