საქართველოს XXI ჩემპიონატი. სუპერლიგა. III ტური

AutoSharing Option
29 ოქტომბერს 12:00-დან 22:30 საათამდე სპორტის სასახლე დიდ გალერეას მოგაგონებდათ - წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ცნობილი, ჯერ არაღიარებული და ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრები. გეოგრაფიაც მრავალფეროვანი იყო: საქართველი, ამერიკა, სერბეთი, ხორვატია, კამერუნი, აზერბაიჯანი, ჩეხეთი, ლატვია, პუერტო რიკო, შვედეთი.

მოკლედ, შაბათს საკალათბურთო სუპერლიგის ხუთი თამაში ჩატარდა, ითამაშეს ახალგაზრდებმა, რომლებსაც დასამტკიცებელი აქვთ, რომ ზრდასრულებთანაც შეუძლიათ ღირსეულად გამოსვლა (სტუ, "რუსთავი", "ბათუმი"...);

ითამაშეს სუპერლიგაში გამოწვრთნილმა ქართველებმა ("ქუთაისმა"), რომლებმაც საკუთარი "ნამუშევრები" მსოფლიოში ცნობილ შემოქმედთა ("არმიის" ლეგიონერთა) გვერდით გამოფინეს;

ითამაშეს ლეგიონერებმა, რომლებსაც ვარსკვლავთა კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ, თუმცა საკუთარი პრეტენზიები
აქვთ და წარმატებული კარიერის აწყობას საქართველოდან ცდილობენ (შსს-ს ლეგიონერები კრეპსი, მაქემონი; "დინამოს" ახალწვეული დეივი...)

საერთო ჯამში გამოფენა შედგა, ვიხილეთ სარეკორდო მაჩვენებლები, ვისი "ნახატი" უფრო ძვირად გაიყიდა და ვინ რა მოიმკო, ამას ქვემოთ გეტყვით.

მესამეში ჩაძირული

29 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
სამედიცინო-ბათუმი 85:67
13:19; 19:15; 29:9; 24:24
სამედიცინო: აბაიშვილი (2ქ), კვეტენაძე (2ქ), ჭოჭუა (14ქ, 9მ), ილიჩი, ბექაური (15ქ, 11მ); ტომარაძე (12ქ), ჩიკვილაძე (21ქ, 8მ), პირველაშვილი (2ქ), შვანგირაძე (8ქ), ჯინჭარაძე (2ქ), ფერიაშვილი (7ქ).
ბათუმი: ნინუა, მიქელაძე (9ქ), ვ. მაისურაძე (7ქ), კეშელავა (14ქ, 13მ), ბოლქვაძე (7ქ); ჩორგოლაშვილი, რამიშვილი (8ქ), ელიაშვილი (16ქ), ემირიძე, ელიაძე (6ქ).
კომისარი: გ. სანაძე
მსაჯები: ი. ბერიშვილი, მ. ანდღულაძე, ს. სინერისი

მესამე ტურამდე "ბათუმსა" და "სამედიცინოს" ორ-ორი წაგება ჰქონდათ. წინასწარ ცხადი იყო, რომ ცხრილის ფსკერს ერთ-ერთი დააღწევდა თავს, ისიც უნდა გვევარაუდა, რომ ეს "ერთ-ერთი" თბილისური გუნდი იქნებოდა, რადგან "მედიკოსებს" შედარებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. მათ 7 კალათბურთელს სხვადასხვა დროს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აქვთ ნათამაშები. ახლახან დაემატათ სერბი კალათბურთელი ნემანია ილიჩი და სეზონის მსვლელობისას კიდევ გაძლიერდებიან.

ბათუმელებსაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოცდილი რამდენიმე კალათბურთელი ჰყავთ, მაგრამ აშკარად სჭირდებათ შემადგენლობის შევსება და სათადარიგოთა სკამის "დაგრძელება".

ძნელი სათქმელია, დაიღალნენ თუ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ზღვისპირელებს მესამე პერიოდში "გემი ჩაეძირათ" - 10 წუთში 9:29 წააგეს და გამარჯვებულის ვინაობაც აქ გაირკვა.

82, 82!

29 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
სტუ-რუსთავი დ.დ. 86:82

11:21, 22:25, 18:14, 24:15, 11:7
სტუ: ვ. ბერუაშვილი (9ქ, 9მ), თევზაძე (4ქ), ხანიაშვილი (22ქ), ანთაძე (17ქ, 13მ), კობიძე (7ქ); ტეტელაშვილი (3ქ), ჩაჩიბაია (8ქ), ჭოხონელიძე, მაჩალაძე (16ქ, 16მ), ჯავახიშვილი, კორძაძე.
რუსთავი: მაჭავარიანი (9ქ, 5ფ), არწივიძე (14ქ, 5ფ), ჩაჩანიძე (22ქ), ხმელიძე (4ქ, 5ფ), გუგავა (6ქ, 5ფ); გ. ბერუაშვილი, თვარაძე (6ქ), ბააკაშვილი (2ქ), ჯ. არაბული (2ქ), კოპალიანი (17ქ, 8მ).
კომისარი: რ. გელოვანი
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე, ს. სინერისი

მიუხედავად იმისა, რომ წინა მატჩის მსგავსად სტუ-"რუსთავის" დაპირისპირებაშიც "ახალგაზრდა შემოქმედები" მონაწილეობდნენ, ვიხილეთ მეტად საინტერესო თამაში, რომლის სურათიც ასე გამოიყურებოდა: რუსთაველებმა პერიმეტრიდან ზუსტი ტყორცნებით ძალიან გააწვალეს ტექნიკოსები და 15-ქულიან უპირატესობას პირველივე ტაიმში მიაღწიეს. ასეთი ფორის განიავება "იოლი არ არის", მაგრამ როცა სასტარტო ხუთეულის ოთხი კალათბურთელი ხუთ ჯარიმას მიიღებს, ხოლო სათადარიგოებს სუპერლიგაში თამაშის გამოცდილება არ აქვთ, 15-ქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ წაგებაც შესაძლებელია.

ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ რუსთაველთა დანაკლისის გამო მოიგეს ტექნიკოსებმა - ისინი ამ სეზონში მეორე ტაიმს პირველზე ერთი-ორად უკეთესად ატარებენ. მესამე ათწუთეულის ბოლოს და მეოთხის დასაწყისში სტუ-მ 17:0 გაქცევა მოაწყო და 68:60 დაწინაურდა. თუმცა ქვემოქართლელებმა ძალა მოიკრიბეს და ძირითადი დროის ბოლოს ანგარიში გაათანაბრეს, ოვერტაიმში კი 11:7 წააგეს.

გამოცდილმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა მატჩის მეორე ნახევრის კომენტირებისას თქვა - დროა "რუსთავის" მწვრთნელმა მიხეილ ბერუშვილმა ფორმა მოირგოს და მოედანზე გავიდეს, რადგან ფარქვეშ მოთამაშე კაცი აღარ დარჩაო. ამიტომაც დაფიქსირდა საოცარი შედეგი, რომელსაც ბოლო წლების სუპერლიგაში ანალოგი არ აქვს - სტუ-მ სწორედ იმდენი მოხსნა, რამდენი ქულაც "რუსთავმა" ჩააგდო - 82(!). შარშანდელ ჩემპიონატში "არმიამ" "აგრარულთან" 75 მოხსნა მიითვალა, შარშანწინ შსს-მ "ჭიათურასთან" - 69, 2008-09 წლების სეზონში კი "ენერჯიმ" "მაქაბისთან" - 67.

NBA-ში ერთ მატჩში გუნდის მიერ მოგროვილი მოხსნების მაქსიმალური რაოდენობა 1960 წელზე მოდის - "ბოსტონელები" "დეტროიტთან" ფარიდან ასხლეტილ ბურთს 106-ჯერ დაეუფლნენ.

როცა ამ კომპონენტში მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ხაზი ესმევა ტანმაღალი კალათბურთელების ყოჩაღობას, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს - ბევრი მოხსნა ბევრი აცილებული ბურთის მანიშნებელია. შაბათს სტუ-მ 72 ტყორცნა ააცილა (ორქულიან-სამქულიან-საჯარიმოიანად), ხოლო "რუსთავმა" - 64.

თავდაცვაც ასეთი უნდა
29 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
არმია-ქუთაისი 89:49
21:14, 22:15, 22:6, 24:14
არმია: კვიმსაძე (2ქ), დიასი (16ქ), რიჩარდსონი (14ქ, 11მ), ტომასი (11ქ), კელბომი (7ქ); ბაბიაშვილი (4ქ), ბოისა (7ქ), ვ. მინაშვილი (4ქ), ათანელიშვილი (2ქ), საყვარელიძე (4ქ), გეინსი (18ქ).
ქუთაისი: ბაბუნაშვილი (13ქ), ცეკვავა (12ქ, 8პ), დიდია (3ქ), დ. ბარბაქაძე (5ქ), მათიაშვილი (2ქ); ფაშაევი (5ქ), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (6ქ), კუჭავა, ქორიძე (3ქ).
კომისარი: რ. ხომერიკი
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი

ციფრებით განვაგრძოთ: "არმიამ" და "ქუთაისმა" ორქულიანები ერთნაირი სიზუსტით ისროლეს - 47-47 პროცენტიანით, თუმცა "მცირე" სხვაობა ის იყო, რომ ქუთათურებმა 19-დან 9 ორქულიანი ჩააგდეს, ხოლო არმიელებმა - 55-დან 26. სტატისტიკიდანაც ნათელია, რა გახდა იმერელთა 40-ქულიანი დამარცხების მიზეზი.

პირველ ტაიმში მალხაზ კოხრეიძის შეგირდები პერიმეტრიდან ტყორცნების წყალობით კუდში მისდევდნენ საევროჩელენჯოდ გამზადებულ არმიელებს, თუმცა მას მერე, რაც ძალოვანთა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა დაცვითი ზღუდე საკუთარი სამქულიანი ხაზიდან მეტოქის ნახევრამდე გადასწია, ქუთათურ უკანახაზელთა შეცდომებმაც იმატა (სულ 20), ხოლო ევროპაში გამობრძმედილმა "არმიის" ლეგიონერებმა გაილაღეს - არაერთი სწრაფი გარღვევით და ჩატენვით დაგვამახსოვრეს თავი.

კოტეს გუნდმა დაცვაში მართლაც ევროპული დონე გამოამჟღავნა, შეტევას კი ნელ-ნელა ალაგებს. თუ სეზონის პირველ მატჩში "დინამოსთან" ზოგიერთმა ლეგიონერმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა, შედარებით ძლიერ მეტოქე "ქუთაისთან": გეინსმა დაგვანახა, რომ სროლაც კარგად შეუძლია, პასების ჩამორიგებაც და თუ საჭირო გახდა სწრაფი გარღვევაც; რიჩარდსონი მაღალ ტემპში თამაშის ოსტატია;შელბომმა, ტომასმა და დიასმა პირველივე მატჩში გამოამჟღავნეს თავი.

მომდევნო ტურში "არმია" შსს-ს ეთამაშება, რაც ევროჩელენჯის დაწყების წინ (8 ნოემბერს) გენერელური რეპეტიცია იქნება.

რობო, ივიცა, თუ ლაშა?
29 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
შსს-ოლიმპი 72:80
16:22, 29:19, 15:19, 12:20
შსს: კრეპსი (34ქ, 10მ), წივწივაძე (7ქ), თენიეშვილი, დვალიშვილი (16ქ), იმნაძე (2ქ); მაქემონი (7ქ), ლაფანაშვილი (2ქ), ლონდარიძე (2ქ), ტუჯანი (2ქ).
ოლიმპი: გამყრელიძე (22ქ, 14პ, 7მ), სლიუკა (14ქ), გულისაბედაშვილი (6ქ), მ. ბერიშვილი (9ქ, 8მ), მილუტინოვიჩი (24ქ, 16მ); მუმლაძე, ჰოგერი (5ქ).
კომისარი: რ. ხომერიკი
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე

შაბათს, შსს-სა და "ოლიმპის" გამოჩენამდე გუნდებმა საინტერესო "ტილოები" კი წარმოადგინეს, მაგრამ ცენტრალური მატჩი მაინც მეოთხე შეხვედრა გამოდგა. ლოგიკურიცაა, ტურის საუკეთესოს შერჩევისას სამი კანდიდატი შსს-"ოლიმპის" მატჩიდან იყო: რობო კრეპსი, რომელსაც პირველ ტაიმში ყველაფერი გამოსდიოდა: ბურთსაც ჭრიდა და სროლას იშვიათად აცილებდა (6-დან 5 სამქულიანი საწყის 20 წუთში).

მას მეორე ნახევარში აჩრდილივით აედევნა "ოლიმპის" ლეგიონერი სლიუკა და რობოს შედეგიანობამაც იკლო, თუმცა კრეპსი მატჩის ბომბარდირიც გახდა და სეზონის რეკორდიც დაამყარა - 34 ქულა ჩააგდო. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი ფარღალავასა და გაის ეკუთვნოდათ - 31-31 ქულა.

კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ფარქვეშიდან "ოლიმპის" ფორვარდმა მილუტინოვიჩმა, რომლის ანგარიშზე 24 ქულა და 16 მოხსნაა. საქართველოს ნაკრების წევრი, ლაშა გამყრელიძე კი უნარიანად ხელმძღვანელობდა ოლიმპელთა იერიშებს. მან 22 ქულა ჩააგდო და პასებში სეზონის რეკორდი დაამყარა - 14.

ჟურნალისტებმა ბევრი მსჯელობის შემდეგ ტურის №1 კალათბურთელად გამყრელიძე დავასახელეთ.

მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, რომელის ქრონოლოგიასაც აქ გთავაზობთ:

შსს-ოლიმპი
6:16 მ. ბერიშვილი 3ქ (67:67)
5:50 გამყრელიძე 2ქ (67:69)
5:18 დვალიშვილი 2ქ (69:69)
5:02 გამყრელიძე 1ქ (69:70)
4:46 დვალიშვილი 1ქ (70:70)
4:26 გამყრელიძე 2ქ (70:72)
3:55 სლიუკა 2ქ (70:74)
3:37 წივწივაძე (72:74)
3:25 მილუტინოვიჩი 2ქ (72:76)
2:03 მილუტინოვიჩი 2ქ (72:78)
1:39 გამყრელიძე 1ქ (72:79)
0:38 სლიუკა 1ქ (72:80)
შსს-ში პირველი მატჩი ჩაატარა გოფრი მაქემონმა, რომელსაც კოლეჯების ლიგაში საშუალოდ 14 ქლა ჰქონდა. მომდევნო მატჩებში იგი გუნდს კიდევ რომ შეეწყობა მეტ სარგებელს მოუტანს.

სოხუმური დუეტი
29 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
სოხუმი-დინამო 84:73
24:10, 20:19, 16:24, 24:20
სოხუმი: ფარღალავა (28ქ, 9მ, 6პ), კანკია (3ქ), ჩლაიძე (8ქ), ფაცაცია (27ქ, 10მ, 5პ), ათუაშვილი (6ქ); როგავა, ბულიავა (2ქ), გაფრინდაშვილი, ქადარია (10ქ, 12მ).
დინამო: ბაქრაძე (10ქ), სანაძე (6ქ), დეივი (10ქ), კეიდია (7ქ), როდუმტა (6ქ); ს. ლეჟავა (3ქ), მარხვაშვილი (13ქ), ალხანაიძე, ჯანგველაძე (7ქ), სუხიშვილი (11ქ).
კომისარი: თ. ქიქოძე
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე, კ. კუპატაძე

მესამე ტურის წინ "სოხუმიდან" ბოლო ამერიკელი წავიდა (ბრენდონ გაი), ხოლო "დინამოში" პირველი ლეგიონერი გამოჩნდა (ნოელ დეივი).

ამის მიუხედავად, სოხუმელებმა თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და სეზონის მესამე გამარჯვება მოიპოვეს. პირველ მეოთხედში მათ 24:10 იმარჯვეს (17 ქულა ლევან ფაცაციას ანგარიშზე იყო, 7 - ლაშა ფარღალავასი). საბოლოოდ ლაშამ ლევანს გაასწრო, 28 ქულა ჩააგდო, ერთით მეტი ვიდრე ფაცაციამ (27 ქულა, 10 მოხსნა). მის გარდა ორმაგი დუბლი ვახტანგ ქადარიამ შეასრულა.

"დინამოს" დებიუტანტი მოელ დეივი კარგი კალათბურთელი ჩანს, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ აკლიმატიზაცია ჯერ არ გაუვლია.

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სოხუმი 3 3 0 280/205 6
2. ქუთაისი 3 2 1 255/223 5
3. სტუ 3 2 1 278/251 5
4. შსს 3 2 1 267/245 5
5. არმია 2 2 0 179/102 4
6. ოლიმპი 2 2 0 149/140 4
7. სამედიცინო 3 1 2 230/259 4
8. თსუ 2 1 1 145/137 3
9. ბათუმი 3 0 3 212/263 3
10. დინამო 3 0 3 199/282 3
11. რუსთავი 3 0 3 205/292 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული