არც აცხელა, არც აცია... ფაცაცია

AutoSharing Option
"თსუ/ქუთაისი+არმია/X=1/2 ფინალი. მიუხედავად იმისა, რომ საკალათბურთო ამოცანა ერთუცნობიანია, მისი ამოხსნა მაინც ძნელია. X-ის ნაცვლად ან შსს უნდა ჩაიწეროს, ან "სოხუმი". ამ გუნდებმა მეოთხედფინალური სერიის საწყისი ორი მატჩი იმდენად თანაბრად ჩაატარეს, რომ ვიდრე მესამე, გადამწყვეტი შეხვედრის საფინალო ზარი არ ჩამოჰკრავს, X-ის ნაცვლად ვერც შსს-ს ჩავწერთ და ვერც "სოხუმს".

ნახევარფინალის მონაწილე დანარჩენი სამი გუნდი ცნობილია: "არმია", "ქუთაისი" და თსუ. პითაგორობა და თეორემების ამოხსნა არ სჭირდებოდა იმის გარკვევას, რომ რეგულარულ ეტაპზე პირველ-მეორე ადგილებზე გასული "არმია" და თსუ, შესაბამისად "ენერჯისა" და სტუ-ს ბარიერს დაძლევდნენ.
ხოლო რეგულარულის ბოლოს კარგად ათამაშებული "სამედიცინოს" გზიდან ჩამოცილება "ქუთაისს" ორ მატჩში უნდა გასჭირვებოდა. გაუჭირდა კიდეც, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია - "მედიკოსები" სერიაში 2:0 დაამარცხა.

5 მაისი, თბილისი
სპორტის სასახლე
სტუ-თსუ 89:97
14:31, 22:23, 18:21, 35:22
სტუ: ჭოხონელიძე (11ქ), ვ. ბერუაშვილი (4ქ, 10მ, 3პ), ჩიკვილაძე (24ქ, 8პ), ლომოური (21ქ, 10მ), გასიტაშვილი, მაჩალაძე (4ქ, 5მ, 4პ, 6ჩ), თევზაძე, კობიძე (2ქ), ჯანგველაძე (11ქ, 5მ), ძიძიგური (9ქ), ახალკაცი (3ქ, 5მ)
თსუ: ხიზანიშვილი, ფანჩულიძე (24ქ, 5მ, 3პ, 4ჩ), გაფრინდაშვილი (7ქ, 9პ, 5მ), მარხვაშვილი (8ქ, 5პ), კოხრეიძე, ლონდარიძე (12ქ), კორკოტაძე (2ქ), ჩიტაშვილი, მათიაშვილი (28ქ, 15მ, 4პ), მ. ბერიშვილი (16ქ, 8მ, 3ჩ)
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ხ. გაბედავა.
სერია მოიგო თსუ-მ - 2:0.

თსუ-სტუ-ს მატჩის მსვლელობისას ადგილობრივმა დიქტორმა გამოაცხადა - თსუ-ს კალათბურთელ დავით ხიზანიშვილს ვაჟი შეეძინაო. მას მთელმა თსუ-მ მოედნის მიღმაც მიულოცა და გამარჯვებითაც.
სტუ-ს დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ტომარაძის ნაცვლად გია ტეტელაშვილი გაუძღვა. მიუხედავად იმისა, რომ შეარებით გამოცდილი კალათბურთელებით თანაბრად დაბალანდებული თსუ 25-ქულიან უპირატესობასაც აღწევდა, ტექნიკოსები "ფარ-ხმალს" არ ყრიდნენ და საბოლოოდ ღირსეულად დაასრულეს 2010-11 წლების სუპერლიგა. თავად განსაჯეთ, მეოთხე პერიოდი სტუ-მ 35:22 მოიგო, თუმცა მანამდე ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდებს სოლიდური ფორა ჰქონდათ მოპოვებული და საბოლოო წარმატება ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ.
გადამწყვეტი გამოდგა ფარქვეშ რიჩარდ მათიაშვილის დომინირება, რომელმაც 28 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მეტოქეებს წესების დარღვევა 11-ჯერ აიძულა.

5 მაისი, თბილისი
სპორტის სასახლე
სოხუმი-შსს
26:21, 8:16,
სოხუმი: ფარღალავა (13ქ, 5მ, 5პ), ჰარისი (7ქ, 4პ), ჩლაიძე (4ქ, 5მ), კვეტენაძე, ფაცაცია (22ქ, 9მ, 4პ), შანიძე (13ქ, 7მ), სორდია (5ქ), კანკია, კ. დამუსი (5ქ), რ. დამუსი (9ქ, 11მ)
შსს: ლაფანაშვილი (3ქ, 7მ), ლეჟავა (16ქ, 5მ), ნიკოლაძე (12ქ, 5მ), ი. ბერიშვილი (12ქ, 3პ), ტუჯანი, დ. ბარბაქაძე (14ქ, 8მ), იმნაძე (13ქ, 7მ), ტომარაძე
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი
სერიაში ანგარიშია - 1:1.

ზუსტად ორი თვეა ლევან ფაცაციას არ უთამაშია - "ტროას" მაისურით კოლეჯების ლიგაში ბოლო მატჩი 5 მარტს ჩაატარა. მას მერე 1 მაისამდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა...

რა შუაშია ერთი კალათბურთელის ბიოგრაფიული ამონარიდი "სოხუმი"-შსს-ს მატჩის მიმოხილვასთან? - იკითხავს მავანი. უბრალოდ გვინდოდა ყურადღება გაგვემახვილებინა, რომ ყველაზე დაძაბულ მეოთხედფინალში საუკეთესო კალათბურთელი სწორედ ლევან ფაცაცია იყო, რომელიც "სოხუმს" 1 მაისს შეუერთდა. იგი მანამდე ინდივიდუალური ვარჯიშით ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნებოდა. მოკლედ, პრეს-ლოჟაში მყოფი ხუთი ჟურნალისტი შევთანხმდით, რომ იგორ კოკოშკოვმა ფაცაცია ნაკრებში უნდა გასინჯოს, რადგან მრავალმხრივი მოთამაშეა, დაცვაშიც საიმედოა და შეტევაშიც. ერთი მატჩის მიხედვით ასე კატეგორიულად რატომ ვმსჯელობთ? - კი ბატონო, ჩვენ ამ სეზონში ფაცაციას ორი თამაში გვაქვს ნანახი, იგორ კოკოშკოვმა იშოვოს "ტროას" მატჩების ვიდეოფირები და რამდენიმე მატჩიდან გამოიტანოს დასკვნა. ნამდვილად არ ვამტკიცებთ, რომ ფაცაცია აუცილებლად უნდა მოხვდეს 12-კაციან განაცხადში. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. სხვათა შორის, გუშინდელი შეხვედრის მონაწილეთაგან ერთი-ორი სანაკრებო კანდიდატის დასახელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ეს უკვე სხვა პუბლიკაციის თემაა.

შსს-"სოხუმის" პირველ მატჩში ფაცაცია სროლის სიზუსტით არ გამოირჩა, თუმცა აღნიშნა - ამერიკიდან ახალი ჩამოსული ვარ და დღე-ღამე ჯერაც არეული მაქვსო. ზოგიერთი კალათბურთელი ასეთ ფრაზას, შესაძლოა, თავის მართლების მიზნით ამბობს, მაგრამ ლევანი მართალი აღმოჩნდა - სამშაბათის მერე იგი გუნდსაც გაუშინაურდა, ქართულ დროზეც გადაერთო და შედეგიც სახეზეა: 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 2 ფოლი, 1 შეცდომა. ლევანმა 11-დან 10 საჯარიმო და 12-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიან ზონას ჯერაც ვერ გაუშინაურდა - ოთხივე სამიანი ააცილა.

დაცვაში ფაცაციას ბესიკ ლეჟავას წინააღმდეგ უწევდა თამაში. სხვათა შორის, შორეული ტყორცნების დიდოსტატმა ბესომ ერთადერთი სამქულიანი სწორედ მაშინ ჩააგდო, როცა ლევანი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თუმცა სამქულიანების პარალელურად, ახლო და საშუალო დისტანციიდან ტყორცნებში ლეჟავა სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო რომ არის, ეს გუშინაც დაამტკიცა - მჭიდრო მეურვეობის მიუხედავად 16 ქულა ჩააგდო. სწორედ ლეჟავა იყო გადამწყვეტი ფაქტორი ბოლო ორ მატჩში შსს-ს მიერ "სოხუმის" ძლევისა. ჰოდა, გუშინდელი შეხვედრის ბედიც ბევრად იყო დამოკიდებული მის გარჯაზე.

"სოხუმიდან" კი როგორც წესი, გადამწყვეტ როლს ლაშა ფარღალავა თამაშობს, რომელმაც მატჩი კარგად დაიწყო, თუმცა სირენამდე 6:03 წუთით ადრე მეხუთე ჯარიმა მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. გადამწყვეტ მომენტში ლიდერის ფუნქციის აღება საჭირო იყო. ფარღალავას არყოფნაში თითქოს იუჯინ ჰარისს უნდა ეკისრა წინამძღოლობა, მაგრამ ბოლო ორ მატჩში იგი ეფექტურად ვერ ირჯება... ლიდერობა კი ფაცაციამ იკისრა და გადამწყვეტ მომენტში ფარქვეშაც ბევრი იბრძოლა, ტყორცნებისასაც ხელი არ აჰკანკალებია და ლეჟავასაც ლანდივით დაჰყვებოდა.
არ უნდა გამოგვრჩეს დავით ბარბაქაძე, რომელიც პერიმეტრიდან 50-პროცენტიანი სიზუსტით გამოირჩა: 8-დან 4 სამქულიანი.

ამ სეზონში "სოხუმისა" და შსს-ს დაპირისპირებები ბოლო წამებამდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობს და მოვლენების წინადადებებით თხრობას აჯობებს მეოთხე პერიოდის მოკლე ქრონოლოგია შემოგთავაზოთ. მუქი შრიფტით მუქ მაისურში გამოწყობილი შსს-ს მონაგარს გამოვსახავთ:

IV პერიოდი
სოხუმი-შსს
9:00 კ. დამუსი 1+1ქ (52:58)
8:31 ჰარისი 2ქ (54:58)
8:28 ჰარისი 1ქ (55:58)
8:02 კ. დამუსი 2ქ (57:58)
7:43 კ. დამუსი 2ქ (59:58)
7:10 დ. ბარბაქაძე 1+1 (ორივე ააცილა)
6:48 კ. დამუსი (V ფოლი)
6:03 ფარღალავა (V ფოლი)
6:03 ი. ბერიშვილი 1+1ქ (59:60)
5:46 რ. დამუსი 2+1ქ (62:60)
5:31 ი. ბერიშვილი 3ქ (62:63)
4:24 რ. დამუსი 1+1ქ (64:63)
3:54 ფაცაცია 2+1 (67:63)
3:44 ი. ბერიშვილი 1+1ქ (67:65)
3:15 შანიძე 2ქ (69:65)
3:03 იმნაძე 1+1 (ორივე ააცილა)
2:42 ფაცაცია 2ქ (71:65)
2:11 ჩლაიძე (73:65)
1:17 შანიძე 2ქ (75:65)
1:03 ფაცაცია 1ქ (76:65)
0:52 დ. ბარბაქაძე 3ქ (76:68)
0:50 ფაცაცია 1+1ქ (78:68)
0:01 ნიკოლაძე 2ქ (78:70)

ნამატჩევს შსს-ს გამთამაშებელმა ირაკლი ბერიშვილმა აღნიშნა:

- მეორე და მესამე პერიოდი კარგად ჩავატარეთ. 7 ქულითაც დავწინაურდით, მაგრამ ამის შემდეგ ზედიზედ სამჯერ ფარიდან ასხლეტილი ბურთი მეტოქეს დარჩა, რაც კარგად გამოიყენა... რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, გადამწყვეტ მატჩში მოგება ჩვენ დაგვრჩება.
"სოხუმის" უკანახაზელმა ლაშა ფარღალავამ გვარები ჩამოთვალა, მაგრამ იქვე შეჩერდა:
- დღეს კარგად ითამაშეს ფაცაციამ, შანიძემ... თუმცა გამარჯვებაში ყველამ დიდი წვლილი შეიტანა. ეს მატჩი გუნდური და დაცვაში დამაჯერებელი თამაშით მოვიგეთ.
საინტერესო ანალიზი გააკეთა "სოხუმის" ლატვიელმა თავკაცმა აინარს ბაგაცკისმა:
- სერიის პირველი მატჩი ბავშვური შეცდომების გამო წავაგეთ. დღესაც გვქონდა ასეთი შეცდომები, განსაკუთრებით მეორე და მესამე პერიოდებში, თუმცა მეოთხე ათწუთეულში ჩემმა ბიჭებმა კაცურად იბრძოლეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დღესაც გამოჩნდა, რომ პლეი ოფში დიდი მნიშვნელობა აქვს ხასიათს...

5 მაისი, თბილისი
სპორტის სასახლე
სამედიცინო-ქუთაისი 75:83
10:19, 17:27, 21:22, 27:15
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (8ქ, 6მ), ჩაჩიბაია (6მ), თვართქილაძე, ს. ლეჟავა (3ქ), ბექაური (6ქ), დვალიშვილი (9ქ, 6მ, 3ჩ, 2დ), როჯერსი (23ქ, 8მ, 3პ), კეიდია, როდუმტა, ჭოჭუა (24ქ, 6მ), გაბისონია (2ქ), კეიდია
ქუთაისი: ცეკვავა (15ქ), ბაბუნაშვილი (13ქ), დიდია (15ქ, 5მ), კვიმსაძე (20ქ, 6მ, 4ჩ), ბოლქვაძე (1ქ, 5მ), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (17ქ, 5მ), კოღუაშვილი (2ქ), ქორიძე
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი
სერია მოიგო "ქუთაისმა" - 2:0.

- ქუთაისშიც დაახლოებით ისეთი თამაში იყო, როგორც დღეს - მეტოქე თავიდან დიდი სხვაობით დაწინაურდა, თუმცა მეორე ტაიმში (ორივე მატჩში) თამაში გამოვასწორეთ და მოსაგებად ცოტა დაგვაკლდა, - დანანებით თქვა "სამედიცინოს" მეფარე აკაკი დვალიშვილმა.

დავაკონკრეტებთ: სწრაფი თამაშისა და პირველ ტაიმში მაღალი სიზუსტით შესრულებული სამქულიანების (14-დან 9) წყალობით "ქუთაისმა" გუშინ 25-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, ხოლო მეოთხე პერიოდს 20-ქულიანი ფორით შეხვდა. ბოლო რაუნდში ნუგზარ კანდელაკის შეგირდებმა ჯეფ როჯერსის წინამძღოლობით მეტოქისავე მოედანზე პრესინგს მიმართეს, შეტევაში თამაშიც გამოასწორეს და 25-ქულიანი სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს. ეს იყო და ეს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა "სამედიცინომაც" ღირსეულად დაასრულა.

5 მაისი, რუსთავი
ქიმიკოსების დარბაზი
ენერჯი-არმია 56:83
20:13, 19:13, 12:21, 5:36
ენერჯი: მაჭავარიანი, გ. ბერუაშვილი (2ქ), აბაიშვილი (5ქ, 5მ, 7პ), გუგავა (7ქ, 4პ), ლამუ (22ქ, 10მ), თავრაძე (2ქ), არაბული (9ქ), აბულაძე (8ქ)
არმია: ბაბიაშვილი (13ქ), ბოისა (11ქ, 10მ, 4პ, 3ჩ), ტუღუში (22ქ, 8მ, 4პ), პირველაშვილი (2ქ), ათანელიშვილი, ათუაშვილი (2ქ), საყვარელიძე (6ქ, 6მ), შარაბიძე (21ქ, 9მ), ბ. ბერიშვილი (6ქ, 7მ, 7პ, 4ჩ)

მეოთხე პერიოდშიც რომ გაეძლო, "ენერჯი" სენსაციის ავტორი გახდებოდა...

- პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, დიდ შესვენებაზე ანგარიშზე 39:26 გავედით. ბოლო პერიოდის წინაც ვიგებდით, მაგრამ ძალა აღარ გვეყო, რასაც დაემატა სასტარტო შემადგენლობის ორი წევრის მიერ მიღებული ხუთი ჯარიმა და გამარჯვება ვერ შევინარჩუნეთ, - განაცხადა "ენერჯის" ლიდერმა ქაქუცა აბაიშვილმა.
..."ენერჯიც" თავაწეული გამოეთიშა ჩემპიონატს.

ფოტო superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული