მალხაზ ჟვანიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
მალხაზ ჟვანიამ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ოფიციალურად 2013 წლის 6 დეკემბერს დაიკავა.

სპეციალისტმა, რომელმაც სახელი მარტვილის "მერანში" მოიხვეჭა, ჩეხი თავკაცი დუშან უჰრინი შეცვალა. მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ბევრმა ფეხბურთელმა "დინამო" დატოვა, თუმცა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ახალი მოთამაშეებიც დაიმატა.

საქართველოს ჩემპიონატში გამოცხადებული შესვენება მალხაზ ჟვანიამ სახეცვლილ კონტინგენტთან ერთად თურქეთში გაატარა, სადაც გუნდმა სრულფასოვანი შეკრება გაიარა.

როგორ ხვდება გუნდი სეზონის განახლებას?

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მკითხველი:
- მაინტერესებს, რატომ
გაუშვით ელგუჯა გრიგალაშვილი და ჯაბა დვალი, ისინი ხომ გუნდის ძირითადის ფეხბურთელები იყვნენ და თანაც, მათი შემცვლელები, ჩემი აზრით, მათი დონისები არ არიან...
- გრიგალაშვილთან დაკავშირებით სიტუაცია ცოტა გართულდა. ჩვენ გვინდოდა, რომ ის გუნდში ყოფილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მან თავად განაცხადა დარჩენაზე უარი. თავიდან ამჯობინა, საზღვარგარეთ წასულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. შემდეგ კი კლუბი და ფეხბურთელი ვერ შეთანხმდნენ, რომ გრიგალაშვილი "დინამოში" დარჩენილიყო.

რაც შეეხება დვალს, რაღაც მომენტში ჩავთვალეთ, რომ გუნდში ბევრი თავდამსხმელი დაგროვდა: ვუო, გოგა, მოდებაძე და ასევე, გვყავდა დვალი. ზუსტად იმ დროს ჯაბას კარგი ვარიანტი გამოუჩნდა. ამიტომ კლუბმა და დვალმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დაშორებოდნენ ერთმანეთს. იმედია, დვალი მომავალში ისევ "დინამოში" გააგრძელებს კარიერას.

მკითხველი:
- გამარჯობა! მე მაინტერესებს, აპირებთ თუ არა შემდეგ სატრანსფერო ფანჯრამდე რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას და ქართველ ლეგიონერებს დაიმატებთ თუ არა კიდევ უცხოეთიდან, თუნდაც ლატვიიდან, ლიტვიდან და ესტონეთიდან და დაბალი დონის ჩემპიონატებიდან კიდევ ხომ არ აპირებთ ფეხბურთელების მოყვანას?
-დაბალი დონის ჩემპიონატებიდან არავინ გადმოგვიყვანია და არც მომავალში ვაპირებთ.

ლუკა კუტალაძე:

- გამარჯობა! მარცვალაძე უკვე დაიმატეთ, გოჩა ხოჯავა არის უგუნდოდ - აპირებთ თუ არა ამ ფეხბურთელთან მოლაპარაკების გამართვას?
- ვფიქრობდით ამ თემაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

მკითხველი:

- მერებაშვილს გარემარბად მოიაზრებთ მხოლოდ თუ გამთამაშებლის ან უკან დახეული ფორვარდის პოზიციაზეც? დარკო გლიშიჩს შეტევის ფლანგზე უფრო პროდუქტიულად მიიჩნევთ? რამდენად კმაყოფილი ხართ მისი თამაშით?
- გიორგი მერებაშვილს გარემარბად მოვიაზრებ. მინდა მას უფრო გაუთავისუფლდეს სივრცეები და იმ სივრცეში დაიწყოს მუშაობა, თუმცა არაა გამორიცხული, შუაში დაიწყოს გამთამაშებლად თამაში. ეს უფრო მომავალი მატჩებიდან გამოჩნდება, სად უფრო პროდუქტიული იქნება მერებაშვილი.

გლიშიჩი შეტევის ფაზაში უფრო პროდუქტიულია და მისი თამაშით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ.

მკითხველი:

- ბატონო მალხაზ, როდემდე აპირებთ "დინამოს" სათავეში ყოფნას?
- სანამ "დინამო" ჩათვლის ამას საჭიროდ.

მკითხველი:

- ჩემპიონობის შემთხვევაში, ლიგაზე მოსახვედრად, აპირებთ თუ არა სერიოზულ გაძლიერებას?
- დიახ, ვფიქრობთ, გეგმაში გვაქვს. ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს და როცა შემდეგ ნაბიჯებს გადავდგამთ, შევხედავთ, თუ რა იქნება საჭირო და იმის მიხედვით გავძლიერდებით.

მკითხველი:

- როგორ ფიქრობთ, რა ამბიცია შეიძლება ჰქონდეს "დინამოს" დღევანდელი შემადგენლობით ჩემპიონთა ლიგაზე? რატომაა, რომ უკვე მეორე სატრანსფერო ფანჯარაა, "დინამო" შეკრების შემდეგ იმატებს ფეხბურთელებს?
- იყო გარკვეული პრობლემები. იყვნენ კონტრაქტიანი ფეხბურთელები, რომელთა კიდევ ერთხელ ნახვა და შეფასება გვინდოდა შეკრებაზე. აქედან გამომდინარე, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება ახალი ფეხბურთელების დამატების შესახებ.

ზუსტად ამან განაპირობა, რომ შეკრების შემდეგ დავიმატეთ ფეხბურთელები.

დღევანდელი გუნდი იწყებს შენებას და ნელ-ნელა გამოჩნდება, თუ რა შეუძლია გუნდს. ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე ვფიქრობთ და შემდეგ უკვე ვიფიქრებთ ევროტურნირებზე.

მკითხველი:

- რატომ გადაწყვიტეთ ლობჟანიძის მეორე გუნდში დაბრუნება?
- ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგიტომაც მოხდა მისი მთავარ გუნდში დაწინაურება, მაგრამ სამწუხაროდ, შეკრებაზე არ მიეცა ბევრი სათამაშო დრო და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაჰყოლოდა "დინამო 2"-ს, სადაც ითამაშებდა და უფრო მეტი პრაქტიკა ექნებოდა.

მკითხველი:
- გამარჯობა! მაინტერესებს, რატომ აირჩიეთ სათამაშო სქემა 4-3-3? ჩემი აზრით, "დინამოს" არ ჰყავს იმ დონის შემსრულებლები ნახევარდაცვაში, რომ ამ სქემით წარმატებას მიაღწიოს ევროსარბიელზე.

- ეს სამუშაო პროცესია და მივიჩნიე, რომ ეს სქემა "დინამოს" მოუხდებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ "დინამოს" ქომაგი ტექნიკური და ლამაზი ფეხბურთის მოლოდინშია. ზუსტად ეს გახლავთ მიზეზი. მომავალში ყველაფერი კარგად გამოჩნდება, არიან თუ არა ეს ნახევარმცველები შესაბამისი დონის.

მკითხველი:

- ბატონო მალხაზ, როგორც განაცხადეთ, აქცენტს გააკეთებდით ახალგაზრდა და ქართველ ფეხბურთელებზე, თუმცა გუნდს შეუერთდა ჰოლანდიელი იენსე და რამდენიმე 27 წელს გადაცილებული ფეხბურთელი. მაშინ რა იყო რეალურად მიზეზი "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელების გაშვების?
- რაც შეეხება იანსეს ჩამოყვანის მიზეზს, მოგეხსენებათ, შეკრებაზე გვყავდა კაკაბაძე და ხურცილავა, რომლებიც სამწუხაროდ, დაშავდნენ. მიზეზიც ზუსტად ეს იყო, მაგ დროს გუნდს არ ჰყავდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფეხბურთელი.
მეორე ტრანსფერს რაც შეეხება, ეს არის წარმატებული ქართველი ფეხბურთელი. ახალგაზრდებიც ნელ-ნელა უფრო და უფრო გამოჩნდებიან. გვყავს პაპუნაშვილი, ასევე ცინცაძე და სხვები. ამიტომ არ უარვყოფთ იმას, რაც ვთქვით.

მკითხველი:

- გამარჯობა, ბატონო მალხაზ! მაინტერესებს, დაინტერესდით თუ არა, რა მიზეზით იქნა რეხვიაშვილი უჰრინის მიერ მოკვეთილი გუნდიდან და თვლით თუ არა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო?
- ალბათ, იმ ადამიანმა რა გადაწყვეტილებაც მიიღო, სწორი იყო. მთავარია, რომ რეხვიაშვილი ამჟამად გუნდში გვყავს და მუშაობს, ისე, როგორც უნდა იმუშაოს. თავდადებულია და ძალიან კარგად აჩენს საკუთარ შესაძლებლობებს.

მკითხველი:
- გიორგი მერებაშვილის ტრანსფერზე დაყენება მისსავე გამოსაფხიზლებლად მოხდა თუ მართლა გსურდათ ამ ფეხბურთელის გაყიდვა?
- ალბათ, ორივე ერთადაა შერწყმული. მთავარია, რომ მერებაშვილი გამოფხიზლდა და მომწონს, ახლა რა მდგომარეობაშიც არის. ბევრს შრომობს და თუ ასე გააგრძელა, მალე ჩადგება ისეთ ფორმაში, როგორსაც მისგან გულშემატკივარი ელის.

მკითხველი:
- გაქვთ თუ არა თქვენი პირადი პროგრამა-მინიმუმი ევროასპარეზზე, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში თქვენ თავად დატოვებთ დაკავებულ თანამდებობას?
- მოდი, ასე ვთქვათ: ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. დასახული გვაქვს მიზანი. რაც შეეხება, დავტოვებ თუ არა გუნდს, ეს არის "დინამოს" ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი.

მკითხველი:
- შესაძლებელი რომ იყოს, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე კიდევ რომელ ფეხბურთელს დაიმატებდით ულაპარაკოდ?
- ამ ეტაპზე ყველა ის ფეხბურთელი დავიმატეთ, რომელიც გვსურდა.

მკითხველი:

- თვლით თუ არა, რომ რომელიმე ევროპულ გუნდთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება ძალიან წაადგებოდა "დინამოს", თუნდაც ფეხბურთელების გაცვლისა და სტაჟირების თვალსაზრისით, თუ ვერ ხედავთ ამის საჭიროებას?
- "დინამო" ისეთი კლუბია, რომელმაც თვითონ უნდა მიხედოს საკუთარ თავს და წარმატებას მიაღწიოს. თანამშრომლობას რაც შეეხება, ვფიქრობ, ჩვენი აკადემიის დონეზე ეს საჭიროა და ამ სახის კონტაქტები დღეს გარკვეულ ეტაპზე არსებობს კიდეც.

მკითხველი:
- აზერბაიჯანიდან რომ იყოს შემოთავაზება, კარგი ფინანსური პირობებით, წახვიდოდით თუ არა იქ სამუშაოდ?
- "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ვარ და ამიტომ ამაზე არც მიფიქრია.

მკითხველი:

- ბატონო მალხაზ, დაგვპირდით, რომ თბილისის "დინამო" წელს აუცილებლად ითამაშებს რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე...
- ჩვენც მაგიტომ ვშრომობთ, რომ მაგას მივაღწიოთ და ალბათ, ერთობლივად მივაღწევთ.

მკითხველი:

- მოგესალმებით! მაინტერესებს თქვენი აზრი იმ ახალგაზრდა ბიჭებზე, რომლებიც არიან თქვენს გუნდში: ცინცაძე, კაკაბაძე, პაპუნაშვილი. მოკლედ რომ დაახასიათოთ სათითაოდ და მოიაზრებთ თუ არა ამ ბიჭებს ძირითადის ფეხბურთელებად?
- ცინცაძეს, როგორც ხედავთ, უკვე უწევს თამაშები. შეკრებაზეც თითქმის ყველა თამაში ჩაატარა. ძალიან ნიჭიერი და განათლებული ფეხბურთელია. ამას დამატებული, 24 საათის განმავლობაში შეუძლია, თავდაუზოგავად იშრომოს, რაც პირველ რიგში, თვითონ გამოადგება. ვფიქრობ, დროა საჭირო, რომ ცინცაძე ოპტიმალურ ფორმაში ჩადგეს და ის საკუთარ პოზიციაზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

ასევე დადებითი შემიძლია ვთქვა პაპუნაშვილზე, რომელსაც გააჩნია განსხვავებული მოქმედებების შესაძლებლობა მოედანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად ნიჭიერი და თავისუფალი ფეხბურთელია. პაპუნაშვილი დროთა განმავლობაში კარგ ფეხბურთს ითამაშებს.

რაც შეეხება კაკაბაძეს, სრულად ვერ დავაკვირდით მის შესაძლებლობებს, რადგან შეკრებაზე ტრავმა მიიღო.

რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ისინი ძირითადის ფეხბურთელები გახდებიან.

მკითხველი:

- გამარჯობა, ბატონო მალხაზ! მაინტერესებს, ჩისკოს "დინამოსთან" კონტრაქტი რა ვადით აკავშირებს, აპირებს თუ არა კონტრაქტის გაგრძელებას გუნდთან და აპირებთ თუ არა მის გამოყენებას მომავალშიც?
- კონტრაქტი ჩისკოს სეზონის ბოლომდე აქვს. დღეს, რასაც ვუყურებთ, ჩისკო ძალიან მონდომებულია, ბევრს მოძრაობს მოედანზე და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ჩვენი ურთიერთობაც გაგრძელდეს.

მკითხველი:
- გამარჯობა! მაინტერესებს, რატომ დატოვეს კლუბი ლიდერებმა? უფრო სწორად, ის მაინტერესებს, თქვენ გაუშვით თუ თავიანთი ნებით წავიდნენ?
- დიახ, ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო.

მკითხველი:

- გამარჯობა, ბატონო მალხაზ! მაინტერესებს თქვენი აზრი "დინამოს" ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით კვეკვესკირზე, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია... რატომ ვერ ხვდება მთავარ გუნდში?
- ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, კვეკვესკირს უმაღლეს ლიგაში ეთამაშა, რომელიმე გუნდში, რომ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მიეღო და უფრო მეტად წარმოეჩინა საკუთარი თავი.
ამ ეტაპზე კვეკვესკირის ჩვენს გუნდში არ მოიაზრება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მას "დინამო 2"-ში ეთამაშა.

მკითხველი:
- გილოცავთ პირველ გამარჯვებას ოფიციალურ მატჩში! ხომ არაა ცნობილი, რამდენი ხნით გამოაკლდნენ გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ამ ეტაპზე ტრავმირებულები გვყავს მოდებაძე, კაკაბაძე, ხურცილავა, ასევე დაემატა პატრიკ ვუო, თუმცა გუშინ მსუბუქად ივარჯიშა და დღეს იმედია, უკვე ფორმაში იქნება. მოდებაძე "ჩიხურასთან" მატჩისთვის მზად იქნება, კაკაბაძე და ხურცილავა კი ორ კვირაში მწყობრში ჩადგებიან. გიორგი ლორიაც უკვე ვარჯიშობს.

მკითხველი:

- მაინტერესებს, გუნდის გაახალგაზრდავებას რომ აპირებდით, რატომ აღარ განახორციელეთ? დიასამიძე გადმოიყვანეთ, ათამაშებდით და ისევ აღარ გყავთ გუნდში. რა არის ამის მიზეზი, ეს ახალგაზრდები რომ ასე აბუჩად აიგდეთ?
- აბუჩად არავინ აგვიგდია. ჩვენთან არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც დაიმსახურეს "დინამოში" ყოფნა. დიასამიძესაც ჰქონდა ყველანაირი პირობა და შანსი, პირველ გუნდში მოხვედრილიყო, მაგრამ იყო გარკვეული მიზეზი, რის გამოც მეორე გუნდში გადავიყვანეთ. ალბათ, არ ეყო ის ფიზიკური მონაცემები, რაც სჭირდება "დინამოს".

მკითხველი:

- ბატონო მალხაზ, ჩემპიონობის შემთხვევაში გუნდს რა მიზანი ექნება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე?
- მიზანი ყოველთვის მაღალი იქნება. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული