20-წლამდელებმა მონტენეგროსთან გმირულად იბრძოლეს და 1 ქულით დამარცხდნენ

AutoSharing Option
მიუხედავად დამარცხებისა, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს შორის თავისი სიტყვა ეთქმის.

დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გმირულად ითამაშა მონტენეგროს წინააღმდეგ და დაძაბულ ბრძოლაში - 82:83 დამარცხდა.

გმირობა იმიტომ ვახსენეთ, რომ მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, ქართველების წარმატებაზე ფიქრი ძნელი იყო. ექსიუგოსლავიელებმა პირველი მეოთხედი 26:7 მოიგეს, ხოლო მეორე პერიოდში 31:9 დაწინაურდნენ.

ასეთ კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩენილმა საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემობრუნება მოახერხა და მატჩის მოგებაც თავისუფლად შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში აღარ გაუმართლა.

სასტარტო ჩავარდნის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მომდევნო სამივე მეოთხედი მოიგო: 25:14,
24:21 და 26:22. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მონტენეგრო 72:62 იგებდა, მაგრამ დუდა სანაძის, ბექა ბურჯანაძის, მერაბ ბოქოლიშვილისა და ჩვენი ნაკრების დანარჩენი წევრების შეუპოვრობით საფინალო სირებამდე 1:15 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა - 78:78.

ქართველებს დაწინაურებაც შეეძლოთ. მონტენეგროელმა მარკო მუგოსამ, რომელიც საბოლოოდ 22 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, სამქულიანი ააცილა. საფინალო სირებამდე 46 წამით ადრე ბექა ბურჯანაძემ შორი სროლით სცადა თავისი გუნდის დაწინაურება, მაგრამ ფაქტობრივად გადამწყვეტი ბურთი ვერ ჩააგდო.

ბოლო წუთზე მონტენეგროელებმა 2 საჯარიმო და 1 ორქულიანი ჩააგდეს და 82:78 დაწინაურდნენ. თამაშის დასრულებამდე 26 წამი რჩებოდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ქართველებმა მაინც მოინდომეს და ანგარიშის გათანაბრებამდე სულ ცოტა დააკლდათ.

აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი წუთები ქართველებმა 2 ლიდერის - დუდა სანაძისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე ჩაატარეს. ორივე მათგანმა 5 პერსონალურის გამო დატოვა მოედანი.

დუდა სანაძემ მატჩი 20 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე კი 18 ქულა და 7 მოხსნა იყო. კარგად ითამაშა ნოდარ თენიეშვილმა, რომელმაც 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. მან თამაშიდან განხორციელებული 7 სროლიდან 6 ჩააგდო.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბოლო მატჩს 22 ივლისს, შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.
გამარჯვების შემთხვევაშიც კი ქართველები საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებენ.

უსტიაშვილის გუნდი ჯგუფის ლიდერ შვედეთთან პრესტიჟისთვის ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი
სლოვენია. დომჟალე. 20 ივლისი
მონტენეგრო 83:82 საქართველო
26:7, 14:25, 21:24, 22:26

1. მონტენეგრო 5 3/2 8
2. შვედეთი 4 3/1 7
3. ესტონეთი 4 2/2 6
4. საქართველო 5 1/4 5

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული