გიორგი დევდარიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
გიორგი დევდარიანი გორის "დილას" მთავარ მწვრთნელად ამ ზაფხულს დაინიშნა.

ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტის გუნდში მოსვლის დღიდან "დილამ" 5 ოფიციალური მატჩი ჩაატარა - ოთხი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე და ერთიც საქართველოს ჩემპიონატში ბოლნისის "სიონთან".

ხუთი შეხვედრიდან "დილამ" ხუთივე მოიგო, ევროთასებზე გოლი არ გაუშვია და ახლა, 22 აგვისტოს ევროპის ლიგის პლეი ოფში ვენის "რაპიდს" დაუპირისპირდება.

გიორგი დევდარიანი Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მკითხველი:
- აპირებს თუ არა გორის "დილა" ლეგიონერების ჩამოყვანას?
- ამჟამად ჩამოყვანილია ნიკა ფილიევი მოსკოვის ცსკა-
დან და ასევე, გიორგი ქვილითაია. მეტის ჩამოყვანას არ ვაპირებთ.

გენრი, 25 წლის:

- ბატონო გიორგი, მაინტერესებს, შეძლებთ თუ არა თქვენ, პირველ რიგში, და შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობა იმ ფეხბურთელების შენარჩუნებას, რომლებიც წარმატებით თამაშობენ? შეიძლება თუ არა, რომ "დილა" გახდეს სტაბილური გუნდი, რომელიც ყოველთვის ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს ყველას? კი იცით, საქართველოში გუნდები ხშირად ქრებიან.
- ეგ ყველაფერი დამოკიდებულია კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ეს შეუძლებელია.

რა ინფორმაციაც მე გამაჩნია გუნდის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩვენ გუნდის ბირთვის შენარჩუნებას რამდენიმე წლით ვერ შევძლებთ.

მკითხველი:
- ბატონო გიორგი, მაინტერესებს, რატომ არ თამაშობენ ჩვენი გუნდები შემტევ ფეხბურთს, რომელსაც, ჩემი აზრით, ყველგან დიდი შედეგი მოაქვს და რატომ არ ჩანს წესიერი ტაქტიკა... P.S. თქვენ ძლიერი ტაქტიკოსი ხართ და არ მიგულისხმიხართ.
- შემტევი ფეხბურთის თამაშს სჭირდება ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება და ძალიან სწრაფი ფეხბურთელები, რადგან როცა გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ის გუნდი მზად უნდა იყოს, რომ მისმა დაცვამ თამაში მეტოქის ნახევარზე დაიწყოს, თავისი კარიდან შორს, რასაც სჭირდება სწრაფი ფეხბურთელები და გარკვეული პიროვნული თვისებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენს გუნდებს არ გააჩნიათ იმიტომ, რომ არცერთ ქართულ კლუბს, გარდა "დინამოსი", გუნდის ხანგრძლივი ფიზიკური მომზადების შესაძლებლობა არ გააჩნია.

ნიკოლოზი, 25 წლის:
- მოგესალმებით, ბატონო გიორგი! გახლავართ თქვენი პირადი გულშემატკივარი და ინტერესით ვადევნებ თვალს თქვენს კარიერას. მაინტერესებს, რას ფიქრობთ დღევანდელი ფორმაციის ეროვნულ ნაკრებზე და მის სათამაშო ტაქტიკაზე. საერთოდ, თუ იკითხება რაიმე ტაქტიკა, გარდა ერთისა - 11 კაცი კარში?
- პირველ რიგში, დიდი მადლობა ჩემი პირადი გულშემატკივრობისთვის.

ყველას გვინდა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში უკეთესი იყოს. მე არ ვფლობ ინფორმაციას, რა ხდება ნაკრების შიდა სამზარეულოში და ამიტომ ჩემი პასუხი არ იქნება კომპეტენტური.

რიგითი გულშემატკივრის გადმოსახედიდან კი იმის თქმა შემიძლია, რომ მეც მინდა, ნაკრები უკეთეს ფეხბურთს თამაშობდეს, თუმცა ზუსტად რა ხდება ნაკრებში, რა პროცესები მიდის და რატომ ვერ ანახებს გუნდი სათანადო თამაშს, არ ვიცი.

გურამი, 20 წლის:

- მაინტერესებს, რა მოხდა "დინამოში", რატომ არ დაგაფასეს სათანადოდ, თქვენი წამოსვლა ერთეული ფეხბურთელების ბრალი იყო თუ სხვა პრობლემებიც იყო?
- არ მინდა, ჩემი წამოსვლის მიზეზი ვინმეში ვეძებო. ალბათ, პირველ რიგში, ჩემი ბრალი იყო, თუმცა იყო გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორებიც, რომლებზე საუბარიც შორს წაგვიყვანს. ჩემი იქ მისვლის პერიოდში არ იყო ჯანსაღი სიტუაცია და ძალიან ცუდ დროს მოვხვდი ცუდ ადგილას. იმ პერიოდში "დინამო" უკვე დამსგავსებული იყო ფსკერისკენ დიდი სისწრაფით მიმავალ გემს. ის უნდა დაჯახებოდა ფსკერს, რომ შემდეგ აღმასვლა დაეწყო და მაინცდამაინც ჩემ დროს დაემთხვა ეს ცუდი პერიოდი.

ალბათ, გარკვეულწილად მეც დავუშვი შეცდომები, რომლებმაც მე პირადად ბევრი მასწავლა, გამზარდა, როგორც პიროვნება და როგორც მწვრთნელი.

ირაკლი ბენდელიანი:
- ბატონო გიორგი, როგორც კაცი კაცს, ისე გკითხავთ: არის ღირსი საქართველო, რომ ეროვნული ნაკრები ჰყავდეს, მით უმეტეს, ყაზახეთთან მარცხის შემდეგ?
- საქართველო ნამდვილად ღირსია, რომ ეროვნული ნაკრებიც ჰყავდეს და ბევრად უკეთესადაც ცხოვრობდეს ქართველი მოსახლეობა. ეს პრობლემა მარტო ფეხბურთში არაა. ალბათ, ყველა ქართველმა მოქალაქემ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს, რადგან როდესაც ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, რომ ეს სპორტის სახეობა ცალკე განვიხილოთ.

ფეხბურთი არის ერის ცხოვრების ნაწილი და როდესაც სახელმწიფოში არც ერთი სფერო არაა გამართული, გასაკვირი არაა, რომ ფეხბურთიც ამ დონეზეა.

ვერც ერთი ადამიანი ვერ დამისახელებს სფეროს, რომელიც ისე გამართულად მუშაობს, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებსაც ვედრებით. ქვეყანას არ აქვს ეკონომიკა. კი, ახლა რაღაცა ლაგდება, მაგრამ ისიც არ ვიცით, დალაგდება თუ არა საბოლოოდ.

რომელი სფერო გვაქვს? მანქანათმშენებლობა, კინოინდუსტრია, მრეწველობა თუ მედიცინა? რა გვაქვს ისეთ დონეზე, რომ გაგვიკვირდეს, ფეხბურთიც რომ ასეთ ცუდ დონეზეა?! ფეხბურთიც არის ნაწილი ამ ჩამოთვლილი სფეროების. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ის ასეთ მდგომარეობაშია. ძალიან ვცდილობთ და ყველა ჩვენგანს გვინდა, რომ უკეთესად იყოს, თუმცა სინამდვილე მტკივნეული და მწარეა.

ეს რეალობაა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ. ქართული ფეხბურთი მაშინ იქნება გამართული, როდესაც დანარჩენი სფეროებიც უფრო გამართული იქნება, ვიდრე დღეს არის.

მკითხველი:
- რა არის თქვენი სამომავლო მიზანი, რეალურად რომელ ჩემპიონატში ისურვებდით მუშაობას ახლო მომავალში?
- ძალიან კი მინდა, რომ ბევრად უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ვიმუშაო, მაგრამ ჯერ ვთვლი, რომ არაფერი ისეთი არ გამიკეთებია და არ დამიმსახურებია, რომ ამხელა ამბიციები მქონდეს.

თუმცა სურვილის დონეზე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ნებისმიერ წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში.

ნიკა, 21 წლის:
- რომელ საფეხბურთო სპეციალისტ(ებ)ს ჰქონდა ან აქვს თქვენს საფეხბურთო მსოფლმხედველობაზე ყველაზე დიდი გავლენა? და გარდა ამისა, თუ საიდუმლო არ არის, რომელ საფეხბურთო გუნდს გულშემატკივრობთ?
- ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ ბრაზილიის ნაკრებს და "ბარსელონას". მომწონს შემტევი ფეხბურთი.

მწვრთნელებიდან გამოვყოფდი ხოსეპ გვარდიოლას და ჟოზე მოურინიოს. იურგენ კლოპს ვთვლი უძლიერეს სპეციალისტად. შეიძლება ითქვას, მათი ზეგავლენა გარკვეულწილად მაქვს, თუმცა ჩემი ბავშვობა ჩამოყალიბდა ნოდარ ახალკაცის ფონზე და იქიდან მოყოლებული, ნოდარ ახალკაცი იყო და ახლაც რჩება ჩემთვის ერთ-ერთ მისაბაძ მწვრთნელად.

მკითხველი:
- ძირითადად, რა უშლის ხელს ქართველ ფეხბურთელებს, გაიზარდონ და გახდნენ ტოპ-კლასის მოთამაშეები?
- მენტალიტეტი

მკითხველი:
- ბატონო გიორგი, ყველამ იცის, რომ თქვენ ძალიან ძლიერი ხართ. რატომ არ გნიშნავენ ნაკრების მწვრთნელად? ალბათ, ისევ მაგარი მაფიაა ფეხბურთში.
- ვერაფერს გეტყვით, მე არც ისე წარმატებული ფეხბურთი მაქვს ნათამაშები. 16-17 წლისა ვთამაშობდი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში, რის მერეც ბევრი მიზეზის გამო ფეხბურთის თამაში ვერ გავაგრძელე და ბევრი წელი კიდევ ფუჭად მაქვს დაკარგული.

ვთვლი, რომ ძალიან გეგმაზომიერად მიდის ჩემი, როგორც მწვრთნელის პროგრესი. ალბათ, ჯერ არ ვარ ღირსი, რომ ამხელა რამე ვიტვირთო, ხოლო თუ ვიქნები მაგის ღირსი, სიმართლეს, ნიჭიერებას და შრომას, მჯერა, რომ წინ ვერაფერი აღუდგება. არანაირ მაფიას არ ძალუძს, რომ ადამიანის გაკეთებული საქმე, რომელიც ნამდვილად ღირებულია და ფასეული, დამალოს და მიჩქმალოს.

გარკვეული ამბიციები მაქვს, თუმცა ცაშიც არ დავფრინავ და ვცდილობ, რომ ყოველი დღე განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს და თუ მივაღწევ ნაკრების დონეს, არ მგონია, რამემ ხელი შემიშალოს.

ზურაბ ქვებსკი:
- შემოთავაზების შემთხვევაში, დათანხმდებით თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე?
- არ მიფიქრია ამ თემაზე და კითხვასაც თავს ავარიდებ.

მკითხველი:
- ბატონო გიორგი, ნანახი მაქვს სურათი, სადაც თქვენთან ერთად არის რამდენიმე პირი და ასევე, მამა გაბრიელი. მაინტერესებს, რამდენად ხშირად გიხდებოდათ ურთიერთობა მამა გაბრიელთან და თუ შეიძლება გაიხსენოთ მასთან ურთიერთობის პერიოდი...
- 10 დღის განმავლობაში ვცხოვრობდი მცხეთაში, კერძოდ, სვეტიცხოველში. ეს იყო ერთ-ერთი ნათელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. იმ 10 დღის განმავლობაში, ძალიან ხშირად სვეტიცხოვლის წინამძღვარს გადავყავდით დედათა მონასტერში, სადაც მამა გაბრიელი ცხოვრობდა და ამ ხნის განმავლობაში მე ცოდვილს მქონდა ბედნიერება მამა გაბრიელთან შეხვედრის.

ძალიან ტკბილად და თბილად მახსოვს ყოველი დღე და წუთი, თუმცა ეს პირადულია და არ მინდა დანარჩენზე საუბარი.

მკითხველი:
- როგორც მახსოვს, თბილისის "თბილისში" მოღვაწეობის დროს გარკვეული პერიოდი თქვენს გუნდში ვარჯიშობდა ლევან კობიაშვილის ძმა არჩილ კობიაშვილი. საინტერესოა თქვენი აზრი, რატომ ვერ მოახერხა მან ფეხბურთელად ჩამოყალიბება და თუ შეიძლება გვითხრათ მის შესაძლებლობებზე ორიოდე სიტყვა?
- არჩილი ძალიან ცოტა ხანს იყო ჩემს გუნდში და იყო ძალიან პატარა ასაკის მაგ დროს. იმ კონკურენციაში მისი პატარა ასაკის გამო ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და მან თავად ჩათვალა, რომ სხვაგან უნდა გაეგრძელებინა კარიერა.

მერე ვეღარ მივადევნე მის განვითარებას თვალყური. ისეთი ახლო ურთიერთობაც არ მქონია მასთან, რომ ვისაუბრო და მის შესაძლებლობებსაც ისე კარგად არ ვიცნობ.

თბილისის "თბილისში" მაშინ ისე მოხდა, რომ 16-17 წლის ბავშვების სამი გუნდი მომიყვანეს. 27 აგვისტოს იწყებოდა თუ არ ვცდები ჩემპიონატი და 13 თუ 14 აგვისტო იყო, როცა მე დავინიშნე და ორი კვირის განმავლობაში 87 და 88 წლებში დაბადებული ბავშვებისგან, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ უმაღლეს ლიგაში თამაშის კი არა, ჭაბუკთა ლიგის გარდა არც არაფერი უთამაშიათ და ამ ჭაბუკთა ლიგის სამი გუნდიდან უნდა გამეკეთებინა ერთი უმაღლესი ლიგის გუნდი.

იმ პერიოდისთვის ვინც ჩავთვალე, რომ უფრო კარგად იყო მომზადებული, ის 18 თუ 22 ფეხბურთელი დავტოვე და მაგ დროისთვის არჩილი ვერ მოხვდა მათ რიცხვში. მერე როგორ გააგრძელა კარიერა, ვერ გეტყვით.

მკითხველი:
- ბატონო გიორგი, ფეხბურთელი, რომელიც გუნდიდან გაგირბით, ოღონდ რუსეთში, რომელიღაც ქვედა ლიგაში სათამაშოდ და იქაც კი არ იგებენ, უკან რაღატო იღებთ?
- თავიდან, რომ დავინიშნე გორის "დილაში", იყო გარკვეული პირობები, რომლებიც მე უნდა შემესრულებინა ან საერთოდ არ უნდა მივსულიყავი. იმ პირობებიდან კი ერთ-ერთი ის იყო, რომ ამ ფეხბურთელებს უნდა ჰქონოდათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მე ხელი არ უნდა შემეშალა.

იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ მოხვდებოდნენ სხვა გუნდში, მე ისევ უნდა მიმეღო ისინი. თუმცა ძირითადში დავაყენებდი თუ არა, შეთანხმებაში ნამდვილად არ ყოფილა. თუ ფეხბურთელი სჭირდება გუნდს, რომ გარკვეულ შედეგს მიაღწიოს, უნდა დააყენო ძირითადში. ჩემი თავის მტერი არ ვარ და იმ ერთი ფეხბურთელის გარდა, არის გუნდი, რომელსაც კარგი პარტნიორი სჭირდება მოედანზე.

მკითხველი:
- თქვენი აზრით, წელს ჩემპიონობისთვის "დინამოსთვის" წინააღმდეგობის გაწევას შეძლებთ?
- ჩემი აზრით, "დინამოსთვის" წინააღმდეგობის გაწევას შევძლებთ იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელებს შევინარჩუნებთ. ჩემპიონი ვინ გახდება, მაგას ტურნირი გვაჩვენებს, მაგრამ წინააღმდეგობას რომ გავუწევთ და ღირსეულად ვიბრძოლებთ, ეს "დინამოსთან" მატჩმაც აჩვენა და ჩვენ "დინამოსთან" არ წაგვიგია.

მკითხველი:
- ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რატომ მიდიან ქართველი ფეხბურთელები რუსეთის პირველ და მეორე ლიგებში? ფეხბურთი ხომ მარტო ფული არ არის.
- გეთანხმებით, რომ ფეხბურთი არ არის მარტო ფული, როცა ფეხბურთელი არის 18 ან 20 წლის; მაგრამ როცა ფეხბურთელი აღწევს გარკვეულ ასაკს და მას ოჯახი ჰყავს შესანახი და აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ქართული გუნდები ვერ ახერხებენ იმის უზრუნველყოფას, რომ ადამიანმა ის პირველი პასუხისმგებლობა შეასრულოს.

ჩემს მაგალითს გეტყვით. რა თქმა უნდა, მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ, მაგრამ ჩემთვის ჩემი ქვეყანა იწყება ოჯახიდან და ჩემი პირველი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, შვილები ჩემი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად გავზარდო, რასაც გარკვეული ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება.

თუ შენ ვერ გთავაზობს შენი ქვეყანა და შენი ჩემპიონატი რაღაც მინიმალურ საშუალებებს, რომ შენ შვილები ელემენტარული, გაზარდო, მაშინ ბუნებრივია, რომ უნდა წახვიდე იქ, სადაც შენი კარიერის ბოლო წლებში მოახერხებ იმას, რომ შენი ოჯახი შეინახო.

ფეხბურთი მალე მთავრდება, 34-35 წლის ასაკში ფეხბურთელი კარიერას ამთავრებს და მთელი ცხოვრება რომ ფეხბურთს შეალია და ყველაფერი გვერდზე ჰქონდა გადადებული და მარტო ფეხბურთიდან ელის რაღაცა უკუგებას, აბსოლუტურად მესმის მათი, თუმცა მირჩევნია, რომ უკეთეს გუნდებში მიდიოდნენ.

მკითხველი:
- ბატონო გიორგი, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი მცველი ბესიკ მიქიაშვილი. როგორ გაიხსენებდით ამ პიროვნებას და როგორ ფიქრობთ, ქართულ ფეხბურთში შექმნილი მძიმე გარემოც ხომ არ იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მან ფეხბურთზე ხელი ადრეულ ასაკში ჩაიქნია?
- ბესო მიქიაშვილს გავიხსენებდი, როგორც ერთგულ და ძალიან თბილ მეგობარს. ხშირად ვიხსენებ გულისტკივილით მასთან გატარებულ დროს. ის იყო უაღრესად ბრძოლისუნარიანი, კარგი მეგობარი და თანამებრძოლი.

ხელი რომ ჩაიქნია, ეს მარტო ფეხბურთის ბრალი არაა, არამედ იმ ყოფისა, რაშიც ყველა ვიმყოფებით.

მკითხველი:
- როგორ ფიქრობთ, ბატონო გიორგი, ხომ არ მოვიდა დრო კლუბებში ფსიქოლოგების აყვანისა? მაგალითად, ჩისკომ თქვა თავის ინტერვიუში, რომ ყველა ესპანურ კლუბს ფსიქოლოგი ჰყავს. რას იტყვით ამ საკითხზე და ხომ არ გეგმავთ, რომ ფსიქოლოგმაც მიიღოს მონაწილეობა გორის "დილას" წარმატებაში?
- სამი წლის წინ, ახალგაზრდულ ნაკრებთან მუშაობის პერიოდში, აქტიურად ვიყენებდი ერთ-ერთი საკმაოდ კარგი ქართველი ფსიქოლოგის დახმარებას, რომელიც დადიოდა ჩვენთან და საკუთარ სამუშაოს აკეთებდა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ფსიქოლოგი ძალიან მეხმარებოდა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.

როცა გავიდა გარკვეული პერიოდი, უსასყიდლოდ მის მომსახურებაზე თხოვნა მე თავად მომერიდა და რამდენჯერაც ეგ საკითხი დავსვი, რომ აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება-მეთქი, პასუხი გამცეს, რომ შენ თუ ფიზმომზადების მწვრთნელიც გჭირდება და ფსიქოლოგიც, მაშინ შენ რაღაში გვჭირდებიო. ზუსტად ასეთი იყო პასუხი, რის შემდეგაც მაგ თემაზე საუბარი ცოტა ხნით გადამადებინეს, თუმცა გეთანხმებით, რომ ეს ისეთივე აუცილებელია, როგორც ფიზმომზადების მწვრთნელი და ექიმი.

ნებისმიერ წამყვან საფეხბურთო ქვეყნის ფედერაციასა თუ კლუბს აქვს შტატი, სადაც ეს ფსიქოლოგები მუშაობენ და მუშაობენ ძალიან აქტიურად და პროდუქტიულად. ჩვენ, სამწუხაროდ, ასე გვესმის ფეხბურთი, რომ მწვრთნელი, რომელიც ითხოვს ფიზმომზადების მწვრთნელს და ფსიქოლოგს, მაშინ თვითონ რაღას აკეთებს.

მკითხველი:
- გამარჯობა! გაქვთ თუ არა გრანდი გუნდებიდან შემოთავაზება და თუ დათანხმდებით?
- გრანდი კლუბებიდან შემოთავაზება ნამდვილად არ მაქვს, თუმცა ერთ-ერთი საშუალო ევროპული გუნდიდან ამ ევროთასების პერიოდში ნამდვილად მქონდა შემოთავაზება.

გორის "დილასთან" გარკვეული ხანი თავს მოვალედ ვგრძნობ, რადგან "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ ყველა ბავშვთა მწვრთნელად მთვლიდა და დაცინვაც კი ატყდა, გორის "დილაში" ეს ვინ დანიშნეთო. ზუსტად ვიცი.

მამუკა ჯუღელს მინდა მადლობა გადავუხადო. ის ერთ-ერთი კაცია, ვინც ამ ქილიკს არ შეუშინდა და მენდო.

"დილამ" მომცა იმის საშუალება, რომ ამ ჩემი "კეთილი მსურველებისთვის" დამენახებინა, რომ მხოლოდ ბავშვთა მწვრთნელი არ ვარ. ამიტომ არ მინდა, კლუბიდან ისე წავიდე, რომ ეს ნაბიჯი სიკეთით არ გადავუხადო და ვეცდები, რომ ჩემი მუშაობა იყოს პროდუქტიული.

მკითხველი:
- ბატონო გიორგი, აქვს თუ არა კარგი მომავალი ილურიძესა და გორელიშვილს?
- გიორგი ილურიძეს, ჩემი აზრით, ძალიან დიდი მომავალი აქვს, გორელიშვილს კი აქვს ძალიან დიდი პიროვნული ხასიათის პრობლემები. თუ ის ამ ხასიათის პრობლემებს მოერევა, რა თქმა უნდა, მასაც შეუძლია, რომ კარგად ითამაშოს, მაგრამ ილურიძე ბევრად უფრო მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული და მშრომელი ბიჭი ჩანს.

გორელიშვილზეც გეთანხმებით, რომ არის ნიჭიერი, მაგრამ ბევრი მინახავს ასეთი ნიჭიერი, რომელიც თავისი ხასიათის გამო ვერ განვითარდა. მას ჰყავს ყველაზე დიდი მტერი - პირველ რიგში, საკუთარი თავის სახით.

მკითხველი:
- ძალიან მახარებს თქვენი წარმატებები, მრავალჟამიერ! რომ შემოგთავაზოთ "დინამომ" დაბრუნება, დათანხმდებოდით თუ არა?
-  პირველ რიგში, ის უნდა აღვნიშნო, რომ ის ვალდებულებები, რაც გამაჩნია გორის "დილასთან", უნდა მოვიხადო და მეორეც, აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ ისეთი პირობებით, რომელიც ჩემთვის იქნებოდა მისაღები და ამაში ვგულისხმობ დროს, რადგან ერთ და ორ თვეში გუნდი არ კეთდება.

დიახ, "დილაშიც" ორი თვეა, რაც ვარ, მაგრამ "დინამოსგან" განსხვავებით, როცა გორში მივედი, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს ვიცნობდი, შევხვდი მათ და უმრავლესობა მათგანი ჩემი გემოვნებით იყო შერჩეული; მქონდა დრო, მათთან მოსამზადებელი პერიოდი გამეტარებინა, ხოლო შემდეგ უკვე დაიწყო ჩემპიონატი.

თბილისის "დინამოში" კი მოხდა ისე, რომ ერთი ფეხბურთელიც არ მიმიყვანია, სამი დღე მქონდა მოსამზადებლად და დაიწყო ჩემპიონატი. აბსოლუტურად სხვადასხვა მოცემულობაა.

თუ მექნება დრო და ფუფუნება, რომ ის ფეხბურთელები ავირჩიო, რომლებიც ჩემს სქემაში ჯდებიან, რატომაც არა. "დინამო" მაინც ყველა ქართველისთვის საოცნებო გუნდია და ამაზე შეიძლება ფიქრი, ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო გიორგი! ნაკრების ხელმძღვანელებისგან ხშირად ისმის, რომ ნაკრების წარუმატებლობა გამოწვეულია ქართველი მესის არყოლით. ფიქრობთ თუ არა თქვენ იმას, რომ საქართველო განიცდის ტალანტების ნაკლებობას? მადლობა.
- ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ საქართველო ტალანტების ნაკლებობას განიცდის, თუმცა ეს ტალანტები ისევ და ისევ საკუთარი მენტალიტეტის გამო ვერ აღწევენ იმ წარმატებებს, რა წარმატებებსაც ჩვენ ველით.

ბევრი გუნდია, სადაც მესი არ არის, მაგრამ კარგ ფეხბურთს თამაშობს. აქ საქმე ისევ მენტალიტეტთან გვაქვს. ჩვენდა სამწუხაროდ, უმრავლესობა ქართველი ფეხბურთელებისა, რომლებმაც ძალიან კარგად დაიწყეს კარიერა, როგორც კი დატოვეს საქართველო, ვეღარ განვითარდნენ.

მკითხველი:
- ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ჩვენი ფეხბურთელები ნაკლებად არიან მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, რაიმე პატარა მიღწევის შემთხვევაში უფრო ხშირად ამით კმაყოფილდებიან და წინსვლას აღარ განაგრძობენ - ეს საქართველოში სპორტული აღზრდის პრობლემაა თუ ზოგადად, ეროვნული მენტალიტეტის თავისებურება?
- მე ფეხბურთში ვმუშაობ და არ მინდა გადავწვდე სხვა სფეროებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ მასწავლებლების გამოცდები ჩატარდა, სადაც 90 პროცენტი ჩაიჭრა. ამდენად, როცა მენტალიტეტზე ვსაუბრობთ, მენტალიტეტის შეცვლა ალბათ განათლების სფეროს პირდაპირი პრეროგატივაა.

ყველა ეს სფერო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, ერთმანეთთან კავშირშია და თუ რომელიმე მათგანი მოიკოჭლებს, ჩნდება მენტალური პრობლემები.

ახლა ფეხბურთელი, რომლის თვალსაწიერი BMW-თი იწყება და მთავრდება, იმ BMW-ის ყიდვის შემთხვევაში წურავს თავის მოტივაციას.

ადამიანს კი, რომელსაც წიგნთან ერთად საუკუნეებში უმოგზაურია სხვადასხვა გმირთან ერთად და შეუგრძნია ამ წიგნის საშუალებით უფრო დიდი ფასეულობა, ვიდრე BMW-ეა, ის არ დაკმაყოფილდება ავტომობილით.

ამიტომ მენტალიტეტი დაბადებიდან კი არ დევს ჩვენში. შეგვიძლია მაგალითები მოვიყვანოთ, ვინც ერთი BMW იყიდა და ხუთიც, მაგრამ ამაზე არ დაკმაყოფილდა. ეტყობა, იმათი სულიერი სამყარო ბევრად უფრო მდიდარი იყო და სხვა მოთხოვნები და მისწრაფებები ჰქონდათ. ამიტომ აქ ისევ ზოგად პრობლემებთან მივდივართ.

მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, საქართველოს ნაკრებს თუ შეუძლია ჯგუფში მესამე ადგილის მიღწევა და შენი აზრით, რა არის ამ ნაკრების მაქსიმუმი მოცემულ მომენტში?
- ვერ გეტყვით, არ ვიცი. მესამე ადგილამდე მიღწევა თეორიულად შეუძლია, როგორ არ შეუძლია, მაგრამ ასე კონკრეტულად არაფრის თქმა შემიძლია.

მთელი უბედურება ისაა, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდაზე ვამყარებდით იმედებს, რომლებმაც საკუთარი განვითარება შეაჩერეს. Aრადა, ამ დროს, ლოგიკურად, პირიქით უნდა ყოფილიყო. თამაშობდნენ საქართველოში, წავიდნენ საზღვარგარეთ და 10-ჯერ მეტი ხელფასი მიიღეს; წესით, 10-ჯერ უფრო მეტად უნდა ეშრომათ...

როცა ვკითხულობ სტატიებს ქართველ ფეხბურთელებზე, რას ამბობენ მათი მწვრთნელები მათ შესახებ, გული ისე მტკივა, გეგონება, ჩემს შვილზე წერდნენ. ეს ფაქტი ძალიან მწყინს და შემდეგ იგივე გვიბრუნდება ნაკრებში.

ქეცბაიაზე რომ ლაპარაკობენ, მესმის, ყველას განსხვავებული საფეხბურთო გემოვნება აქვს, მაგრამ ამ პრობლემების ერთ კაცში დაყვანა არ არის სწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იწყება აღზრდიდან და განათლებიდან, ამის შემდეგ მოდის ფეხბურთი. ფეხბურთელს თუ განათლება და სულიერი სამყარო არ აქვს, იმის ფეხბურთი BMW-სთან ერთად მთავრდება.

მკითხველი:
- მაინტერესებს, რას ფიქრობთ დაუსაქმებელ მწვრთნელებზე - გია ჭიაბრიშვილზე, გიორგი ყიფიანზე და გია გეგუჩაძეზე? რატომ არ იყენებენ მათ ქართული გუნდები?
- გია გეგუჩაძე, ჩემი აზრით, საქართველოში და ევროპაშიც ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია. მან იცის საკუთარი თავის ფასი და ისეთ გუნდებში, თუნდაც სადაც მე ვარ ახლა, ის მუშაობას არ დათანხმდება.

მას მინიმუმ 5-წლიანი გარანტია სჭირდება და აბსოლუტური კარტბლანში. მას აქვს იმის მოთმინება, რომ ამ ყველაფერს დაელოდოს და ცოტა ხანში მიხვდება ვიღაცა, რომ მისი ასე უქმად ჯდომა ფეხბურთისთვის ცუდია.

დიდი ხანი არც იქნება გია დაუსაქმებლად და ზუსტად ვიცი, რომ მალე რომელიმე კარგ და წარმატებულ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

რაც შეეხება ჭიაბრიშვილსა და ყიფიანს, ისინი ჩემი მეგობრები არიან და არ მგონია, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან დაუსაქმებლად.

მკითხველი:
- მოგესალმებით! ფასეულია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით: რატომ არ ენდობიან უმაღლესი ლიგის გუნდების ხელმძღვანელები თუ მწვრთნელები 21 წლამდე თუ 19 წლამდე ასაკის ეროვნულ ნაკრებში მოასპარეზე ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიოსა და ევროპულ საფეხბურთო ფორუმებზე ღებულობენ მონაწილეობას?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემს გუნდში, დანიურ "ოლბორგთან" მატჩში ითამაშეს 18 წლის გიორგი აბურჯანიამ და მიხაელ გორელიშვილმა. რუსთავის "მეტალურგთანაც" ძირითადში აბურჯანია იყო და საკმაოდ კარგად ითამაშა. იგივე კობახიძე, 20 წლისაა.

მე პირიქით, ვთვლი, რომ ახალგაზრდებს შანსი უნდა მიეცეთ თავის გამოჩენის და მათაც უნდა გვანახონ, მზად არიან თუ არა თამაშებისთვის. მე ვისაც ვენდე, იმან გამიმართლა და სადაც კი მიმუშავია, ყველგან ვცდილობდი, ახალგაზრდებისთვის თავის გამოჩენის საშუალება მიმეცა.

ალბათ, ფიქრობენ, რომ გამოცდილ ფეხბურთელებს უფრო მოკლე დროში შეუძლიათ შედეგის დადება, რომელსაც ისე სთხოვენ თავიანთი ხელმძღვანელები, რომ იმ შედეგის ვერმიღწევის შემთხვევაში უმუშევრებს ტოვებენ.

გელა ავდოიანი, 27 წლის:
- გორის "დილა" ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს თქვენი მოსვლის შემდეგ. რა არის ამის მიზეზი? იგივე "დინამოს" უფრო ბევრის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ "დილას" თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესია. როგორ ფიქრობთ, გორის "დილას" ასეთი თამაშის ხარისხი თქვენი დამსახურებაა? რის ხარჯზე შეიძლება "დინამომაც" ამ დონეს მიაღწიოს?
- გარკვეულწილად, ჩემი დამსახურებაც არის ის თამაში, რასაც გუნდი აჩვენებს. ამასთან ერთად, ეს კლუბის დამსახურებაცაა, რადგან იქ არიან ისეთი ფეხბურთელები თავმოყრილნი, რომ უთხრა, ტანკში შევარდიო, იქაც კი შემომყვებიან, იმდენად ჯანსაღი და კარგი პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელები არიან.

ზუსტად ეგ პრობლემა მქონდა მე "დინამოში" - ვერ მოვახერხე, ფეხბურთელები ჩემს ტალღაზე გადმომეყვანა. გორის "დილაში" კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა.

მე არ ვამბობ, რომ ყველაფერს ჩემი დავალებით აკეთებენ ფეხბურთელები, მაგრამ არსებობს გარკვეული ტაქტიკა და მონახაზი, რომელსაც ფეხბურთელები ასრულებენ. თუმცა ფეხბურთი იმით არის კარგი, რომ მოედანზე, გარდა მწვრთნელის დავალებებისა, შეგიძლია შენი შესაძლებლობებიც გამოავლინო.

როლანდი, 30 წლის:
- გამარჯობა, ბატონო გიორგი! გიფიქრიათ თუ არა, ან გქონიათ თუ არა მსჯელობა, რომ გუნდში ჩამოგეყვანათ ლეგიონერები, რომლებიც წარმატებულად ასპარეზობენ? მაგალითად: დავით თარგამაძე, სანდრო კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ა.შ.
- იმდენად, რამდენადაც იმ გუნდს, სადაც მე ვარ, ამის ფინანსები არ აქვს, ამაზე ფიქრი უტოპიაა. "დილას" რომ ჰქონდეს, ვთქვათ, "დინამოსნაირი" ფინანსური შესაძლებლობები, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ თუნდაც ჩამოთვლილი ფეხბურთელები ჩემს განკარგულებაში ყოფილიყვნენ.

მკითხველი:
- "დინამო"-"დილას" თამაშზე საშინელი მსაჯობა იყო, ნამდვილად იმსახურებდა "დილა" გამარჯვებას. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთონ, რომ მსაჯებმა ასეთი შეცდომები აღარ დაუშვან? წარმატებებს გისურვებთ.
- ალბათ, უფრო უნდა გამკაცრდეს ის სასჯელი, რომელიც არბიტრებისთვის არის განკუთვნილი გარკვეული დარღვევისთვის. თუ არის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, უნდა მისცენ 20-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და რომ ვერ წაიღებს ის კაცი სახლში შვილებისთვის ფულს, მერე დაფიქრდება და იმ შეცდომის დაშვებისას უფრო ყურადღებით იქნება; და თუ ეს შეცდომა არ იყო, არამედ განგებ გადადგმული ნაბიჯი, მაგაზეც დაფიქრდება, თუმცა მინდა ვიფიქრო, რომ ეს იყო შეცდომა.

ლაშა, 25 წლის:
- ბატონო გიორგი, თქვენს გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი ყოფილი "ამერის" მოთამაშეა. საერთოდ, ამ კლუბში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მათ შორის ერთ-ერთი - წინამძღვრიშვილი, რომლის კარიერაც ვერაფრით აეწყო. თუ გქონიათ სურვილი მისი შეძენის?
- რატი წინამძღვრიშვილის კარიერა ნამდვილად არ აეწყო. მე გუნდში დამხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც უკეთ არიან მომზადებულნი და ამიტომ წინამძღვრიშვილის გუნდში აყვანაზე არ მიფიქრია, თუმცა მას ვგულშემატკივრობ.

ბაჩო:
- გაუმარჯოს! ქორწილში თუ გითამადიათ? :) ან თუ გიწევთ ხოლმე თამადობა ქართულ სუფრაზე? :)
- ერთხელ მითამადია ქორწილში და ვერ დავიკვეხნი, რომ კარგი თამადა ვარ :)

მკითხველი:
- თვლით თუ არა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი უნდა შეიცვალოს და თუ ასეა, ამ შემთხვევაში თქვენ ვის აირჩევდით?
- უკომენტაროდ.

გიორგი, 22 წლის:

- თანამედროვეობის ტოპ 5 მწვრთნელი დაასახელეთ და 2-3 დიდი მწვრთნელების წიგნი, რომლებმაც თქვენზე დიდი გავლენა იქონია.
- ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ლობანოვსკის წიგნმა "დაუსრულებელმა თამაშმა". ეს მართლაც სამაგიდო წიგნია, რომელშიც არა მარტო ფეხბურთზეა საუბარი, არამედ წერია ბევრი ისეთი რამე, რაც ცხოვრებაში ახლაც მეხმარება.

რაც შეეხება თანამედროვეობის ტოპ-5 მწვრთნელს, ესენი არიან: ხოსეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიო, იურგენ კლოპი, ალექს ფერგიუსონი და იუპ ჰაინკესი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული