ჩაშლილი ოსკარი - რატომ გადაიხვეწა ბრაზილიელი ჩინეთში

AutoSharing Option
25 წლის ასაკში ოსკარმა მიიღო ჩინური კლუბის მომხიბვლელი წინადადება და დათანხმდა მას. გამოდის, რომ ბრაზილიელმა ვერ აიწყო ევროპული კარიერა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელი თავად ქმნის თავის მომავალს, მაგრამ ამაში ოსკარს ყველაზე ნაკლებად თუ დავადანაშაულებთ.

2012 წლის სექტემბრის ერთ საღამოს ოსკარმა "სტემფორდ ბრიჯი" მოხიბლა. ამ კაფანდარა ბიჭმა ორი გოლი გაიტანა ჯიჯი ბუფონის კარში და მთლიანობაში, დიდებულად ჩაატარა ის მატჩი. ოსკარისგან მაშინ ასეთ გალა-წარმოდგენას არავინ ელოდა.

"ჩელსის" ეს გოლები მოსაგებად არ ეყო. სამაგიეროდ, დუბლი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ბრაზილიელი ნახევარმცველისათვის, რათა თავიდანვე მოეგო
პრეტენზიული ინგლისელი ჟურნალისტების გული. ოთხი წლის შემდეგ ანტონიო კონტე, ვინც მაშინ მოწონებით უცქერდა ოსკარის შოუს, ბრაზილიელის "ჩელსიდან" წასვლაზე თანხმობას იტყვის.

იმ სეზონში კი მატასთან და აზართან ერთად ოსკარი მართლაც დიდებულ "სამკუთხედს" ქმნიდა "ჩელსის" შეტევაში. "არისტოკრატებმა" ევროპალიგა მოიგეს. "ჩელსის" ქომაგები მიხვდნენ, რომ მათ წინაშე ნამდვილი ოსტატი იდგა. დე ბრუინისა და მატას გაყიდვის შემდეგ კი ცხადი გახდა - ოსკარი აზართან ერთად "არისტოკრატთა" ლიდერი უნდა ყოფილიყო.

თუ ოსკარის პარტნიორი ედენ აზარი თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა ამ ლიდერობისაკენ, ოსკარმა თავიდანვე აჩვენა ყველას, რა შეეძლო. ბრაზილიელზე უდიდესი იმედები მყარდებოდა. მან მათი გამართლება ვერ შეძლო. შეიძლება ეს იმათი პრობლემაა, ვინც იმედებს ამყარებდა და ავანსებს გასცემდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბრაზილიელს ყველანაირი მონაცემი ჰქონდა სუპერვარსკვლავობისათვის.

მაშინ, როცა ძველი პარტნიორების, მატასა და დე ბრუინის კარიერა თავისი გზით მიდიოდა, ოსკარი უფრო და უფრო უშინაურდებოდა "ჩელსის" სათადარიგოთა სკამს. მიმდინარე სეზონში ოსკარმა სულ ცხრაჯერ ითამაშა. ესეც სეზონის დასაწყისში, როცა კონტე ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო და მის ტაქტიკურ სქემას ლონდონურ გრანდში საბოლოო სახე არ ჰქონდა მიღებული.

ოსკარი თამაშგარეში დარჩა. ალბათ იმის გამო, რომ მინდვრის ცენტრში მოთამაშის კვალობაზე მას სიხისტე არ ეყო, შემტევებთან კი ამ ეტაპზე არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფმა უბრალოდ წააგო კონკურენცია.

ამ ეტაპზე ოსკარის სარფიანად გაყიდვა "ჩელსის" გეგმებში ნამდვილად შედიოდა. საკითხავი სხვა რამ იყო - დათანხმდებოდა თუ არა ოპტიმალურ საფეხბურთო ასაკში მყოფი ბრაზილიელი ჩინურ წინადადებას.

მას შეეძლო, "ჩელსიში" გაეგრძელებინა კარიერა და დაემტკიცებინა, რომ ძირითადში თამაში შეუძლია. შეეძლო, გადასულიყო სხვა სოლიდურ ევროპულ კლუბში. საამისო წინადადებები საკმარისად იყო. და მაინც, ოსკარმა ჩინური ვარიანტი აირჩია.

ოსკარი პირველი ფეხბურთელი არაა, ვინც მილიონებს ჩინეთში გაეკიდა. დროგბა, ანელკა, გრაციანო პელე, ჰალკი, ლავეცი... ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ერთი კია - ისინი ან უახლოვდებოდნენ ოცდაათს, ან სულაც კარიერის დასრულებისათვის ემზადებოდნენ. ოსკარი კი ჯერ 25 წლისაა.

ჩინეთში წნეხი არ არის. იქ ყოველდღე არ გჭირდება იმის დამტკიცება, რომ შენ ნამდვილად საუკეთესო ხარ. ორ თამაშში ერთხელ ოსკარი მოწინააღმდეგის ნახევარ გუნდს მოატყუებს და მას ეს დრიბლინგი კიდევ ორი თამაშის განმავლობაში ეყოფა.

"შანხაიში" მას შეუძლია, მოისმინოს დარიგებები ანდრე ვილაშ-ბოაშისგან და ბურთი გაათამაშოს თანამემამულე ვარსკვლავ ჰალკთან. ეს მშვიდ ცხოვრებას ნიშნავს ჩინეთში. კიდევ, კრიშტიანოზე მეტ ხელფასს.

ოსკარისთვის ფეხბურთი სამუშაო ყოფილა. ამ თემაზე მას არ უსაუბრია, მაგრამ თავის დროზე ისაუბრა "ტოტენჰემის" მცველმა ბენუა ასუ-ეკოტომ, ვინც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, სანაკრებო ასპარეზად კი წინაპრების სამშობლო, კამერუნი აირჩია.

"როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოვედი ინგლისში სათამაშოდ? მე აქ არავის ვიცნობ. არც ინგლისურად ვლაპარაკობ. ნამდვილ სიამოვნებას მე მაშინ ვიღებ, როცა ჩემს მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს საფრანგეთში. გვინდა თუ არა, ეს ჩვენი სამუშაოა და ჩვენ შემოსავლისათვის ვთამაშობთ.

როცა ჩემი ყოფილი გუნდის, "ლანსის" პრეზიდენტმა მე დამადანაშაულა იმაში, რომ ფულის გამო დავტოვე გუნდი, მე მას ვუთხარი, რომ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ფულის გამო არ თამაშობს. საკლუბო მაისურის ფერს მნიშვნელობა არ აქვს".

რა თქმა უნდა, ასუ-ეკოტოს მიერ გახმოვანებულ აზრში არის სიმართლის მოზრდილი მარცვალი, მაგრამ ჩვენ მაინც დავიტოვოთ იმედი, რომ ყველა ასე არ ფიქრობს. ჩვენი წერილის დასაწყისში დავწერეთ, რომ მომხდარში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ოსკარია.

მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ჩვენ ტრავმებს ვადანაშაულებთ. ტრავმებმა ოსკარი გატანჯა, მაგრამ მთავარი დამნაშავე მაინც მისი უდიდებულესობა ფული გვგონია.

გვეთანხმებით?

დოსიე
ოსკარ დოს სანტოს ემბოაბა ჟუნიორი
დაიბადა: 1991 წ. ამერიკანაში (ბრაზილია)
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
კარიერა: 2008-10 - სან პაულუ; 2010-12 - ინტერნასიონალი; 2012-16 - ჩელსი; 2017-დან - შანხაი
ბრაზილიის ნაკრები: 48 თამაში, 12 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული