საფეხბურთო მანიპულაციები: შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ფაქტია...

AutoSharing Option
გარიგებული თამაშები ფეხბურთის მოურჩენელი სენია. ვხედავთ, რომ ფიფა, უეფა, სხვა კონტინენტური კონფედერაციები და ეროვნული ასოციაციები გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ საფეხბურთო თაღლითობის წინააღმდეგ, მაგრამ მეტასტაზები იმდენად ღრმად არის წასული, რით დამთავრდება ეს ბრძოლა, ჯერ არავინ იცის.

არაკომერციული ორგანიზაცია "ფედერბეთის" გენერალური მდივანი ფრანჩესკო ბარანკი ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ უნდა გავშიფროთ ჩაწყობილი მატჩები მათემატიკური მეთოდებით...

...2012 წლის 4 აპრილს იორდან დინოვი ჩაჯდა თავის ავტომობილში და ბლაგოევგრადიდან (ბულგარეთი) სოფიისკენ აიღო გეზი. დედაქალაქში ჩასულმა მანქანა ბუდაპეშტის ქუჩის კუთხეში გააჩერა. ამ დროს, მის გვერდით მდგომი "სუბარუდან" გადმოვიდა
კაცი, ამოიღო პისტოლეტი და გამვლელთა თვალწინ, დღისით-მზისით, ხუთი ტყვია დაახალა დინოვს...

მალევე, ტელევიზიით გადაიცა ინფორმაცია, რომ სოფიის ცენტრში მოკლულია იატაკქვეშა ტოტალიზატორების ქსელის უმსხვილესი მეპატრონე, რომელსაც თან ჰქონდა ნაღდი ფული - 5 ათასი ევრო.

გამოძიების მსვლელობისას, დინოვის ახლობლები და ადვოკატები აცხადებდნენ, რომ შეურაცხმყოფელი იყო განმარტება - "იატაკქვეშა ტოტალიზატორების ქსელი", მაშინ, როცა "ფედერბეთის" გენერალური მდივანი ფრანჩესკო ბარანკი ამტკიცებს, რომ დინოვი იყო პირველი, ვინც გარისკა და პოლიციას აცნობა ჩაწყობილ მატჩებზე ბულგარულ ფეხბურთში.

დროთა განმავლობაში დინოვის საქმეზე პრესა და ტელევიზია სულ უფრო ცოტას ლაპარაკობდა - იმ მოტივით, რომ ეს საქმე ბნელით იყო მოცული, რომ გამოძიება ჩიხშია შესული და რაღაც ამდაგვარი. აქა-იქ ჰყვებოდნენ დანაშაულის ორგანიზატორთა კავშირზე პოლიციასთან...

- საქმის ვითარებას მივყავართ იქამდე, რომ იორდან დინოვმა პოლიციას უამბო ბულგარეთის ჩემპიონატში არსებულ გარიგებულ თამაშებზე, - ამბობს ფრანჩესკო ბარანკი, - მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ხალხისა და სისტემის წინააღმდეგ, ვინც ანგრევს ფეხბურთს.

* * *
უკვე ვთქვით, რომ "ფედერბეთი" არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის ოფისი განთავსებულია ბელგიაში. მიზანი კი ფრიად კეთილშობილური აქვს - დაიცვას ლიგები, კლუბები, ფეხბურთელები და საბუკმეიკერო კანტორები მაქინაციებისგან. საამისოდ, "ფედერბეთი" მათემატიკურ მეთოდებს იყენებს.

თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში ლამის ყველაზე ცნობილი მაქინატორი უილსონ რაჯ პერუმალი ("ლელომ" მასზე წერილი უკვე შემოგთავაზათ) ამბობდა, რომ სწორედ "ფედერბეთია" ("ბეთ რადართან" ერთად) ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისი, რომ 90-იან წლებთან შედარებით ჩაწყობილი მატჩების არეალი საგრძნობლად შეიზღუდა.

პარამეტრები, რომელიც ეხმარება "ფედერბეთს" მანიპულაციების გამოვლენაში, საკმაოდ მარტივია.

- ამ შემთხვევაში, ყველაზე საეჭვოა კოეფიციენტების არანორმალური ცვალებადობა, - ამბობს "ფედერბეთის" გენერალური მდივანი, - თან ისე, რომ ამ ცვალებადობაში არ ჩანს მათემატიკური ან სხვა რაიმე ლოგიკური საფუძველი. კიდევ ერთი მაჩვენებელია თამაშის მსვლელობის დროს სპეციალურ პოზიციებზე (გოლების რაოდენობა, ყვითელი თუ წითელი ბარათები და ასე შემდეგ) დადებულ თანხა, რომელიც სულ უფრო იზრდება...

* * *
2015 წელს "ფედერბეთმა" მოამზადა ანგარიში სხვადასხვა ტურნირის (ამხანაგური მატჩები, შვედეთისა და ბელგიის ჩემპიონატები, იტალიის სერია B) ანალიზის საშუალებით. აქ არის პირველი ფოტო, რომელიც ასახავს საეჭვო მატჩებს ევროპალიგის 2014/15 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე. დააკვირდით მეოთხე სვეტს - აქ არის მოცემული ის პოზიციები, რომელზეც დიდი ფული იდებოდა და კოეფიციენტებიც არაბუნებრივად მერყეობდა.

Sportall.Ge

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ, მაგალითად, უკრაინის ახალგაზრდული ლიგის მატჩებზე ჯამში იდება 15-დან 100 ევრომდე, მაგრამ არის დღეები, როცა იმავე ლიგაში ერთ რომელიმე პოზიციაზე ფსონი... 250 ათას ევროს აღწევს.

არის შემთხვევებიც, როცა კონკრეტულ თამაშზე თანხის ბრუნვა ას, ორას და სამასჯერაც კი იზრდება. ცხადია, "ფედერბეთი" აკვირდება ამ ყველაფერს და კიდევ ერთ სტრიქონს უმატებს თავის სკანდალურ ანგარიშში.

უკრაინის ახალგაზრდული ლიგა ვახსენეთ და, ბარანკი ამბობს, რომ ეს მაქინაციები არაფერია იმასთან შედარებით, რაც შვედეთში, იტალიასა და საბერძნეთში ხდება. იქ თანხის საეჭვო ბრუნვა მილიონობით ევროს აღწევს.

- მე დავინიშნე უკრაინული ფეხბურთის გენერალურ პროკურორად, - ამბობს ბარანკი, - "ფედერბეთს" შეთანხმება აქვს ესპანეთის ლა ლიგასთან, ასევე, იტალიის სერია B-სთან, ზოგიერთ იტალიურ კლუბთან და ცალკეულ საკალათბურთო ლიგებთან.

* * *
მეორე ფოტოზე თქვენ ხედავთ საკლუბო ამხანაგური მატჩების ჩამონათვალს, რომელთაგან ბოლო - განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. 2015 წლის 9 თებერვალს სისტემებმა დააფიქსირეს ფსონების ანომალური ზრდა "როსტოვისა" და "ულისესის" (სომხეთი) მატჩში 4 და მეტი გოლის გატანაზე. როგორც ხედავთ, თამაში 4:0 დასრულდა...

Sportall.Ge

ბარანკის თქმით, ფიქრი იმაზე, რომ მატჩების გარიგებაზე გადაწყვეტილებას კლუბების პრეზიდენტები იღებენ, შეცდომაა. ცხადია, არც უამისობაა, მაგრამ ხშირად ყველაფერი გაცილებით მარტივადაა:

- 95 პროცენტი მანიპულაციებისა ხდება კლუბების ჩარევის გარეშე. აქ ლაპარაკია ცალკეულ ფეხბურთელებზე, მათ აზარტულ მისწრაფებებზე... რა თქმა უნდა, ისეც ხდება, რომ მთლიანად გუნდიც მონაწილეობს ჩაწყობილ მატჩში, მაგრამ ეს მაინც იშვიათობაა. ჩვენ ვამოწმებთ ფსონებს და ვცდილობთ, გავაკეთოთ ისე, რომ თავად ფეხბურთელები ეხმარებოდნენ კლუბებსა და ლიგებს თაღლითობასთან ბრძოლაში, - ჰყვება ბარანკი.

* * *
"ფედერბეთის" გენერალური მდივნის თქმით, ამ შემოდგომაზე ფრიად საეჭვო მატჩები იყო რუსეთის პრემიერლიგაში, რომელთაგან ორმა განსაკუთრებულად "იყვირა" - ჯერ "ურალი"-"ტერეკი", ხოლო მერე "ურალი"-"როსტოვი".

- ეს იყო რუსეთის პრემიერლიგაში, მაგრამ აღმოჩნდა სხვა თამაშებიც ქვედა ლიგებშიც. აქ უნდა განვმარტო, რომ რაც უფრო მაღალია ლიგის დონე, მით უფრო მეტი ფულია საჭირო ამა თუ იმ თამაშზე მანიპულირებისთვის. რაც შეეხება "ურალი"-"ტერეკს", აქ სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ლაპარაკი მილიონობით ევროს ბრუნვაზე, რომელიც ჯამში 20-ჯერ მეტი იყო, ვიდრე საშუალოდ - რუსეთის პრემიერლიგაში.

- თქვენ მიიღეთ ეს მონაცემები. რა მოხდა მერე?
- გავუგზავნეთ წერილი რუსეთის საფეხბურთო კავშირს, რომელმაც საპასუხოდ ჩვენი ორგანიზაციის მაიდენტიფიცირებელი საბუთები მოითხოვა. გავუგზავნეთ "ფედერბეთის" ყველა საჭირო დოკუმენტაციაც. რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მადლობა გადაგვიხადა თანამშრომლობისთვის და იქვე განაცხადა, რომ ჯერაც იკვლევს "ურალი"-"ტერეკის" გარშემო არსებულ ვითარებას. ფეხბურთის ექსპერტებმა თავიანთი მოსაზრებები უკვე გამოთქვეს, ახლა ელოდებიან საბოლოო დასკვნას სამართალდამცავებისგან.

- თქვენს საქმიანობაში შეცდომას გამორიცხავთ?
- ზოგადად არა, მაგრამ ამ შემთხვევაში შეცდომა გამორიცხულია. აქ ყველაფერი ხელისგულზეა. ლუგანოს უნივერსისტეტთან ერთად ჩავატარეთ ტესტი ალგორითმის საფუძველზე, რამაც აჩვენა, რომ ხსენებულ მატჩში, რბილად რომ ვთქვათ, რაღაც ისე არ იყო...

- რა ტესტი იყო ეს?
- კოეფიციენტებისა და მათზე დადებული თანხების შედარება ამ კონკრეტულ და სხვა, ჩვეულებრივ მატჩებთან. მათემატიკურად, ეს ძალიან რთული გამოკვლევაა, თუმცა შედეგის შეფასება ძალიან მარტივია, იმდენად თვალსაჩინოა ანომალია.

- რაც შეეხება "ურალი"-"როსტოვის" მატჩს...
- ჩვენ ვაკვირდებოდით კოეფიციენტის მკვეთრ კლებას იმაზე, რომ მატჩში გავიდოდა ერთი გოლი, ასევე, დიდ ფსონს უშუალოდ ანგარიშზე - 1:0 "ურალის" სასარგებლოდ. ეს თამაში 30 ნოემბერს გაიმართა და, როგორც იცით, სწორედ ამ შედეგით დასრულდა.

* * *
საეჭვო კოეფიციენტების აღმოჩენისთანავე, "ფედერბეთის" ხელმძღვანელობა უკავშირდება კონკრეტული ფედერაციის მესვეურებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მატჩზე. ასეთ დროს უცნაური ამბებიც ხდება ხოლმე. მაგალითად, ხორვატიის ფრენბურთის ფედერაციამ მიიღო გაფრთხილება ერთ-ერთი შეხვედრის საეჭვო კოეფიციენტზე, რის შემდეგაც "ფედერბეთს" ასეთი პასუხი მისწერა - თანახმა ვართ, ჩავატაროთ გამოძიება, ოღონდ, 5 ათასი ევროს სანაცვლოდო...

"ფედერბეთი" თავის ეჭვებს ძირითადად ციფრებზე ამყარებს, რაც პოლიციასა და პროკურატურას არ აწყობთ. მათ გაცილებით მყარი და უტყუარი მტკიცებულებები სჭირდებათ და ესეც სრულიად გასაგებია.

- "ფედერბეთი" არ არის სასამართლო ორგანო, - აგრძელებს ბარანკი, - ჩვენი დასკვნები შეიძლება სასარგებლო იყოს გამოძიების საწყის ან ბოლო ეტაპზე. სხვათა შორის, ამ მხრივ ჩვენ ბევრ კრიმინალურ საქმეში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ ყველაზე სწორი გზა არის პრევენცია - ანუ დავეხმაროთ კლუბებსა და ლიგებს თაღლითების მოგერიებაში.

- ბუკმეიკერები უპრობლემოდ იძლევიან ინფორმაციას ფსონების მასშტაბებზე?
- ევროპელები უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, არადა, ადრე ისინიც გაჩუმებულები იყვნენ. ყველა ფიქრობდა, რომ სწორედ ბუკმეიკერები იყვნენ მთელი ამ უბედურობის წყარო. მაგრამ ეს დიდი შეცდომაა.

* * *
თქვენს წინაშეა რუქა, რომელზეც ჩანს საეჭვო მატჩების გავრცელების არეალი, საიდანაც ირკვევა, რომ დასავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილოეთ ნაწილში კარგად არ არის საქმე, ისევე, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. კვლავ "ფედერბეთის" ერთ-ერთ ხელმძღვანელს მოვუსმინოთ:

Sportall.Ge

- ჩაწყობილი მატჩები ყველგანაა, მაგრამ გააჩნია მასშტაბებს. თუ ავიღებთ ევროპას, აქ ყველაზე რთული ვითარებაა მალტაში, კვიპროსში, ალბანეთსა და ბულგარეთში, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაგიკვირდებათ და - კანადაში.

- არადა, აქამდე ცნობილი იყო, რომ კანადას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამართალდამცავი სისტემა ჰქონდა. ამ მხრივ უარესობისკენ შეიცვალა სიტუაცია?
- მოდით, შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში კორუფციის დონესა და ჩაწყობილი თამაშების რაოდენობას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.

15 წლის განმავლობაში ბევრი არ აღიარებდა, რომ საფეხბურთო მანიპულაციები ხრავდა სპორტის ამ შესანიშნავ სახეობას. ზოგს ეჭვი მაინც ჰქონდა, მაგრამ ბევრს ამ მაქინაციებზე არაფრის გაგონება არ სურდა. მაგრამ აი, აქ ვართ ჩვენ და ვებრძვით ამ ვირუსს... რაც შეეხება კანადას, ბუკმეიკერები ამ ქვეყნის ჩემპიონატს ნაკლებად სწყალობენ, მაგრამ როგორც კი ჩნდება კოეფიციენტები იქაური მთავარი ლიგის თამაშებზე, მაშინვე ვხვდებით გარიგების მცდელობას.

ახლა რასაც გეტყვით, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ფაქტია და შეგიძლიათ, პირდაპირ დაწეროთ - კანადაში, ალბანეთსა და მალტაში აღარ არის ფეხბურთი, მხოლოდ ჩაწყობილი მატჩებია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/99735-etcvoben-rom-saqarthvelos-dziudoisttha-nakrebis-yofilma-mtsvrthnelma-thavi-moikla.html
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაა გასაკვირი ვერ გავიგე, როსტოვი ვერ მოუგებდა ულისეს 4-0?
0
თუ გავიხსენებთ 1981 თბილისის "დინამო"-ს გასვლითი მატჩი ჰქონდა "ფეინორდთან",ხოლო მსაჯი იყო ავსტრიელი.ერთი კვირით ადრე ჩატარდა "ამხანაგური"მატჩი ავსტრიაში,ხოლო ავსტრიელმა მსაჯმა "დინამოს" და "ფეინორდის"მატჩში არ ჩაგვითვალა გატანილი გოლი,არ დაუნიშნა პენალტი შენგელიას წაქცევისთვის ფეინორდს,ხოლო პირველი გოლი ფეინორდმა გაგვიტანა მოგნილი პენალტით,ხოლო ჩაწყობები დიდი ხანია ტოტალიზატორებში!!!
datiko48
00:36 02-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული