კადეტები მაკედონიისკენ

AutoSharing Option
დღეს, 26 ივლისს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მაკედონიაში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს. პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი კადეტების მეტოქეები არიან ინგლისი, მაკედონია, რუმინეთი და ლუქსემბურგი.

მომდევნო წრეში საუკეთესო ორი გუნდი გავა. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კადეტთა ნაკრების მთავარი კონკურენტები ინგლისელები და მასპინძელი მაკედონელები არიან, თუმცა მწვრთნელის, გია კაზანჯიანის თქმით რუმინელებსაც კარგი გუნდი ჰყავთ და არც ლუქსემბურგის წინააღმდეგ შეიძლება მოდუნება.

B დივიზიონში მთლიანობაში 22 გუნდი მონაწილეობს. მათგან ელიტარული, A დივიზიონის საგზურს 2 საუკეთესო, ანუ ფინალში გასული გუნდები მიიღებენ.

* * *

გუშინ ”დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშის შემდეგ გავესაუბრეთ მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს.

- გუნდი რამდენად კარგად მომზადებული მიემგზავრება მაკედონიაში?
- 16-წლამდელთა ნაკრები საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატში ასპარეზობდა, რაც გუნდის შეთამაშებისთვის მეტად სასარგებლო იყო. B დივიზიონისთვის დასკვნითი შეკრება ივლისის დასაწყისში დავიწყეთ. გვსურდა უფრო ადრე შევკრებილიყავით, მაგრამ 16-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი გვიან დასრულდა. საერთო ჯამში გუნდის მომზადებით კმაყოფილი ვარ.

- ესტონეთსა და ფინეთში ოთხი საკონტროლო მატჩი ჩაატარეთ.
- 5 დღეში ოთხჯერ ვითამაშეთ. ფინეთთან ორჯერვე დავმარცხდით, ესტონეთს ერთი მოვუგეთ. ფინელებს ტანმაღალი და ძლიერი გუნდი ჰყავთ, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში დივიზიონის ერთ-ერთი ფავორიტები იქნებიან.

- ფიზმომზადებით რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?
- თვლი, რომ გუნდი ფიზიკურადაც სათანადო კონდიციებშია. როგორც აღვნიშნე, კადეტთა ნაკრები 18-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობდა და უფროსებს ტოლს არ უდებდა - ნახევარფინალში ვითამაშეთ.

- გუნდი რამდენად თანაბრადაა დაბალანსებული?
- სხვა თაობებთან შედარებით 16-წლამდელთა ნაკრებში შეკრებილი თაობა სიმაღლით არ გამოირჩევა. მეტოქეებს 210 სმ სიმაღლის კალათბურთელები ეყოლებათ, ჩვენ ასეთი ფუფუნება არ გვაქვს. სიმაღლეში ჩამოვრჩებით ჩვენი ჯგუფის ფავრიტებს მაკედონიასა და ინგლისს.

- რუსული კრასნოდარიდან დაიმატეთ უჩა გამრეკლიძე, რომელიც ესტონეთ-ფინეთშიც გამოსცადეთ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება მის შესახებ.
- უჩა ქუთაისელი ბიჭია, 2-3 წელია კრასნოდარში ცხოვრობს და იქაურ გუნდში თამაშობს. იგი წინა ხაზში ჩვენი გუნდის შეტევით პოტენციალს გააძლიერებს.

- თქვენი აზრით, რის ხარჯზე შეიძლება მიაღწიოს წარმატებას საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა?
- რადგანაც დაბალი გუნდი გვყავს, ჩვენი კოზირი სისწრაფეა. ასევე ბევრს ვმუშაობთ დაცვაზე, შესაძლოა, მოხსნებში ვინმემ გვაჯობოს, მაგრამ მწყობრი დაცვის ხარჯზე გამარჯვება არ უნდა დავანებოთ.

- მეტოქეთა შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?
- ზამთარში, თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე რუმინეთის ნაკრების თამაში ვნახეთ. კარგი გუნდია. შარშნდელი სეზონის შემდეგ 4-4 კალათბურთელი იგივე ჰყავთ ინგლისსა და ლუქსემბურგს. მაკედონიის ნაკრებზეც გვაქვს ინფორმაცია, თუმცა ყველაზე რთული სწორედ ამ გუნდთან თამაში იქნება, რადგან მაკედონელები მასპინძლები არიან.

- კარგია, რომ პირველი მატჩი ლუქსემბურგთან გაქვთ.
- საწყის შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ექნება. ვერ ვიტყვი, რომ ლუქსემბურგი ხელწამოსაკრავი გუნდია, თუმცა აუცილებელია შეჯიბრების გამარჯვებით დაწყება.

29 ივლისი
საქართველო-ლუქსემბურგი 16:30

30 ივლისი
ინგლისი-საქართველო 16:00

31 ივლისი
საქართველო-მაკედონია 21:00

1 აგვისტო
რუმინეთი-საქართველო 21:00


საქართველოს კადეტთა ნაკრები
უკანახაზელები: ზეზვა ლილუაშვილი (აკადემია), გიორგი დვალი (რუსთავი), ნუგზარ აბულაძე (ზაზა), თორნიკე ქიტოშვილი (რუსთავი).
ფორვარდები: საბა ჯაყელი (აკადემია), ნიკა ამირხანაშვილი (აკადემია), კახაბერ ტომარაძე (ჰიუნდაი), ალექსანდრე ბოლქვაძე (ჰიუნდაი), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (აკადემია), ბექა დარახველიძე (აკადემია),
ცენტრები: არჩილ პულუზაშვილი (ზაზა), უჩა გამრეკლიძე (კრასნოდარი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული