გიორგი არაბიძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, არაბიძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის სანაკრებო მაისურს უსახსოვრებს. ფეხბურთელმა შემდეგი კითხვა მოიწონა: "უკრაინელი გოგონები გაიცანი უფრო ახლოს?"

მკითხველი:
- გამარჯობა. გილოცავ ნაკრებში წარმატებულ გამოსვლას. შენი აზრით, ვინ იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი?
- გიორგი ქინქლაძე.

მკითხველი:
- გიორგი, დიდი ხანია თვალს გადევნებ, როგორც "შახტარის" დუბლებში, ისე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების თამაშებისას და ლატვიასთან შენი ასეთი თამაში არ გამკვირვებია, რადგან
ვიცი, რომ ბევრად მეტის შესაძლებლობა გაქვს. როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მეტად განავითარო შენი ნიჭი და მსოფლიო დონის ფეხბურთი ითამაშო? წარმატებებს გისურვებ.
- შრომაა აუცილებელი. მიღწეულით ნამდვილად არ დავკმაყოფილდები.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიო. უკრაინის ნაკრებთან ერთად ალბათ დიდი შანსი გქონდა გეთამაშა დიდ ტურნირებზე, მაგრამ შენ მაინც საქართველო აირჩიე. გინანია თუ არა ეს გადაწყვეტილება?
- არასდროს მინანია და არც მომავალში ვინანებ. გადაწყვეტილების მიღებისას არც კი დავფიქრებულვარ.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. რომელი ქართველი ან უცხოელი ფეხბურთელი არის მისაბაძი შენთვის და რა არის შენი საფეხბურთო კარიერის მთავარი მიზანი?
- ერთ ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ, ბევრია ისეთი, ვინც მომწონს. მთავარი მიზანი კი, ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელის, ჩემიც დიდი ფეხბურთის თამაშია.

მკითხველი:
- რომელია ის საუკეთესო რჩევა, რომელიც შენთვის ოდესმე მოუციათ?
- ბევრი კარგი რჩევა მოუციათ, ვერ გამოვყოფ რომელიმეს.

მკითხველი:
- გიორგი, პირველ რიგში, გილოცავ სადებიუტო გოლს ეროვნულ ნაკრებში. შენ მიერ გატანილი გოლებიდან უმეტესობა საჯარიმო დარტყმიდან არის რეალიზებული. აპირებ თუ არა, შენი კვალი დატოვო, როგორც საჯარიმო დარტყმის შემსრულებელი და გატანილი საჯარიმო გოლებით გადაასწრო ჟუნინიოს?
- ვნახოთ, რა იქნება :)

მკითხველი:
- მოგესალმებით, გიორგი. გილოცავთ ნაკრებში წარმატებულ დებიუტს. რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში?
- ყველაფერს. მოედანზე საქართველოს ნაკრების მაისურით გამოსვლა ძალიან დიდი სიამოვნებაა.

მკითხველი:
- U19 ევროპის ჩემპიონატზე საქართველოში მოგიწევთ თამაში. თქვენმა წარმატებამ, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ქართული ფეხბურთის და ფეხბურთელების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებაში, რაც გაზრდის ფეხბურთის დაფინანსებას და გულშემატკივრების რაოდენობას ჩვენს ქვეყანაში. მაინტერესებს, თუ აცნობიერებთ ამ ყველაფერს U19-ის ფეხბურთელები და რას ეტყოდით იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ნებისმიერ სტადიონს გაავსებენ თქვენი თამაში სანახავად ევროპის ჩემპიონატზე?
- შემიძლია დაგპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ სტადიონზე მოსული გულშემატკივრის იმედების გასამართლებლად.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, წარმატებებს გისურვებ კარიერაში. როგორ ფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ "შახტარში" მცირე სათამაშო პრაქტიკა გაქვს, ხომ არ აჯობებს, ცოტა ნაკლებამბიციურ კლუბში გადახვიდე და უფრო მეტი დრო გაატარო მინდორზე?
- ახლა არ მსურს ჩემს მომავალზე საუბარი. ყველაფერი კარგად იქნება.

მკითხველი:
- მოგესალმებით, გიორგი. სამწუხაროდ, წლებია ქართველ ფეხბურთელებს სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ "შახტარის" ძირითად გუნდში მუდმივად მოხვედრა, ჩვენ კი გვსურს, რომ "შახტარის" დუბლებიდან მალე მთავარ გუნდში გიხილოთ. ამ კუთხით რა პერსპექტივას ხედავთ?
- ყველაფერი კარგადაა. ვფიქრობ, პირველ გუნდში თამაშს მალე დავიწყებ.

მკითხველი:
- გილოცავთ ნაკრებში წარმატებით გამოსვლას. როგორ ფიქრობთ, რა არის ფეხბურთში თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, რა მიმართულება გაქვთ დასახვეწი?
- ბევრი რამაა დასახვეწი. ჩემი ძლიერი მხარეებიც დასახვეწია. სამუშაო დიდია...

მკითხველი:
- როგორი იყო ნაკრების მაისურით გატანილი პირველი გოლის შემდგომი ემოცია?
- ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარი ემოცია იყო.

მკითხველი:
- ბოლო პერიოდში, ხშირად ვარჯიშობ "შახტარის" პირველ გუნდთან, მაგრამ თამაშით - დუბლებში. რატომ? ფონსეკას არ მოსწონხარ თუ რის გამო ხდება ეს?
- მწვრთნელს რომ არ მოვწონდე, პირველ გუნდთან ერთად არც მავარჯიშებდა. მთავარია, მწვრთნელთან კონფლიქტი არ მაქვს, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

მკითხველი:
- რომელია შენი საყვარელი კლუბი და რატომ?
- პატარაობიდან "მანჩესტერ იუნაიტედს" ვგულშემატკივრობ. მომწონს რაღაცით ეს კლუბი.

მკითხველი:
- უკრაინელი გოგონები გაიცანი უფრო ახლოს?
- რა თქმა უნდა. :)

მკითხველი:
- შენი თამაშის სტილს რომელი ფეხბურთელის თამაშს შეადარებდი?
- ალბათ, უფრო არიენ რობენს.

მკითხველი:
- "ვარსკვლავური სენის" ნაადრევად შეყრის გამო ჩვენი ფეხბურთელები უცხოელებთან შედარებით რთულად ვითარდებიან. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ფეხბურთელებს მცირე წარმატებაც აკმაყოფილებთ. შენ როგორი ხარ ამ კუთხით? მცირედი დაგაკმაყოფილებს?
- განვითარებაა საჭირო, მიღწეულით არ უნდა კმაყოფილდებოდნენ. სიმართლე უნდა ითქვას: საქართველოში ფეხბურთელი ვერ განვითარდება დღეს ისე, როგორც ევროპაში.

ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ეს ყველაფერი ვარსკვლავური სენის ბრალია. ფეხბურთელები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვინც მცირე წარმატებას არაფრად თვლიან, აგრძელებენ შრომას და ისინი, ვინც პირიქით, მცირედითაც კმაყოფილდებიან.

მე არ ვარ ის, ვისაც მცირე წარმატება დააკმაყოფილებს და გაჩერდება.

მკითხველი:
- არის თუ არა ნაკრებში თამაში განსხვავებული მოტივაცია?
- კი, რა თქმა უნდა. არა მარტო მოტივაცია, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, შენი ქვეყნის მაისურს რომ ატარებ, მის სახელს იცავ, ზურგს ამდენი ადამიანი გიმაგრებს... ნაკრებში არა შენთვის, არამედ იმ ქვეყნისთვის და იმ ხალხისთვის თამაშობ, ვისაც მართლა უყვარს ფეხბურთი და ვინც გულით გულშემატკივრობს საქართველოს.

მკითხველი:
- მაინტერესებს, ხომ არ გეგმავ ზაფხულში კლუბის გამოცვლას? ვარიანტები გაქვს?
- ვარიანტები მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ მსურს.

მკითხველი:
- რას ურჩევ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელით აპირებენ თამაშს? სამწუხაროდ, ასეთი არაერთია... ამას იმიტომ გეკითხები, რომ მსგავსი არჩევანის წინაშე შენც იდექი, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველო აირჩიე, ეროვნულ ნაკრებში ითამაშე და გოლიც კი გაიტანე...
- ეს მათი გადასაწყვეტია და მე ვერაფერს ვიტყვი. მე ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ქართველი ვარ და ამაზე საუბარი არც ღირს.

მკითხველი:
- კითხვის დასმა არ მინდა, უბრალოდ, მინდა გთხოვო, იმედები არ გაგვიცრუო და მაქსიმუმი დადე, უფრო მეტი ივარჯიშე, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ეიმედები და შენი ძალიან გვჯერა. წარმატებებს გისურვებ!
- დიდი მადლობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული