სუპერლიგა. III ტურის რჩეულნი

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას - მესამე ტური წინამორბედთაგან აშკარად განსხვავდებოდა. თანაც დადებითი კუთხით, რასაც უბრალო სტატისტიკაც მოწმობს: დაფარებების გარდა ყველა ძირითად კომპონენტში დაამხო რეკორდი.

ქულა:  შსს-ს უკანახაზელმა რობო კრეპსმა 13-დან 7 სამქულიანი, 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 3 საჯარიმოც მიაყოლა და 34 ქულას მოუყარა თავი. რობომ წინა ტურებში ლაშა ფარღალავას და ბრენდონ გაის მიერ დამყარებული 31-31-ქულიანი რეკორდები დაამხო.

მოხსნა:  მესამე ტურამდე მოხსნების რეკორდი 16-ს უდრიდა. ეს შედეგი გასულ შაბათს ორმა კალათბურთელმა გაიმეორა - ოლიმპელმა ილიცა მილუტინოვიჩმა და სტუ-ელმა ზურა მაჩალაძემ.

პასი: მილუტინოვიჩმა
24 ქულა მოაგროვა. ქულათა უმეტესობა მან ლაშა გამყრელიძის შედეგიანი გადაცემების შედეგად მიითვალა. შესაბამისად, ლაშამ სეხნია ფარღალავას 10-პასიანი რეკორდი გააუმჯობესა - 14.

ჩაჭრა: მესამე ტურამდე ერთ მატჩში ყველაზე მეტი ჩაჭრა (5) ახალგაზრდა დუდა სანაძეს ჰქონდა. მას ასევე ახალგაზრდა რევაზ ჩაჩანიძემ გადაასწრო - სტუ-სთან ბურთი შვიდჯერ ჩაჭრა.

ტურის საუკეთესო კალათბურთელი კრეპსს, მილუტინოვიჩსა და გამყრელიძეს შორის უნდა აგვერჩია. რადგან ლაშას გუნდმა გაიმარჯვა, ხოლო ბოლო წუთებზე მან წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ტურის №1 კლათბურთელად გამყრელიძე დავასახელეთ.

გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- ჯერ ის გვითხარი, რატომ გადაწყვიტე "ოლიმპში" თამაში?
- თავიდან გუნდი მაღალ მიზნებს არ ისახავდა, მაგრამ მალე მიზანი შეიცვალა, გუნდში კარგი უცხოელები გამოჩნდნენ და მეც დამიძახეს. ამ სეზონში "ოლიმპი" საპრიზო სამეულისთვის აპირებს ბრძოლას. ასეთი ამბიციების გუნდში თამაში კი ჩემთვისაც მიმზიდველია.

- რით შეიძლება "ოლიმპის" სუპერლიგის სხვა გუნდებისგან განსხვავება?
- ახალი შეკრებილები ვართ, თუმცა ერთმანეთს კარგად ვუგებთ და სერიოზულ ძალასაც წარმოვადგენთ. ჩვენთან თამაში ბევრს გაუჭირდება. ეს ბოლო ტურშიც გამოჩნდა, როცა შსს დავამარცხეთ. მანამდე ვძლიეთ თსუ-ს, რომელიც ასევე ჩვენი კონკურენტია.

- ბოლო მატჩში ვის გამოარჩევდი?
- საუკეთესოს მეც "ოლიმპიდან" ავირჩევდი, რადგან ყველამ კარგად ვითამაშეთ. გამარჯვებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანეს მილუტინოვიჩმა, სლიუკამ, ბერიშვილმა...

- ორი წლის წინათ საქართველოდან რომ წახვედი ლეგიონერები ერთი ხელის თითზე თუ ჩამოითვლებოდა. ახლა სხვაგვარი სიტუაციაა.
- ფაქტია, რომ უცხოელებმა საქართველოს ჩემპიონატს მეტი ინტერესი შემატეს. წლეულს ჩვენს პირველობაზე მაღალი დონის ლეგიონერები თამაშობენ. მისასალმებელია ისიც, რომ "ქუთაისში" მხოლოდ ერთი უცხოელია (აზერბაიჯანის ნაკრების გამთამაშებელი), მაგრამ ქუთათურებს სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ.

სუპერლიგა. III ტური. სიმბოლური ხუთეული "ლელოს" ვერსიით.

მწვრთნელი: გია კაზანჯიანი ("ოლიმპი")


N1: ლაშა გამყრელიძე ("ოლიმპი")

წუთი: 38, ქულა: 22, მოხსნა: 7, პასი: 14

N2: სანდიატა გეინსი ("არმია")

წუთი: 27, ულა: 18, ჩაჭრა:5, პასი: 4

N3: რობო კრეპსი (შსს)

წუთი: 38, ქულა: 34, მოხსა: 10, პასი: 4

N4: ზურაბ მაჩალაძე (სტუ)

წუთი: 26, ქულა: 16, მოხსნა: 16, დაფარება: 4

N5: ილიცა მილუტინოვიჩი ("ოლიმპი")

წუთი: 37, ქულა: 24, მოხსნა: 16, დაფარება: 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული