ლევან ფაცაცია: უნდა გავათანაბროთ

AutoSharing Option
სეზონის დასაწყისში "სოხუმის" მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განაცხადში ლევან ფაცაცია შეიყვანა. მაშინ ეს ნაბიჯი შეიძლება ნაჩქარევად გამოჩენილიყო, რადგან კალათბურთელი მაშინ ამერიკაში სწავლობდა და ზუსტად თავადაც არ იცოდა, როდის დაამთავრებდა უნივერსიტეტს. არადა დიპლომის აუღებლად საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა.

საბოლოოდ მწვრთნელის ნაბიჯმა გაამართლა - ფაცაციამ მარტში კოლეჯების ლიგაში "ტროასთან" ერთად საკალათბურთო სეზონი დაასრულა, აპრილში გამოცდები ჩააბარა და მაისში საქართველოში დიპლომით ჩამოვიდა.

მან სუპერლიგაში პირველი მატჩი შსს-ს წინააღმდეგ ითამაშა. 1988 წელს დაბადებულ კალათბურთელს მართალია, ამერიკის დროდან საქართველოზე გადართვა ჯერ ვერ მოესწრო, მაგრამ სასარგებლო იყო და
მეორე ტაიმში მწვრთნელს არ შეუცვლია - შსს-ს მთავარ სნაიპერ ბესიკ ლეჟავას მიამაგრა.

მატჩის შემდეგ ლევანს სპორტის სასახლის დერეფანში გავესაუბრეთ. პირველ რიგში თამაშის შესახებ ვკითხეთ:

- მოსაგები მატჩი იყო. საჯარიმოები ძალიან ცუდად ვისროლეთ, 17-დან 4 ჩავაგდეთ... მეტოქემ მოხსნებშიც გვაჯობა, ხოლო ბოლო წუთებზე, როცა თითქოს სასწორი ჩვენს მხარეს იხრებოდა, შსს-ელმა გიორგი ნიკოლაძემ ორი სამქულიანი ჩააგდო. საერთოდ, ცუდად არ გვითამაშია, თუმცა იყო ნიუანსები, რომლებიც მომდევნო შეხვედრისთვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

- მაინც რა არის გამოსასწორებელი?
- ფარქვეშ თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, პერსონალური დაცვა და რა თქმა უნდა საჯარიმოების პროცენტული მაჩვენებელი.

- სატყორცნ პოზიციას კარგად ითავისუფლებდი, მაგრამ ბურთი კალათში არ ვარდებოდა. გადამწყვეტ მომენტში ორი საჯარიმოც ააცილე...

- დამაგვირგვინებელ ფაზაში ნამდვილად უკეთ უნდა მეთამაშა. თუმცა, ჯერ აქაურობასთან შეჩვეული არ ვარ. ამერიკიდან შაბათს ჩამოვფრინდი და დღე-ღამე ჯერაც არეული მაქვს. ვიმედოვნებ, მომდევნო მატჩში უკეთესად გავირჯები და გუნდსაც ნელ-ნელა შევეწყობი.

- მომდევნო შეხვედრა "სოხუმისთვის" გადამწყვეტი იქნება...
- სერიის პირველ მატჩშიც დავინახეთ, რომ შსს-ს ძლევა რეალურია. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სერიაში ანგარიში გავათანაბროთ. გპირდებით, ხუთშაბათს უკეთესად ვითამაშებთ.

- კოლეჯების ლიგისა და საქართველოს ჩემპიონატის კალათბურთი ერთმანეთისგან ალბათ, ბევრად განსხვავდება.
- იქ უფრო ათლეტური კალათბურთია. ფიზიკურად ყველა ძლიერია. ამასთან, ამერიკაში სწრაფ, მოძრავ კალათბურთს თამაშობენ. საქართველოში სწრაფ ტემპშიც უტევენ, თუმცა პოზიციური თამაშიც ხშირია. მნიშვნელოვანი განსხვავება შეტევისთვის განკუთვნილ დროშია: კოლეჯების ლიგაში თითო გუნდს იერიშისთვის 35 წამი ეძლევა. ამ დროში ერთი შეტევის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში მეორის მშვიდად წამოწყების შანსი ეძლევა. აქ ბურთის ფლობა 24 წამია, რაც 11-ით ნაკლებია კოლეჯისეულ დროზე... ერთიდან მეორეზე სწრაფად გადაწყობა იოლი არ არის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული