ემოციური აფეთქება - შსს-"არმია" - 72:81

AutoSharing Option
გუშინ სპორტის სასახლეში 10 ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა. იოლი მისახვედრია, რომ ერთანეთის წინაშე შსს და "არმია" წარდგნენ. ძალოვანთა გუნდების ურთიერთდაპირისპირებას ყოველთვის დამატებითი ემოცია ახლავს, რაც კალათბურთელებზეც მოქმედებს და წინასწარ მოტივაციაზე ზრუნვა არავის სჭირდება - მატჩს ორივე გუნდის კალათბურთელები მაქსიმალურად მობილიზებულები ხვდებიან.

გუშინ, საწყისი სამი მეოთხედის განმავლობაში ემოცია ემოციას მიემატა და ბოლოს იფეთქა. თუმცა, ამაზე ქვემოთ. აქ ორიოდე სიტყვით საწყისი სამი პერიოდი მიმოვიხილოთ.


***
პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა შსს-ს სტრატეგია - აქცენტი პერიმეტრზე. კალათბურთელები დაკისრებულ ფუნქციას თავს კარგად ართმევდნენ, საწყის 10 წუთში 5
სამქულიანი ჩააგდეს და 26:11 მოიგეს.

მეორე პერიოდის წინ "არმიას" მთავარი ამოცანა შსს-ს უკანახაზელების შეჩერება იყო, რაც რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, თუმცა ლევან მოსეშვილის გუნდმა დაცვაში თამაში გამოასწორა და ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობის წყალობით დიდ შესვენებამდე ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. შსს-ს საქმე იმანაც გაართულა, რომ მეოთხე წუთზე კუნთი გაეჭიმა კამერუნელ მეფარე ჟულივეტ ტუჯანს, რომელმაც მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მესამე პერიოდიდან თამაში უფრო დაიძაბა, თუმცა მეოთხე ათწუთეული შსს-მ კარგად დაიწყო, სირენამდე 5 წუთით ადრე სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა, რასაც, შესაძლოა, ემოციების მეტ-ნაკლებად ჩაცხრობა მოჰყოლოდა. რაც "არმიას" ხელს ნამდვილად არ აძლევდა. ლევან მოსეშვილის გუნდს თამაშის შემოსატრიალებლად მუხტი სჭირდებოდა, რაც დიდი რაოდენიბით გულშემატკივარსა და კალათბურთელს გააერთიანებდა... საწყისი 35 წუთში ანატოლი ბოისას 2 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო კოტე ტუღუშს - 8. სამ პერიოდში "არმია" შსს-ს დიდი სხვაობით რომ არ ჩამორჩა უმთავრესად ზვიად ბაბიაშვილის დამსახურება იყო.

...მუხტზე შევჩერდით. სწორედ 10-ქულიანი ჩამორჩენისას იფეთქეს კოტე ტუღუშმა და ანატოლი ბოისამ: სირენამდე 5:02 წუთით ადრე კოტემ შორეული სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ანატოლიმ ორქულიანს შორეული ტყორცნა მიაყოლა და 13:0 გაქცევას ჩაუყარა საფუძველი. ტუღუში ერთ სამიანზე არ შეჩერდა და... სჯობს მოვლენებს ქრონოლოგიური სიზუსტით მივყვეთ.

05:02 ტუღუში (არმია): 3ქ (64:57)
04:34 ბოისა (არმია): 2ქ (64:59)
04:18 ბოისა (არმია): 3ქ (64:62)
03:28 შარაბიძე (არმია): 1+1 (64:64)
02:50 ტუღუში (არმია): 3ქ (64:67)
03:30 ლეჟავა (შსს): 2ქ (66:67)
02:12 ბაბიაშვილი (არმია): 2ქ (66:69)
01:50 ტექნიკური ფოლი: ლეჟავა (მე-5 ჯარიმა)
01:50 ტუღუში (არმია): 1+1 (66:71)

ამის შემდეგ გიორგი მარკოიშვილმა (შსს) ორი საჯარიმო გააცუდა, გიორგი შარაბიძემ (არმია) ორქულიანი ჩააგდო და სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა...

ეს მშრალი სტატისტიკაა. ბოლო წუთებზე სიტუაცია ძალიან დაიძაბა, შელაპარაკება კალათბურთელებსაც მოუვიდათ, ხოლო მსაჯისადმი უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია: სირენამდე 1:50 წუთით ადრე ტროი კოტონის მიერ აცილებული სამქულიანის შემდეგ მოხსნისთვის ბრძოლისას ბურთი პირით ხაზს მიღმა გადავიდა. მსაჯების გადაწყვეტილებით ბურთმა მოედანი შსს-ელი სოსო შერმადინის ხელიდან დატოვა, რაც ბესიკ ლეჟავამ აქტიურად გააპროტესტა, ტექნიკური შენიშვნა მიიღო და, რადგან ეს მისი მეხუთე ფოლი იყო, მოედნის დატოვება მოუწია. ლეჟავას არყოფნა შსს-სთვის დიდი დანაკლისი იყო. თან, იმავე მომენტში ტუღუშის ორი საჯარიმოს შემდეგ სამქულიანი სხვაობა ხუთამდე გაიზარდა და როგორც შემდეგ გაირკვა მატჩის ბედი აქ გადაწყდა.

საინტერესო იყო, იმ ეპიზოდში ბურთი პირით ხაზზე მართლა შსს-ს კალათბურთელისგან გადავიდა, თუ მსაჯები შეცდნენ. მოხსნის მომენტი განმეორებით არაერთხელ ვნახე, მაგრამ ახლაც მიჭირს კატეგორიულად რამის თქმა. საერთოდ, ჟურნალისტებისთვის რთულია მსაჯის თითოეული ნაბიჯის დევნა, რადგან ტრიბუნებიდან ზოგი ეპიზოდი არცთუ კარგად ჩანს.

იმ მატჩში იყო კიდევ არაერთი სიტუაცია, რამაც შსს-ელთა უკმაყოფილება გამოიწვია. არბიტრების შეფასებისთვის სპეციალური ორგანო არსებობს, რომელიც იმედია გუშინდელ მატჩში მსაჯების მოქმედებას სათანადოდ შეაფასებს. სხვათა შორის, ამ ორგანომ "არმია"-თსუ-ს სათასო მატჩის შემდეგ შეცდომების გამო ერთი არბიტრი დასაჯა. სუპერლიგის ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ პლეი ოფებისთვის მსაჯებს უცხოეთიდან ჩამოიყვანს. ეს აუცილებელია, რადგან თუ ევროპული კალათბურთის განვითარებისთვის ფეხის აწყობა გვინდა, "არმია"-შსს-ს ზეემოცურ მატჩს ორი მსაჯი არ უნდა სჯიდეს. მეტსაც გეტყვით: ზაზა მაჩალაძემ იმ შეხვედრიდან რამდენიმე წუთში "სოხუმი"-"სამედიცინოს" არანაკლებ დაძაბული დაპირისპირება განსაჯა.


***
ნამატჩევს შსს-ს კალათბურთელებისგან მსაჯებმა "მადლობის სიტყვები" და ტაში გაიმეტეს, რისთვისაც მაკა კუპატაძემ ბექა წივწივაძე გააძევა...

მსაჯობით უკმაყოფილო იყო შსს-ს თავკაცი დავით უსტიაშვილი:

- მიუხედავად იმისა, რომ პირველივე პერიოდში ტრავმის გამო ტუჯანი გამოგვაკლდა, გუნდმა მაინც კარგად ითამაშა. ორთვიანი შესვენების შემდეგ დაგვიბრუნდა დავით იმნაძე, რომელსაც ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ძირითადად თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, დანარჩენი თქვენც ნახეთ. ბოლო წუთებზე იყო ეპიზოდი, როცა მსაჯის შეცდომამ მატჩზე გავლენა მოახდინა...

შსს-ს გამთამაშებელმა, ირაკლი ბერიშვილმა დასძინა:

- მატჩი ჩვენ უნდა მოგვეგო, დღესაც გამოჩნდა, რომ "არმია" შსს-ზე ძლიერი ნამდვილად არ არის.

ახლა "არმიას" კაპიტან კოტე ტუღუშს მოვუსმინოთ:

- ამ მატჩისთვის მზად ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან თამაში ვერ ავაწყვეთ, გუნდურობა შევინარჩუნეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და თამაშიც შემოვატრიალეთ. ამ გამარჯვებას ავღანეთში დაღუპულ ქართველ მეომრებს ვუძღვნით.

"არმიას" მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მოსეშვილმა თქვა, რომ გუნდმა მატჩის დაწყებამდე გადაწყვიტა, გამარჯვება ავღანეთში დაღუპული ქართველებისთვის მიეძღვნა:

- წინა დღეს თავდაცვის მინისტრი გვეწვია და ბიჭები გაამხნევა. ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა გველოდა, მატჩის მსვლელობისას გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საბოლოოდ, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.


სუპერლიგა. XXI ტური
8 აპრილი, თბილისი, სპორტის სასახლე
შსს-არმია 72:81

26:11, 9:21, 22:20, 15:29
შსს: ლაფანაშვილი, ბ. ლეჟავა (12ქ, 6მ, 5ფ), ნიკოლაძე, ი. ბერიშვილი (8ქ, 3პ), კოტონი (17ქ), მარკოიშვილი (8ქ), ტუჯანი (1ქ), ბარბაქაძე, იმნაძე (8ქ, 6მ, 5ფ), შერმადინი (7ქ, 6მ), წივწივაძე (11ქ, 7პ).
არმია: ბაქრაძე (5ქ), ბაბიაშვილი (18ქ, 6მ), ბოისა (7ქ, 3ჩ), მინაშვილი (8ქ), ტუღუში (22ქ, 3პ), პირველაშვილი (2ქ), საყვარელიძე (7ქ, 11მ, 3პ), შარაბიძე (12ქ, 14მ, 3დ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე
კომისარი: მ. რატიშვილი


ფოტო:superleague.ge



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული