კარგია, კარტერ - სუპერლიგის IV ტურის მიმოხილვა

AutoSharing Option
მიმდინარე კვირას ჯერ "არმიამ" ითამაშა ევროჩელენჯზე წარმატებით, შემდეგ - ევროლიგაზე ქართველებმა იყოჩაღეს და სუპერლიგის მეოთხე ტურის მიმოხილვამ კვირის ბოლოსთვის გადაიწია, თან ისე, რომ მომდევნო ტურის ორი მატჩი დღევანდელ სტატიას "დაეწია"...

გასულ უქმეებზე ცენტრალური თამაში შსს-სა და "არმიას" შორის შედგა, თუმცა დავით უსტიაშვილის შეგირდებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში აჯობეს ევროჩელენჯისთვის მზადების პროცესში მყოფ "არმიას". მეორე მეოთხედიდან კოტე ტუღუშის შეგირდები დიდ უპირატესობას დაეუფლნენ და დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს.

ამ შეხვედრიდან ტურის სიმბოლურ ნაკრებში გამთამაშებელი სანდიატა გეინსი (14 ქულა, 12 პასი) და ფორვარდი უილი
ამ ტომასი შევიყვანეთ. ამ უკანასკნელმა მეორე პერიოდში თამაშის შემოტრიალებისას გადამწყვეტი როლი ითამაშა. რადგანაც ტომასს ცენტრადაც კარგად შეუძლია თამაში, სიმბოლურ ნაკრებში მას მეხუთე ნომრად მივუჩინეთ ადგილი.

ბათუმში სტუ-მ მასპინძლები მინიმალური სხვაობით დაამარცხა. შეხვედრის ბომბარდირი ვასილ ბერუაშვილი გახდა (22 ქულა), თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესო იყო ზვიად ანთაძე - 21 ქულა, 18 მოხსნა (სეზონის რეკორდი). ზვიადი სიმბოლურში მსუბუქ ფორვარდად დავაყენეთ.

"ქუთაისმა" 89:72 დაამარცხა თსუ. წარმატებაში დიდი წვლილი გიგი ბარბაქაძემ შეიტანა - 31 ქულა ჩააგდო, იმედია გიგი არ გვიწყენს, რომ მისთვის სიმბოლურში ადგილი ვერ გამოინახა.

მსროლელის პოზიციაზე ლაშა ფარღალავაა, რომელმაც რეკორდი დაამყარა - 38 ქულა ჩააგდო (არც ამ რეკორდმა გაძლო დიდხანს)...

ბოლოს "დინამოს" დებიუტანტ კეიონ კარტერზე უნდა ვთქვათ. ამ კალათბურთელის ჩამოსვლამდე მისი თამაშის ამსახველი მომენტები ინტერნეტით ვნახეთ. საბედნიეროდ ერთი კომპონენტის გარდა კომპიუტერის მონიტორზე და სპორტის სასახლეში ნანახი ერთმანეთს დაემთხვა - კარტერი ფარქვეშიდანაც "რბილად" ესვრის და საშუალო დისტანციიდანაც. შედეგად, პირველივე მატჩში 31 ქულა მოაგროვა, რასაც 18 მოხსნა მიაყოლა.

პირველადი შთაბეჭდილებით 203 სმ სიმაღლის კარტერის გვერდით მოედანზე აუცილებლად უნდა იყოს ცენტრი, რომელიც სამწამიან ზონაში იმუშავებს. შესაბამისად, კარტერს თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცემა და გუნდსაც მეტ სარგებელს მოუტანს.

ერთადერთი, რაც ინტერნეტით ნანახს არ დაემთხვა, სამქულიანები იყო - კოლეჯების ლიგაში კეიონი შორეული ტყორცნებით გამოირჩეოდა, "დინამოს" მაისურით კი 41 წუთში ერთადერთი სამქულიანი ისროლა. დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, უახლოეს მატჩებში კარტერის შესრულებულ არაერთ სამქულიანს ვიხილავთ.

სუპერლიგა. IV ტურის რჩეულნი
ქუთაისი-თსუ 89:72
ბათუმი-სტუ 97:80
დინამო-სამედიცინო 99:102
შსს-არმია 62:100
ოლიმპი-სოხუმი 90:76

რეკორდები
ქულა
38 - ლაშა ფარღალავა (სოხუმი)
2-ქულ 11/16; 3-ქულ 4/11; საჯ 4/4
05.11.11 ოლიმპი-სოხუმი

პასი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
29.10.11 შსს-ოლიმპი

ჩაჭრა
7 - რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი)
29.10.11 სტუ-რუსთავი

დაფარება
6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)
15.10.11 თსუ-ოლიმპი
6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)
05.11.11 დინამო-სამედიცინო

მოხსნა
18 - ზვიად ანთაძე (სტუ)
(მეტოქ: 5; საკუთ: 13)
04.11.11 ბათუმი-სტუ
18 - კეიონ კარტერი (დინამო)
(მეტოქ: 7; საკუთ: 11)
05.11.11 დინამო-სამედიცინო

სუპელიგ. IV ტური. სიმბოლური ნაკრები
#4 კეიონ კარტერი (დინამო), #5 უილიამ ტომასი (არმია), #2 ლაშა ფარღალავა (სოხუმი), #3 ზვიად ანთაძე (სტუ), #1 სანდიატა გეინსი (არმია).
მწვრთნელი: ნუგზარ კანდელაკი (სამედიცინო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული