"ქუთაისი" მესამეა

AutoSharing Option
ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა სუპერლიგაში დაბრუნების პირველსავე წელს საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. მალხაზ კოხრეიძის შეგირდებს ფინალში გასვლის კარგი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ საგზური "თსუ"-თან ოთხმატჩიან ბრძოლაში დათმეს.

მიუხედავად ამისა, სუპერლიგაში ახლადაბრუნებული გუნდისთვის ბრინჯაოს მედლები წარმატებად უნდა ჩაითვალოს. მესამე ადგილისთვის პაექრობა კარგი შემადგენლობის "სოხუმთან" საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

თავდაპირველად სტუმრებმა მოიპოვეს უპირატესობა და პირველ პერიოდში 4 ქულით იმარჯვეს (19:23). განსაკუთრებით აღსანიშნავია კარლ დამუსის შესანიშნავი თამაში, რომელმაც საბოლოოდ ორმაგი დუბლიც შეასრულა (18ქ. 15მ.). სოხუმელთა ამერიკელი ლეგიონერი შეტევაშიც ნაყოფიერი იყო და დაცვაშიც. ჩვეულად აქტიურობდნენ
ჰარისი და ლაშა ფარღალავაც. მეორე პერიოდის საწყის წუთებში ბაგატსკის შეგირდები 4-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ "ქუთაისს" მეორე სუნთქვა გაეხსნა და პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე 45:40 დაფიქსირდა - მასპინძელთა სასარგებლოდ.

ქუთათურებმა განსაკუთრებით კარგად მესამე პერიოდი ჩაატარეს, რამაც საბოლოოდ მათი მოგებაც განაპირობა. მასპინძლები ძალიან კარგად თამაშობდნენ დაცვაში და შეტევებშიც აგრესიულები იყვნენ. შესანიშნავად ისროდნენ სამქულიანებსაც. მაგალითად, გიგი ბარბაქაძემ ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო, მას კვიმსაძემ, დიდიამ და ცეკვავამაც მიჰბაძეს. ქუთათურები მესამე პერიოდის შემდეგ 17 ქულით დაწინაურდნენ.

მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ სოხუმელები. მათ იმდენი მოახერხეს, რომ ანგარიში 4 ქულამდე შეამცირეს. დროც საკმაოდ რჩებოდათ, თუმცა "ქუთაისმა" ბოლო ძალები მოიკრიბა, მდგომარეობა გამოასწორა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. მასპინძელთაგან საუკეთესო გიგი ბარბაქაძე იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა შესძინა. აღსანიშნავია ბოლქვაძის კარგი თამაში დაცვაში, რომელსაც 12 მოხსნა დაუგროვდა.

გამარჯვებულებს მესამე ადგილოსნისთვის დაწესებული თასი და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. კალათბურთელებს წარმატება ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ პირადად მიულოცა და მათ მხარდაჭერასაც დაჰპირდა.

"ქუთაისი"-"სოხუმი" 91:84
19:23, 26:17, 29:17, 17:27
ქუთაისი: ბაბუნაშვილი (14ქ.), დიდია (15ქ.9მ.), კვიმსაძე (18ქ.), ბოლქვაძე (9ქ.7მ), გ.ბარბაქაძე (26ქ.7მ.), ლომინაშვილი, ცეკვავა (7ქ.6მ.), კოღუაშვილი (2ქ.)
სოხუმი: ფარღალავა (22ქ.), ჰარისი (17ქ.), კანკია, კ.დამუსი (18ქ.15მ.), ფაცაცია (17ქ.9მ.), ჩლაიძე (3ქ.), კვენეტაძე (1ქ.), შანიძე (2ქ.), სორდია (2ქ.), კოპალიანი, რ.დამუსი (2ქ.)
მსაჯები: მ.კუპატაძე, ზ.მაჩალაძე, დ.ბერეკაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული