დავით უსტიაშვილი: მთავარ მიზნამდე ერთი ნაბიჯი გვაკლია

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს დღეს, 23 ივლისს 20:30 საათზე ჩეხეთთან ნახევარფინალი ელის. ამ შეხევდრის მოგებული ევროპის 2012 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

თამაშისწინა ამბებზე მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მცირე ინტერვიუში ილაპარაკა.

- დანიასთან ტურნირის საუკეთესო მატჩი ითამაშეთ - შედეგიდან ასე ჩანს...
- შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ გამარჯვება დიდი მონდომების ხარჯზე მოვახერხეთ. ბულგარეთთანაც და დანიასთანაც სოლიდური სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მეტოქეთა გასატეხად მთელი ძალების მობილიზება დაგვჭირდა.

დანიას გამართული დაცვის წყალობით ვაჯობეთ. ამასთან ერთად, ჩვენი გუნდის წევრები წარმატებით
ესროდნენ, რაც წინა ხაზის აქტიურობის შედეგი იყო. პირველ ტაიმში დანიელებს მოხსნებში ვაჯობეთ, თუმცა მეორეში სტატისტიკა შეიცვალა. აღვნიშნავ, რომ ოქმში შეცდომები იყო, თორნიკე შენგელიას არაერთი მოხსნა დააკლეს, ასევე სხვებს...

- ტურნირზე მეორე მატჩის შემდეგ ინტერვიუში თქვით: ჩვენს გუნდს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს და კიდევ მოუმატებსო...
- ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს, გამოცდილებას კარგად ვიყენებთ და ყოველი მატჩიდან სწორი დასკვნები გამოგვაქვს.

- წინა შეხვედრებთან შედარებით თორნიკე შენგელია 35-40 ქულას ვეღარ აგდებს...
- მან დანიასთანაც დამაჯერებლად ითამაშა და 28 ქულაც მოაგროვა. თორნიკეს შედეგიანობამ ოდნავ იკლო, რაც ბუნებრივია. ყველამ გაიგო, რომ შენგელია ჩვენი გუნდის ლიდერია და განსაკუთრებულად მეურვეობენ. თითქმის ყოველთვის ორი კალათბურთელი იცავს, თორნიკეც გონივრულად იქცევა და გამოთავისუფლებულ თანაგუნდელს პასს არ უგვიანებს. მისმა შედეგიანმა გადაცემებმა იმატა, რასაც გუნდისთვის არანაკლები სარგებელი მოაქვს.

- რას იტყვით ჩეხეთთან მომავალ დაპირისპირებაზე?
- მთავარ მიზნამდე ერთი ნაბიჯი გვაკლია და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა A დივიზიონის საგზური მოვიპოვოთ. ჩეხეთი კარგი გუნდია, ჰყავს როგორც ტანმაღალი მოთამაშეები, ასევე დაბალანსებული უკანა ხაზი. საბრძოლველად ვემზადებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველო VS ჩეხეთი-74:72. გამარჯვება ბიჭებო!!!!
დევიდ აირონს
23:38 24-07-2011
0

სიახლეები პოპულარული