საქართველო-პორტუგალია 57:61
16:14, 16:14, 12:17, 13:16
საქართველო: ჩოჩია (15 წთ, 3ქ, 2პ), რამიშვილი (9 წთ, 1ქ), ბურჯანაძე (32 წთ, 12ქ, 10მ), კვანტალიანი (13 წთ, 2ქ), ლოლიშვილი (22 წთ, 2პ), მიქელაძე (29 წთ, 8ქ, 4მ, 4პ), ლობჟანიძე (18 წთ, 4ქ, 7მ, 3პ), ცირეკიძე (35 წთ, 20ქ, 7მ, 2დ), როგავა (11 წთ, 2ქ, 2პ), გრძელიძე (16 წთ, 5ქ).
პორტუგალია: გროსო (7ქ, 10მ), კალენბახი (23ქ), ვენტურა (10ქ, 6მ, 5პ), გალინა (7ქ, 8მ)...
ზედიზედ მეორე მატჩია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები 61
მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და წინასწარ ცხადი იყო, რომ გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებს უნდა გაერკვია. სირენამდე 2:53 წუთით ადრე ბურჯანაძემ სამქულიანი ჩააგდო და ტაბლოზე წყვილი ანგარიში დააფიქსირა - 55:55. მატჩის დასრულებას 2:01 წუთი უკლდა, რომ ცირეკიძემ ანგარიში კვლავ გაათანაბრა (57:57). 38-ე წუთიდან მოყოლებული ქულებს მხოლოდ ერთი გუნდი ითვლიდა - პორტუგალიელებმა 4 ქულა ჩააგდეს და, როგორც გითხარით, 61:57 გაიმარჯვეს.
მეტოქემ მოხსნებშიც გვაჯობა (47:42) და რეალიზებულ სამქულიანებშიც (8:4). შესაბამისად, ქართველთა წაგებას ალოგიკურს ვერ ვუწოდებთ. თუმცა, ერთ მნიშვნელოვან ფაქტს უნდა მივაქციოთ ყურადღება: დივიზიონში პირველი მატჩის წაგებამ ჭაბუკებზე იმდენად ცუდად იმოქმედა, რომ ჩემპიონატისთვის სათანადოდ განწყობა ჯერაც ვერ მოახერხეს. არადა, მეტი რომ შეუძლიათ, მასპინძელი ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩშიც გამოჩნდა, რომელიც ჩვენმა გუნდმა კარგად ჩაატარა და ბოლო წამებზე დამარცხდა.
ფსიქოლოგიური ფონი რამდენად მნიშვნელოვანია, ამაზე ახალგაზრდული ნაკრების შედეგიც მეტყველებს: ყველა ერთხმად აღიარებს, რომ 20-წლამდელი ესტონელების ძლევის შემდეგ თავდაჯერება შეემატათ და დარჩენილი მატჩები ხალისიანად ჩაატარეს. თუმცაღა, გახსნის მატჩში 20-წლამდელებსაც გაუჭირდათ - აუტსაიდერმა შვეიცარიამ ძალიან ანერვიულა.
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელებმა ჩემპიონატის პირველი შეხვედრა უნგრეთთან დიდი სხვაობით წააგეს და მას მერე საკუთარი თამაშის პოვნა უჭირთ.
გუშინ, 28 ივლისს პორტუგალიასთან ქართველთაგან მხოლოდ ორმა კალათბურთელმა გადალახა ათქულიანი ნიშნული: ბურჯანაძემ 12 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა, ხოლო ცირეკიძემ 20 ქულა და 7 მოხსნა.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს დღეს, 29 ივლისს 20:15 საათზე ჩაატარებს. მისი მეტოქე ქვეჯგუფში ჯერაც დაუმარცხებელი ბელგია იქნება. თუ ეს შეხვედრა საქართველომ მოიგო, ხოლო პარალელურად ინგლისმა ლუქსემბურგთან დათმო, ჩვენი ბიჭები ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებენ და მეცამეტე ადგილისთვის მატჩში G ჯგუფის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდებიან. ბელგიასთან წაგების შემთხვევაში კი ქართველებს მეთხუთმეტე ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა.
გუნდი თ მ წ ქ
1. პორტუგალია 4 3 1 7
2. ბელგია 2 2 0 4
3. ინგლისი 3 1 2 4
4. საქართველო 3 1 2 4
5. ლუქსემბურგი 2 0 2 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"