კოტე ტუღუში: საიდუმლო იარაღი ჯერ არ გამოგვიყენებია

AutoSharing Option
21-ე ტურში შსს "არმიას" დაუპირისპირდა. საწყისი სამი პერიოდი შსს-ში იყო, მეოთხე რაუნდში კოტე ტუღუშისა და ანატოლი ბოისას აქტიურობის შედეგად "არმიამ" თამაში შემოატრიალა. ჟურნალისტებმა ტურის საუკეთესო კალათბურთელად ულაპარაკოდ დავასახელეთ კოტე ტუღუში.

- როგორსაც ველოდით, ისეთი რთული მატჩი გამოდგა, თუმცა წინასწარ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ მეტოქე 16 ქულით გაგვასწრებდა. ისევე როგორც ჩვენ, შსს-საც კარგად ვყავდით შესწავლილი და ამიტომაც გაგვიჭირდა. თუმცა გადამწყვეტი მომენტისთვის ჩვენ უფრო მომზადებულები აღმოვჩნდით...

- მეოთხე პერიოდში, ანგარიშზე 56:66, შორი მანძილიდან სამქულიანი ისროლე. ამას ბოისას 5 ქულა მოჰყვა... რომ არ
ჩაგეგდო, შეიძლება თამაშის რიტმი არც შეცვლილიყო...
- როდესაც მომზადებული სტყორცნი, გჯერა, რომ ბურთი მიზანს მიაღწევს. ვგრძნობდი, საჭირო იყო ასეთი მოქმედება. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა. აქვე დავამატებ - გავიმარჯვეთ არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური მოქმედების ხარჯზე.

- რეგულარულ ეტაპზე "არმიას" გამოსვლის შესახებ რა შეიძლება ითქვას?
- თავიდანვე გვქონდა რეგულარული ეტაპის მოგების იმედი. მოვინდომეთ, ბევრი ვიმუშავეთ და მიზანსაც მივაღწიეთ. თუმცა, გვქონდა ხარვეზებიც, რაც კარგად გავაანალიზეთ და გამოვასწორეთ.

- თსუ-სთან დამარცხდით, შსს-სთან გაგიჭირდათ... "არმია" პირველი წრის ბოლოს უკეთეს კონდიციებში ხომ არ იყო?
- შეიძლება გარედან ასე ჩანდეს, მაგრამ სადღეისოდ ურიგო ფორმაში არ ვართ. ის კი გასათვალისწინებელია, რომ პირველი წრის შემდეგ არაერთი გუნდი გაძლიერდა და თამაშიც გააუმჯობესა, რამაც კონკურენცია გაზარდა. კვირას ბათუმში შეკრებაზე მივემგზავრებით, 29 აპრილამდე დავრჩებით. იქიდან პირდაპირ ქუთაისში ჩავალთ, სადაც "ოლ სტარი" გაიმართება.

- ალბათ, არაერთ არმიელს მოუწევს ამ მატჩში თამაში...
- ზუსტად არ ვიცი. ისე, საინტერესო იქნებოდა ქართველების ნაკრები ლეგიონერებს რომ დაპირისპირებოდა, ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. ტუჯანი, ლამუ, ძმები დამუსები, ჰარისი, კოტონი, როჯერსი, როდუმტა... საინტერესო შემადგენლობები შეიკრიბებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.

- პლეი ოფის მეტოქეებზე რას იტყვი?
- ყველა სახიფათო მოწინააღმდეგეა. ნუგზარ კანდელაკის მისვლის შემდეგ "სამედიცინო" ათამაშდა, "სოხუმიც" ძლიერი გუნდია, შსს-ს, თსუ-სა და "ქუთაისის" ძალა სატურნირო ცხრილიდანაც ჩანს. ასე რომ, საინტერესო პლეი ოფი გველის. რაც მთავარია, საიდუმლო იარაღი ჯერ არ გამოგვიყენებია...

- რა იარაღი?
- თუ ახლა ვიტყვი, საიდუმლო აღარ გამოვა. ამ იარაღს ნახევარფინალში ან ფინალში გამოვიყენებთ, თუ მიმდინარე ჩემპიონატში არ დაგვჭირდა, მომდევნო სეზონისთვის შევინახავთ.








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული