საქართველოს XXI ჩემპიონატი. IV ტური

AutoSharing Option
შარშან და შარშანწინ, ყოფილა შემთხვევა მატჩის მიმოხილვა სპორტის სასახლეშივე, მომდევნო თამაშის მსვლელობისას დამიწერია. იგივე წლეულსაც მოვისურვე, მაგრამ ვერ ხერხდება, რადგან იმდენად საინტერესო შეხვედრებია, მათი მიმდინარეობისას სხვაზე წერა მოცდენის ტოლფასია. თუ აქამდე ძირითადად იოლი გამოსაცნობი იყო შედეგი და შუა თამაშში რადიკალურ ტაქტიკური ცვლილებით შეხვედრის ბედის გადაწყვეტის შანსი თითქმის არ იყო, წლეულს სიტუაცია შეიცვალა: ხარისხიანი ლეგიონერების მომრავლებასთან ერთად მწვრთნელებს ტაქტიკის გამრავალფეროვნების საშუალება მიეცათ, რაც უთუოდ საინტერესო სანახავია.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყოველ ტურში ახალ-ახალი რეკორდი მყარდება და ახალ-ახალი უცხოელი ჩნდება. მაგალითად, მეოთხე
ტურის პირველ მატჩში სოხუმელმა ლაშა ფარღალავამ 38 ქულა მოაგროვა, რაც მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. შაბათის ბოლო შეხვედრაში კი ორი დებიუტანტი უცხოელი ვიხილეთ - ფილიპ სამოილოვიჩი და კეიონ კარტერი.

5 ნოემბერი, თბილისი. სპორტის სასახლე
ოლიმპი-სოხუმი 90:76
29:13, 23:18, 25:27, 13:18
ოლიმპი: გამყრელიძე (22ქ), სლიუკა (18ქ), გულისაბედაშვილი (11ქ), მ. ბერიშვილი (14ქ), მილუტინოვიჩი (14ქ, 11მ); ნანიტაშვილი, თავართქილაძე (1ქ), სიგუა, მუმლაძე, სულაბერიძე, ჰოგერი (10ქ).
სოხუმი: გაფრინდაშვილი, ფარღალავა (38ქ), კანკია, ფაცაცია (18ქ, 13მ), ათუაშვილი (14ქ); როგავა, სორდია (2ქ), ქადარია (4ქ).
კომისარი: რ. ხომერიკი
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი

სადამდე ავა ფარღალავა?
შესავალში დაწყებულს განვაგრძობთ: მიმდინარე სუპერლიგის პირველ ტურში "სოხუმის" ამერიკელმა ფორვარდმა ბრენდონ გაიმ 31 ქულა ჩააგდო, მომდევნო ტურში იგივე გაიმეორა მისმა თანაგუნდელმა ლაშა ფარღალავამ, ხოლო მესამე ტურში მათი რეკორდი შსს-ს უკანახაზელმა რობო კრეპსმა მოხსნა - 34 ქულა. ვერც ამ რეკორდმა გაძლო დიდხანს: 5 ნოემბერს მანამდე წაუგებელ "სოხუმს" "ოლიმპთან" ძალიან გაუჭირდა. თამაშის გადარჩენა ფარღალავამ სცადა, ქულას ქულა მიაყოლა და რეკორდიც დაამყარა (38), თუმცა მისი კარგი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

სოხუმელები სწრაფი თამაშით ცდილობდნენ შეტევა პირველივე ფაზაში სწრაფად დაესრულებინათ, თუმცა ეს მხოლოდ 12-ჯერ მოახერხეს, გაცილებით უკეთესად გამოსდიოდათ პირველი შეტევა "ოლიმპის" კალათბურთელებს, რომლებმაც საწყის წუთებზე სლიუკას სამი სამქულიანის შემდეგ 15:0 გაქცევა მოაწყვეს და 22:6 დაწინაურდნენ. ხორვატ უკანახაზელთან ერთად 10-ქულიან ზღვარს ასცდა ხუთი ოლიმპელი, რაც გუნდური თამაშის კარგი კატალიზატორია.

მეორე ტაიმში "სოხუმმა" გაიბრძოლა, მაგრამ პირველ მარცხს თავი მაინც ვერ აარიდა, "ოლიმპი" კი "არმიასთან" ერთად დაუმარცხებელია.

5 ნოემბერი, თბილისი. სპორტის სასახლე
შსს-არმია 62:100
25:18, 9:25, 15:31, 13:26
შსს: წივწივაძე (2ქ), კრეპსი (24ქ), მაქემონი (3ქ), ტუჯანი (4ქ), დვალიშვილი (11ქ, 8მ); ლაფანაშვილი, ნიკოლაძე (3ქ), ლონდარიძე (5ქ), ლომოური, თენიეშვილი (4ქ), იმნაძე (6ქ), ბოქოლიშვილი
არმია: გეინსი (14ქ, 12პ), დიასი (14ქ), ბოისა (2ქ), ტომასი (22ქ, 8მ), შელბომი (9ქ, 10მ); რიჩარდსონი (16ქ), ბაბიაშვილი (11ქ), კვიმსაძე (3ქ), მოსეშვილი, ათანელიშვილი (2ქ), საყვარელიძე (6ქ)
კომისარი: მ. რატიშვილი
მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე, ს. სინერსი

ტომ100
ძალოვანთა დაპირისპირება ორი განსხვავებული მონაკვეთისგან შედგებოდა: პირველი საწყის 10 წუთს მოიცავდა, მეორე - მომდევნო 30-ს. აი, რა მოხდა 10 წუთში: შსს-ს სნაიპერმა რობო კრეპსმა 9 ქულა ჩააგდო; მისმა თანაგუნდელებმა 3 სამქულიანი გამოიყენეს ("არმიამ" ვერცერთი); პირველი შეტევით შსს-მ 5 ქულა, მიითვალა, "არმიამ" - 4; დავით უსტიაშვილის გუნდის სათადარიგოთა ანგარიშზე 9 ქულა იყო, კოტე ტუღუშის სათადარიგოებზე - 0. შესაბამისად, საწყის 10 წუთში შსს 25:18 დაწინაურდა (იყო 9-ქულიანი სხვაობაც).

ევროჩელენჯის მატჩის წინ არმიელებს ასეთი შეფუცხუნება ნამდვილად სჭირდებოდათ. თუმცა საქართველოს ჩემპიონის რიგებში მაღალი კლასის პროფესიონალები არიან თავმოყრილნი და გამოსაფხიზლებლად პირველივე შესვენება ეყოთ - მეორე პერიოდიდან მათ დაცვას ჩვეულად მიხედეს, მეტოქეს საკუთარი ნახევრიდანვე აგრესიულად ეთამაშებოდნენ, რამაც სამქულიანების რეალიზების მაჩვენებელი მინიმუმამდე შეამცირა. ამიტომაც, შსს-მ პირველ მეოთეხდში ჩაგდებულ სამ შორეულ ტყორცნას მომდევნო 30 წუთში მხოლოდ ერთი მიამატა.

"გაშლილი პრესინგი" არმიელებს საქართველოს ჩემპიონატში კარგად გამოსდით, გავიხსენოთ, წინა ტურში "ქუთაისთან" მატჩი, თუმცა, მწვრთნელმა შაბათს დაცვის კიდევ არაერთი სისტემა მოსინჯა.

მეორე მეოთხედში შეტევაში ყველაფერი მას შემდეგ დალაგდა, რაც "არმიამ" ტემპს უმატა. გამთამაშებელ სანდიატა ეგინსს გრძელი, ზუსტი პასებით კარგად გაჰყავდა თანაგუნდელები "დასარტყმელ პოზიციაზე" და თავადაც სწრაფად გადადიოდა მეტოქის ნახევარზე. პირველი მეოთხედის შემდეგ მოედანზე გამოჩნდა ჯერემი რიჩარდსონი, რომელზეც წინა ტურშიც დავწერე - სწრაფ თამაშში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. თამაშში გარდატეხისას კი ქულათა სიუხვით გამოირჩა უილიამ ტომასი, რომელმაც საბოლოოდ 23 ქულა მოაგროვა და ტურის საუკეთესო კალათბურთელობაზე თამამი განაცხადი გააკეთა.

ზემოთ პირველი მეოთხედის ციფრებზე გელეპარაკეთ. საბოლოოდ "არმიამ" მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა: ფარქვეშიდან ჩაგდებულ ბურთებში - 44:22, პირველი შეტევისას მოგროვილ ქულებში - 37:9, მოხსნებში, სამქულიანებში, პასებში... და 100:62.

მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა სანდიატა გეინსმა, რომელმაც 14 ქულას 12 პასი მიამატა.

5 ნოემბერი, თბილისი. სპორტის სასახლე
დინამო-სამედიცინო 99:102 დ.დ.
21:28, 23:14, 29:20, 16:27, 10:13
დინამო: ბაქრაძე (7ქ), მარხვაშვილი (15ქ), ნოელი (4ქ), კარტერი (31ქ, 18მ), სუხიშვილი (2ქ); ს. ლეჟავა (5ქ), სანაძე (17ქ), კეიდია (10ქ, 9მ), ალხანაიძე (8ქ), მეხრიშვილი.
სამედიცინო: აბაიშვილი (4ქ), ტომარაძე (10ქ), ჩიკვილაძე (28ქ, 8პ), ბექაური (9ქ), ილიჩი (13ქ); კვეტენაძე (1ქ), ყველაშვილი, პირველაშვილი (10ქ), შვანგირაძე (2ქ), ჭოჭუა (17ქ), სამოილოვიჩი (8ქ).
კომისარი: მ. რატიშვილი
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, კ. კუპატაძე

მედიკოსთა ოვერგამარჯვება
საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე უცხოელთაგან "არმიას" ლეგიონერები სხვა სიმაღლეზე არიან. მათ ევროპასა თუ ამერიკაში ბევრი რამ აქვთ დამტკიცებული. სხვა გუნდებში კი უცხოელები დასამტკიცებლად ჩამოდიან.

ამერიკის კოლეჯების ლიგიდან ევროპაში კარიერის ასაწყობად გვეწვია "დინამოს" ტანმაღალი მოთამაშე კეიონ კარტერი, რომელსაც შაბათს დებიუტი ჰქონდა. ვინსი არ არის, მაგრამ კარგი კარტერია. მან პირველივე ტურში გაგვაოცა: 31 ქულა ჩააგდო და მოხსნებში სეზონის რეკორდი გაიმეორა - 18. მწვრთნელი, დავით თორთლაძე მას თითქმის არ ცვლიდა. მოკლედ, კეიონმა ჟურნალისტებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო და ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. შეიძლება ვინმე არ დაგვეთანხმოს - წაგებული გუნდიდან საუკეთესო რატომ შეარჩიეთო, თუმცა "ალიბი გვაქვს": "დინამოს" არ წაუგია, მატჩი ფრედ დასრულდა და ოვერტაიმში გაგრძელდა.

როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო წუთებზე, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კიდევ ერთ დებიუტანტზე ვთქვათ: "სამედიცინოს" მაისურით პირველად იასპარეზა გამთამაშებელმა ფილიპ სამოილოვიჩმა, რომელიც კარტერივით პირველივე მატჩში იოლად ვერ გაუშინაურდა ქართულ კალათბურთს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ "მედიკოსებს" დიდ სარგებელს მოუტანს.

მატჩის ბოლოს, როცა "სამედიცინო" ჯარიმებს ისროდა, კეიონი ტაბლოზე რაღაცას ითვლიდა, შემდეგ სათადარიგოთა სკამთან მივიდა და მწვრთნელს უთხრა - 27 ჯარიმა გვაქვს მიღებულიო. მას მერე "დინამო" კიდევ ექვსჯერ დაჯარიმდა (სულ 33). "სამედიცინოს" კი საბოლოოდ 12 ჯარიმა მოუგროვდა. სხვაობა თვალშისაცემია, მაგრამ ეს მსაჯების ერთი გუნდისადმი სიმპათიებზე მიუთითებს, თუ არა, ამაზე არბიტრების ზედამხედველები უნდა დაფიქრდნენ.

მეოთხე პერიოდის შუამდე "დინამო" 8-10 ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდა, თუმცა ხუთ-ხუთი ფოლის გამო კალათბურთელთა გამოკლებამ (ბაქრაძე, კეიდია, ნოელი, ალხანაიძე) დაღმასვლა გამოიწვია, რასაც "სამედიცინოს" გამოფხიზლება მოჰყვა. მოკლედ, მივყვეთ ქრონოლოგიას.

IV პერიოდი
დინამო-სამედიცინო
4:55 ილიჩი 2ქ (80:75)
4:22 ჩიკვილაძე 2ქ (80:77)
3:52 პირველაშვილი 1ქ (80:78)
3:38 ჩიკვილაძე 1+1 (80:80)
3:23 კეიდია 3ქ (83:80)
2:44 ჩიკვილაძე 1+1 (83:82)
2:27 ლეჟავა 2ქ (85:82)
1:50 კარტერი 2ქ (87:82)
1:41 ჭოჭუა 2ქ (87:84)
1:21 კარტერი 2ქ (89:84)
0:46 ჭოჭუა 2+1 (89:87)
0:18 პირველაშვილი 1+1 (89:89)
0:02 სანაძე 2ქ (არაზუსტი)

ოვერტაიმი
4:44 აბაიშვილი 3ქ (89:92)
4:17 ჭოჭუა 2ქ (89:94)
3:31 პირველაშვილი 1+1 (89:96)
3:01 სანაძე 3ქ (92:96)
2:48 ჭოჭუა 1+1 (არაზუსტი)
2:30 ალხანაიძე 2ქ (94:96)
2:04 მარხვაშვილი 2ქ (96:96)
1:51 ჩიკვილაძე 2ქ (96:98)
1:33 კარტერი 2ქ (98:98)
0:51 ჭოჭუა 2+1 (98:101)
0:17 ჩიკვილაძე 1+1 (არაზუსტი)
0:12 ლეჟავა 1ქ (99:100)
0:11 ილიჩი 1ქ (99:102)

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სოხუმი 4 3 1 356/295 7
2. ქუთაისი 4 3 1 344/295 7
3. სტუ 4 3 1 358/330 7
4. არმია 3 3 0 279/164 6
5. ოლიმპი 3 3 0 239/216 6
6. შსს 4 2 2 329/345 6
7. სამედიცინო 4 2 2 332/358 6
8. თსუ 3 1 2 217/226 4
9. ბათუმი 4 0 4 291/343 4
10. დინამო 4 0 4 298/384 4
11. რუსთავი 3 0 3 205/292 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული