ევროუქმეების წინ: ესპანეთი 2017 წლამდე გვემშვიდობება

AutoSharing Option
ამ უქმეების მერე ლა ლიგა 6 იანვრამდე გვემშვიდობება; იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში საახალწლო შესვენებაზე გასვლამდე კიდევ ერთ ტურს შუა კვირაში ითამაშებენ; აი, ინგლისში კი...

როგორც სჩვევიათ, შობის მეორე დღესაც ტურია, ახალი წლის პირასაც და მისი დადგომის შემდეგაც ეგრევე. მოკლედ, პრემიერლიგაში არ ღალატობენ ტრადიციებს. ახლაც, სანამ მომავალ ტურზე ვილაპარაკებთ, წინაც უნდა ვახსენოთ, რადგან შუა კვირაში კუნძულზე მორიგი ტური იყო...

პრემიერლიგა: "ჩელსის" +6: მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი...
შუა კვირაში გამართულმა ტურმა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა - ზედიზედ 10 გამარჯვების შემდეგ
"ჩელსი" მთელი 6 ქულით გაიჭრა წინ. ლიდერის ამხელა უპირატესობა მიმდინარე სეზონში პირველად დაფიქსირდა. თუმცა ეს მხოლოდ ანტონიო კონტეს გუნდის დამსახურება არ არის - ამაში "ლურჯებს" ხელი შეუწყო "არსენალმაც", რომელიც "ევერტონთან" საგარეო მატჩში 1:2 დამარცხდა. 14 აგვისტოს შემდეგ ეს იყო "მეთოფეთა" პირველი მარცხი ჩემპიონატში და ასევე პირველი საგარეო ფიასკო 2016 წლის თებერვლის მერე.

რა თქმა უნდა, "ჩელსის" 6-ქულიანი უპირატესობა, ამ ეტაპზე, ვერ იქნება გადამწყვეტი, რადგან ჯერ მარათონის ნახევარიც არ არის გავლილი, მაგრამ არსებობს ერთი ასეთი დაკვირვება, რაც უთუოდ იმსახურებს ყურადღებას - იმ 7 გუნდიდან, რომელიც შობის დღესასწაულს პირველ ადგილზე შეხვდა, ექვსმა საბოლოოდ პრემიერლიგის ჩემპიონობას უწია და ოთხ შემთხვევაში ეს სწორედ "ჩელსიმ" მოახერხა.

ერთიც აღვნიშნოთ - კონტეს გუნდი მეათეა პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ მოიგო 10 და მეტი მატჩი. და სხვათა შორის, ეს ყველაზე მეტჯერ (3) სწორედ "არისტოკრატებმა" გააკეთეს.

"ლივერპულმა" მიდლსბროს "რივერსაიდზე" რომ გაიმარჯვა (3:0), ეს იყო პირველი შემთხვევა 2002 წლის შემდეგ და ამაში ფასდაუდებელია ადამ ლალანას წვლილი - ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის ანგარიშზე დუბლი და საგოლე პასია. სხვათა შორის, ლალანა ერთადერთი ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში, რომელმაც სამ სხვადასხვა მატჩში მოახერხა გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან გაუჭირდა "კრისტალ პალასთან" (ამ გუნდმა პრემიერლიგის ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ შეძლო კარის "მშრალად" შენახვა) საგარეო მატჩში, ისტორიულად, ეს გუნდი მისთვის უხერხული მეტოქე არასოდეს ყოფილა - ბოლო 15 დაპირისპირებიდან 12 მოუგო (პლუს 3 ფრე).

"სელჰარსტ პარკზე" გამარჯვების გოლი გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ვინც ბოლო ხუთ მატჩში 5 ბურთი შეაგდო, პოლ პოგბამ კი "იუნაიტედის" მაისურით პირველად მოახერხა ერთ მატჩში გოლისა და საგოლე პასის გაკეთება.

15 ოქტომბრის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის პირველი საშინაო მატჩი მოიგო (2:0 "უოტფორდთან"). ამ შეხვედრაში გოლის გემო გაიხსენა დავიდ სილვამ, ვინც ინგლისის ჩემპიონატში ბოლოს 2016 წლის იანვარში გამოიჩინა თავი. სხვათა შორის, იმავე სილვასა და იაია ტურესთვის ეს იყო მე-200 პრემიერლიგური მატჩი "მანჩესტერ სიტის" მაისურით.

"ტოტენჰემის" საშინაო გამარჯვებაში (3:0 "ჰალთან") ლომის წილი მიუძღვის კრისტიან ერიქსენს, ვინც დუბლი შეასრულა და ძალიან ახლოს იყო ჰეთ თრიკთან (ვიქტორ ვანიამამ სწორედ მის დარტყმულს დაამატა). 2013 წლის შემდეგ დანიელის ხელი "მამლების" 55 გოლში ურევია (28 გაიტანა, 27 საგოლე პასი გააკეთა). შემტევ ნახევარმცველებს შორის. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ედენ აზარს ("ჩელსი", 60) ჩამორჩება, ხოლო მესუთ იოზილთან ("არსენალი") ტოლ-სწორადაა.

პრემიერლიგა: პეპის და ვენგერის დაპირისპირება და მერსისაიდული დერბი
შუა კვირის ტურში პირველ 8 ადგილზე მყოფი კლუბიდან ყველამ მოიგო "არსენალის" გარდა. ამიტომაც ადვილად ვხვდებით, თუ რა მნიშვნელობის მატჩი გველოდება "ეტიჰადზე", რომლისგანაც კარგ სანახაობასაც ველით.

თუ "ჩელსიმ" ისევ მოიგო, ამ შეხვედრაში ფრე არც ერთისთვის იქნება დიდად მისაღები, ხოლო თუ რომელიმე დამარცხდა, საერთოდაც რთულ მდგომარეობაში ჩავარდება ჩემპიონობისთვის ბრძოლის მხრივ.

სათქმელია, რომ არსენ ვენგერის გუნდი ბოლო წლებში "სიტის" ძალიან კარგად ეთამაშება - უკანასკნელი 6 დაპირისპირებიდან "მეთოფეებს" 3 აქვთ მოგებული და 3 მატჩიც ფრედ დასრულდა. ახლა ხოსეპ გვარდიოლას ევალება ამ სერიის შეწყვეტა. ლონდონელთა ბანაკში კი ნერვიულობენ, რადგან წინა წლები ახსენდებათ და გუნდს ყოველთვის ამ პერიოდში ეწყება ხოლმე ჩავარდნა.

პეპს ისევ ფერნანდინიოსა და სერხიო აგუეროს გარეშე მოუწევს თამაში. ბრაზილიელი "ჩელსისთან" მატჩის მერე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ეს იქნება მესამე შეხვედრა, რომელსაც გამოტოვებს. არგენტინელს კი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 4-თამაშიანი დისკვალიფიკაცია არგუნა და მას "ბოქსინგ დეიზე" "ჰალთან" მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.

ამას ილქაი გიუნდოგანის ტრავმაც დაემატა და არც უკვე ქრონიკულად დაშავებული ვენსან კომპანი გვავიწყდება. დიდი ხნის განმავლობაში ლაზარეთში მყოფი ფაბიან დელფი ვისღა ახსოვს. "არსენალის" რიგებში შკოდრან მუსტაფი, დენი უელბეკი, სანტი კასორლა, მატიო დებიუში, აარონ რემზი და ჩუბა აკპომი არიან ტრავმირებულნი, მაგრამ რამდენიმე მათგანმა შესაძლოა, მომჯობინება მოასწროს.

Sportall.Ge

მერსისაიდული დერბი ყოველთვის გამორჩეული და განსაკუთრებულია და აბა, გამონაკლისი ამჯერად რატომ უნდა იყოს? ამ მატჩს ორივე გუნდი კარგ ხასიათზე ხვდება - "ლივერპულმა" გასვლაზე დამაჯერებლად იმარჯვა, ხოლო "ევერტონმა" "არსენალთან" რთულ საშინაო შეხვედრაში მოახერხა მოგება. ეს სამი ქულა რონალდ კუმანსა და მის ბიჭებს ახლა ჰაერივით სჭირდებოდათ და თუ "კანფეტებს" ოთხეულზე ფიქრი თავიდან არ ამოუგდიათ, ეს მატჩიც წარმატებულად უნდა ჩაატარონ და სულ ცოტა, არ წააგონ.

იურგენ კლოპისთვის კი მორიგი კარგი გამოცდა იქნება. "ენფილდის" ბინადრები ფილიპე კოუტინიოს გარეშე ეჩვევიან თამაშს, მაგრამ ახლა ყველაფერი ისე მარტივად არ იქნება, როგორც "რივერსაიდზე" "მიდლსბროსთან" იყო.

გავიხსენოთ ის, რომ უკანასკნელი 12 ურთიერთშეხვედრიდან "ევერტონს" "ლივერპული" არც ერთხელ არ დაუმარცხებია - 7 ფრე, 5 წაგება. ბოლოს "კანფეტებმა" თანაქალაქელს 2010 წელს სწორედ "გუდისონ პარკზე" მოუგეს (2:0).

"კლოპო", მინიმუმ, ახალ წლამდე ვერ დაიხმარებს ფილიპე კოუტინიოს. ბრაზილიელის გარეშე "ლივერპულის" შეტევა არც ისე უფერულად გამოიყურება, რადგან დივოკ ორიგი რობერტო ფირმინოსთან და სადიო მანესთან მშვენივრად შეთამაშდა, ადამ ლალანა კი ჩინებულ ფორმაში შევიდა.

"ევერტონს" დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი ფილ ჯაგიელკა არ ეყოლება და მის ადგილს ეშლი უილიამსის მეწყვილედ რამირო ფუნეს მორი დაიკავებს. მუჰამედ ბეშიჩი და იანიკ ბოლაზი კი საკმაო ხნით არიან დაშავებულნი.

სერია A: დიდი მატჩის მოლოდინში
სერია A-ს მე-17 ტურში სუპერმატჩია: ტურინში ერთმანეთის პირისპირ "იუვენტუსი" და "რომა" წარდგებიან. "ვეკია სენიორა" ლიდერია და უმთავრეს ან შესაძლოა, ერთადერთი კონკურენტს ეპაექრება სკუდეტოსთვის ბრძოლაში. შესაბამისად, როგორც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე 6 ქულა დევს. "იუვეს" შეუძლია, რომ უპირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდოს, ეს კი სოლიდური ფორაა; "რომა" კი შეეცდება, რომ ლიდერს "კუდზე დააჯდეს"...

"იუვენტუსს" ტრავმირებული თავდამსხმელები დაუბრუნდნენ და მასიმილიანო ალეგრი შეტევაში დიბალა-იგუაინის ტანდემს გაამწესებს. შესაბამისად, თადარიგში დარჩება მარიო მანჯუკიჩი, რომელიც არგენტინელების არყოფნაში ტურინელთა ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი იყო და საქმეს კარგად გაართვა თავი.

ალეგრი, სავარაუდოდ, 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს - დაცვაში ლიხტშტაინერს, რუგანის, კიელინის და სანდროს გაამწესებს, ნახევარდაცვაში სტურაროს, ხედირას და მარკიზიოს, ფორვარდთა უკან კი პიანიჩი იმოქმედებს. მართალია, "იუვეს" თავდამსხმელები დაუბრუნდნენ, მაგრამ გუნდს დაცვაში აკლია ორი წამყვანი ფეხბურთელი: ლეონარდო ბონუჩი და დანი ალვეში. სწორედ ამიტომ ძირითადში ლიხტშტაინერის და რუგანის გამოჩენას ველოდებით. კითხვის ნიშნის ქვეშაა ანდრეა ბარძალის თამაში და მისი ამბავი შესაძლოა, მატჩის დღეს გაირკვეს.

"რომას" ფრანჩესკო ტოტი და მოჰამედ სალაჰი დაუბრუნდნენ, თუმცა "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ორივე სათადარიოთა სკამზე იჯდება. სალაჰი ახალი გამოჯანმრთელებულია და მეორე ნახევარში თუ ჩაერთვება თამაშში; ტოტიმ კი გრიპი გადააგორა, სრულ მზადყოფნაშია, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, იშვიათად ხვდება სასტარტო თერთმეტეულში.

ლუჩანო სპალეტი 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს - დაცვაში რუდიგერს, მანოლასს, ფასიოს და ემერსონს ვიხილავთ, საყრდენ ხაზს დე როსი და სტროიტმანი გაამაგრებენ, შემტევი კვარტეტი კი ელ შაარავით, ნაინგოლანით, პეროტით და ჯეკოთი დაკომპლექტდება.

"რომამ" რომაული დერბი და "მილანთან" პაექრობა 3-5-2 ტაქტიკით მოიგო, მაგრამ როგორც ჩანს, სპალეტი "იუვესთან" ძველ სქემას დაუბრუნდება და ექსპერიმენტებს მოერიდება. თქმა არ სჭირდება, რომ "რომასთვის" უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩია - წაგება და ლიდერი 7 ქულით გაიქცევა, რამაც გუნდის პროგრამა-მაქსიმუმად შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა აქციოს. ამიტომ "რომა" შეაკვდება მეტოქეს.

ლა ლიგა: დერბი ბარსელუნი
მადრიდის "რეალი" ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და ასეთ დარჩება 2017 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ლა ლიგისთვის არ სცალია და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებასთან ერთ ნაბიჯშია. მას 6 ქულით ჩამორჩება "ბარსელონა", "სევილია" კი - 7-ით. ხორხე სამპაოლის გუნდს ძალზე საინტერესო ანდალუსიური დერბი ელის "მალაგასთან". აი, ლუის ენრიკეს "ბარსა" კი ტურის ცენტრალურ მატჩში "ესპანიოლს" მასპინძლობს. დიახ, "კამპ ნოუზე" ბარსელონური დერბია.

"დერბი ბარსელუნი" (კატალონიელები ასე ეძახიან) ყოველთვის დაძაბულია, იმის მიუხედავად, რომ ერთი გუნდი მეორეზე კლასით თითქმის ყოველთვის მაღლა დგას. "ესპანიოლი" ხომ დაარსებიდანვე ანტიბარსელონური (კლუბს ვგულისხმობთ და არა ქალაქს) გუნდი იყო. "ესპანიოლის" დამაარსებლები "ბარსას" უცხოელების გუნდს უწოდებდნენ. ურთიერთშეხვედრებში "ბარსას" თითქმის ასამდე მოგება დაუგროვდა, ხოლო ბოლო მატჩში "კამპ ნოუზე" (მე-200 დერბი) სულაც 5:0 გაანადგურა მეტოქე.

ახლა "ბარსას" არცთუ საუკეთესო დროება უდგას, რომელსაც კრიზისს ჯერ ვერ დავარქმევთ, მაგრამ კატალონიური გრანდის თამაშს აღფრთოვანებაში ვერ მოჰყავს მაყურებელი. "ესპანიოლი" 9 თამაშია, წაუგებელია. ის კი არა, მისმა გოლკიპერმა დიეგო ლოპესმა მხოლოდ ახლახან შეწყვიტა მშრალი სერია, იმდენად კარგ ფორმაშია. მოკლედ, კიკე სანჩეს ფლორესმა "ესპანიოლს" მწვრთნელის ხელი აშკარად დაატყო და ეს გუნდი სერიოზული მეტოქე იქნება "ბარსასთვის". "ესპანიოლს" "ბარსელონასთვის" 2009 წლის მერე არ მოუგია. ბოლო ხუთ მატჩში "კამპ ნოუზე" კი გოლთა სხვაობა მისთვის კატასტროფულია: 1:19.

"გუნდში ყველა მოუთმენლად ელის "კამპ ნოუზე" თამაშს, რომელიც არასოდეს არის იოლი. მხოლოდ შედეგიც არ არის, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ კარგი თამაშით, რომ ბოლო მატჩების წარმატება სულაც არ არის შემთხვევითობა", - განაცხადა დიეგო ლოპესმა "მარკასთან" ინტერვიუში.

"ბარსელონას", რომელმაც ახლახან ყატარული "ალ აჰლი" 5:3 დაამარცხა ამხანაგურ მატჩში, მხოლოდ ფრანგი მცველი ჟერემი მატიო აკლია. "ესპანიოლს" ტრავმირებული ჰყავს პაბლო პიატი, რომელმაც ამ სეზონში უკვე 5 გოლი გაიტანა და უფრო მეტი საგოლე პასიც გააკეთა, მაგრამ ექსვალენსიელი არგენტინელი ლიდერის თამაში დერბიში ბოლომდე გამორიცხული არ არის.

"ბარსელონა" თამაშს დიდებული სიახლით ხვდება, ლუის სუარესმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე განაახლა. მის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი ევრო ჩაიწერა!

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: ლიდერი აუტსაიდერთან
ამ და შუა კვირის ტურის მერე ყველაზე დიდი ხნით ბუნდესლიგა გვემშვიდობება, გერმანიაში ამ ტურის მერე 20 იანვრამდე შესვენებაა და ჯერ არ არის ცნობილი, თუ ვინ გახდება შემოდგომის ჩემპიონი. "ბაიერნი" და "ლაიპციგი" ქულა-ქულაში არიან. ამის დაწერა სეზონის წინ ცოტა უცნაური იქნებოდა, ახლა კი ფაქტია.

"ლაიპციგი" ბერლინის "ჰერტას" მასპინძლობს, რაც სატურნირო თვალსაზრისით, ტურის მატჩია - "ლაიპციგი" თუ მეორეადგილოსანია, დედაქალაქელებს მესამე პოზიცია უკავიათ. დებიუტანტები კვლავ იუსეფ პოულსენისა და ტიმო ვერნერის დუეტით შეუტევენ, სტუმრებს იულიან შიბერისა და ვედად იბიშევიჩის ტანდემის იმედი აქვთ.

ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი "ბაიერნი" სტუმრად ბოლოადგილოსან "დარმშტადტს" სტუმრობს და ბუნებრივია, აშკარა ფავორიტია, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ წინა ტურში (მაშინ) ლიდერმა "ლაიპციგმა" სწორედ (მაშინ) ბოლოადგილოსან "ინგოლშტადტთან" მატჩში წაიმტვრია კისერი.

კარლო ანჩელოტის თითქმის ყველა მწყობრში ჰყავს, თუ არ ჩავთვლით კომანს. არიენ რობენი და ფრანკ რიბერი, დიდი ალბათობით, კვლავ (მეორედ ამ სეზონში) ერთად იქნებიან სასტარტოში და ფლანგებიდან შეუტევენ მეტოქეს. მათ შორის თომას მიულერი განთავსდება, რომელმაც, როგორც იქნა (999-წუთიანი "შიმშილის" შემდეგ) გაიტანა პირველი გოლი ბუნდესლიგის ამ სეზონში, წინ კი რობერტ ლევანდოვსკი ითამაშებს, რომელმაც ახლახან განაახლა რეკორდმაისტერთან კონტრაქტი.

დღეს ბუნდესლიგაში ძალზე საინტერესო დაპირისპირებაა - ჯერაც წაუგებელი (ასეთი კი ტოპ-ქვეყნებში მხოლოდ "რეალი" დარჩა) "ჰოფენჰაიმი" მინი-კრიზისში მყოფ თომას ტუხელის "დორტმუნდის" წინააღმდეგ. სტუმრებს 10 (!) წამყვანი მოთამაშე აკლიათ - ბიურკი, ბარტრა, დურმი, გერეირო, პიშჩეკი, სოკრატისი, სუბოტიჩი, კასტრო, როდე და შაჰინი.

Sportall.Ge

ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური
შაბათი. 17 დეკემბერი
კრ. პალასი-ჩელსი 16:30
მიდლსბრო-სუონსი 19:00
სტოკი-ლესტერი 19:00
სანდერლენდი-უოტფორდი 19:00
ვესტ ჰემი-ჰალი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერი 21:30

კვირა. 18 დეკემბერი
ბორნმუთი-საუთჰემპტონი 17:30
სიტი-არსენალი 20:00
ტოტენჰემი-ბარნლი 20:00

ორშაბათი. 19 დეკემბერი
ევერტონი-ლივერპული 00:00

ბომბარდირები: 12 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 10 - სერხიო აგუერო (სიტი); 9 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 8 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), ედენ აზარი (ჩელსი), კრისტიან ბენტეკე (კრ. პალასი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტური
პარასკევი. 16 დეკემბერი
ალავესი-ბეტისი 23:45

შაბათი. 17 დეკემბერი
სპორტინგი-ვილიარეალი 16:00
ატლეტიკო-ლას პალმასი 19:15
გრანადა-სოსიედადი 21:30
სევილია-მალაგა 23:45

კვირა. 18 დეკემბერი
ლეგანესი-ეიბარი 19:15
ვალენსია-რეალი გადაიდო
დეპორტივო-ოსასუნა 21:30
ბარსელონა-ესპანიოლი 23:45

ორშაბათი. 19 დეკემბერი
ბილბაო-სელტა 23:45

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10- ლუის სუარესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - იაგო ასპასი (სელტა), ვილიან ჟოზე (სოსიედადი).

გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური
პარასკევი. 16 დეკემბერი
ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 23:30

შაბათი. 17 დეკემბერი
შალკე-ფრაიბურგი 18:30
მაინცი-ჰამბურგი 18:30
აუგსბურგი-გლადბახი 18:30
ვერდერი-კიოლნი 18:30
ლაიპციგი-ჰერტა 18:30
ვოლფსბურგი-აინტრახტი 21:30

კვირა. 18 დეკემბერი
დარმშტადტი-ბაიერნი 18:30
ლევერკუზენი-ინგოლშტადტი 20:30

ბომბარდირები: 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 11 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 8 - ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. გადმოტანილი მატჩი
ჯენოა-ფიორენტინა 1:0
გოლი: 1:0 ლაზოვიჩი (37)
ჯენოა (3-4-2-1): პერინი - იძო, ბურდისო, მუნიოსი - ლაზოვიჩი, ველოზო, კოფიე, ლაქსალტი (83. ორბანი) - რიგონი (90. ნიჩამი), ნინკოვიჩი (62. ოკამპოსი) - სიმეონე
ფიორენტინა (4-3-3): ტატარუშანუ - სალსედო, ასტორი, გონსალო, ოლივეირა (83. ილიჩიჩი) - ვესინო, ბადელი (88. ტელიო), სანჩესი - ბერნარდესკი, მილიჩი (53. კალინიჩი), სარატე
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 25-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9-7 (4-2); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 22 000

XVII ტური
შაბათი. 17 დეკემბერი
ემპოლი-კალიარი 18:00
მილანი-ატალანტა 21:00
იუვენტუსი-რომა 23:45

კვირა. 18 დეკემბერი
სასუოლო-ინტერი 15:30
კიევო-სამპდორია 18:00
ნაპოლი-ტორინო 18:00
პესკარა-ბოლონია 18:00
უდინეზე-კროტონე 18:00
ჯენოა-პალერმო 23:45
ლაციო-ფიორენტინა 23:45

ბომბარდირები: 12 - ედინ ჯეკო (რომა), მაურო იკარდი (ინტერი); 11 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 9 - ჩირო იმობილე (ტორინო), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 8 - მოჰამედ სალაჰი (რომა); 7 - ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა), ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ილია ნესტეროვსკი (პალერმო), იაგო ფალკე (ტორინო).

საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტური
პარასკევი. 16 დეკემბერი
ანჟერი-ნანტი 23:45

შაბათი. 17 დეკემბერი
გენგამი-პსჟ 20:00
ლორიანი-სტ. ეტიენი 23:00
მონპელიე-ბორდო 23:00
ტულუზი-ნანსი 23:00
რენი-ბასტია 23:00
კაენი-მეცი 23:00

კვირა. 18 დეკემბერი
ნიცა-დიჟონი 18:00
მარსელი-ლილი 20:00
მონაკო-ლიონი 23:45

ბომბარდირები: 16 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 10 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ალასან პლეა (ნიცა); 8 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული