- მიზნად თავიდანვე მაქსიმუმი დავისახეთ - ყველას გვსურდა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ბიჭებს. ისინი გმირები არიან. ძალიან ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ, რომელიც A დივიზიონში გადასვლას იმსახურებდა.
- თქვენმა გუნდმა 6-ქულიანი ჩამორჩენა ბოლო 3 წუთში გააბათილა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. რას ფიქრობდით ბოლო წუთებში და რა უთხარით ბიჭებს?
- როცა ჩეხეთი 70:64 დაწინაურდა,
ერთადერთი მკაცრი დირექტივა, რაც მივეცი, ის იყო, რომ ჯარიმა არ აეღოთ, რამეთუ 4 გუნდური ფოლი გვქონდა და მეტოქე ყოველ პერსონალურს საჯარიმოდან ესროდა.
- გადამწყვეტ მომენტში თორნიკე შენგელიამ ლიდერის ფუნქცია გაამართლა...
- ჩეხეთი მთელს ტურნირზე ყველაზე ტანმაღალი გუნდი იყო. ბოლო მეოთხედში მათმა ცენტრმა, 215-სანტიმეტრიანმა ანდრეი ბალვინმა მეხუთე პერსონალური მიიღო. ამ ფაქტმა საქმე შეგვიმსუბუქა, შენგელია უფრო თამამად შედიოდა სამწამიანში და მისი შემჩერებელი არავინ იყო.
საბედნიეროდ, თორნიკემ ძალიან საჭირო ბურთები ჩააგდო, მისი წყალობით ბოლო წუთებში უპირატესობა მოვიპოვეთ. შენგელია არის ნამდვილი პროფესიონალი და ჩემი აზრით, ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე უნდა გახდეს.
არ მიყვარს ვინმეს გამორჩევა, რადგან მიმაჩნია, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ თორნიკე შენგელიამ ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მას კარგად აუბეს მხარი გუნდის დანარჩენმა წევრებმა.
- სხვათა შორის, ბოლო 5 წელიწადში საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა მეორედ მოიპოვეს A დიზივიონის საგზური და ორივეჯერ მთავარი მწვრთნელი თქვენ იყავით...
- ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ელიტის საგზური მოიპოვა. 2006 წელს, როცა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, ნაკრებში ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და ძლიერი კალათბურთელები თამაშობდნენ. როგორც ხედავთ, ახლაც კარგი თაობა გვყავს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"