საქართველოს XXI ჩემპიონატი. VII ტური

AutoSharing Option
მეშვიდე ტურში ხუთიდან მხოლოდ ორ მატჩში ვიხილეთ დაძაბული მეოთხე პერიოდი. პარასკევს, რუსთავში ადგილობრივმა გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ ლიდერ "ოლიმპს". ქვემოქართლელები მეოთხე პერიოდის წინ მინიმალური სხვაობითაც იგებდნენ, მაგრამ გადამწყვეტ რაუნდში შედარებით გამოცდილმა თბილისელებმა 10-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს, საბოლოოდ - 74:65 "ოლიმპის" სასარგებლოდ.

აქვე შეგახსენებთ, რომ პარასკევსვე "დინამომ" ექვსკაციან "ბათუმს" აჭარაში 98:66 მოუგო. ტურის მომდევნო სამი შეხვედრა შაბათს თბილისში გაიმართა. ისევე როგორც მეექვსე ტურში, "სოხუმის" თსუ-სთან დიდი სხვაობით მოგება იყო მოულოდნელი, მეშვიდე ტურში სოხუმელების 23-ქულის სხვაობით დამარცხებას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.

ტურის
ცენტრალური მატჩი კი სტუდენტური დერბი გამოდგა, რომელშიც ყველა ოვერტაიმს ელოდა, როცა...

დანარჩენს უშუალოდ მატჩის მიმოხილვაში წაიკითხავთ.

საქართველოს XXI ჩემპიონატი. VII ტური

26 ნოემბერი.თბილისი. სპორტის სასახლე
სოხუმი-ქუთაისი 61:84
15:14, 14:29, 19:20, 13:21
სოხუმი: გაფრინდაშვილი (4ქ), ფარღალავა (23ქ), ფაცაცია (16ქ, 15მ), ჯგერენაია (2ქ), ქადარია (7ქ), კანკია, ჩლაიძე, სორდია (9ქ).
ქუთაისი: ბაბუნაშვილი (5ქ), ცეკვავა (14ქ), დიდია (10ქ), დ. ბარბაქაძე (17ქ), მათიაშვილი (17ქ, 9მ), ფაშაევი (6ქ), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (13ქ, 9მ), კოღუაშვილი (2ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი
კომისარი: რ. ხომერიკი

მეექვსე ტურში თსუ-ს დამაჯერებელი ძლევის შემდეგ "სოხუმისგან" "ქუთაისთან" ასევე კარგ თამაშს ველოდით, რაც საინტერესო მატჩის საწინდარი უნდა გამხდარიყო.

მითუმეტეს, რომ მეშვიდე ტურის წინ სოხუმელები ორი კადრით გაძლიერდნენ: ამერიკიდან ჩამოვიდა ფორვარდი გიორგი ჯგერენაია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოდიოდა. მთავარი სიახლე კი მწვრთნელის, რიმვიდას სამოელინასის გამოჩენა იყო, რომლისთვისაც "ქუთაისთან" შეხვედრა სადებიუტო იყო. სხვათა შორის, ჯგერენაია რამდენიმე წლის წინათ ლიტვაში, არვიდას საბონისის აკადემიაში სწორედ სამოელინასის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა.

წინა ტურში "ქუთაისმა" შინ წააგო შსს-სთან, რის შემდეგაც რეაბილიტაცია სწორედ "სოხუმთან" მატჩში სცადა. გამოუვიდა კიდეც - მაქსიმალურად შეუზღუდა სივრცე მასპინძელთა ლიდერებს ლაშა ფარღალავასა და ლევან ფაცაციას, რომლებიც ბოლო მატჩებში 30-ზე მეტ ქულას აგდებენ. შაბათს კი ლაშამ 23 ქულა მოაგროვა, ლევანმა - 16. სხვა სოხუმელები 10-10 ქულას ვერ ასცდნენ. გამოსარჩევია "ქუთაისის" გუნდური გარჯა.

სამწამიანი ზონიდან იმერლებმა ორჯერ მეტი ქულა მიითვალეს: 44:22. ასეთი სხვაობა იმიტომაც დაფიქსირდა, რომ ვარჯიშისას ლავიწის ძვალი დაუზიანდა 225 სმ სიმაღლის სერგო ათუაშვილს.


26 ნოემბერი. თბილისი. სპორტის სასახლე
სტუ-არმია 71:112
19:28, 27:28, 14:25, 11:31
სტუ: ძიძიგური (14ქ), ანთაძე (5ქ), ვ. ბერუაშვილი (10ქ, 8მ), ჩაჩიბაია (5ქ), კობიძე (9ქ), თევზაძე (2ქ), მაჩალაძე (6ქ), ხანიაშვილი (18ქ), ჯავახიშვილი, დეკანოიძე, კორძაძე (2ქ).
არმია: დიასი (4ქ), კვიმსაძე (8ქ), საყვარელიძე (10ქ, 8პ), ბაბიაშვილი (16ქ, 11მ), შელბომი (11ქ), რიჩარდსონი (16ქ), ბოისა (13ქ, 10მ), მინაშვილი (16ქ), მოსეშვილი, ათანელიშვილი (13ქ), გეინსი (5ქ, 8პ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, ს. საინერსი
კომისარი: მ. რატიშვილი

"არმიამ" ახალგაზრდულ სტუ-ს 112:71 აჯობა. სხვაობა სოლიდურია, მაგრამ ვინც მატჩი იხილა, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ შეხვედრა უფერული სანახავი არ იყო. ზურაბ ტომარაძეს კარგად ორგანიზებული სტუდენტური გუნდი ჰყავს, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მეტოქის რეგალიებს - თანატოლთანაც და ფავორიტთანაც ბოლომდე იბრძვის.

ამიტომაც თქვა ნამატჩევს არმიელთა თავკაცმა კოტე ტუღუშმა - ახალგაზრდა მეტოქემ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია და ევროჩელენჯის გასვლითი მატჩის წინ კარგი სპარინგი გამოგვივიდაო.

მწვრთნელმა სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი მოსინჯა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ "არმიაში" საკმარისად დაიტვირთნენ ქართველი კალათბურთელები. შესაძლოა, მწვრთნელი ადგილობრივებს გერმანულ "გოტინგენთან" (მატჩი სამშაბათს გაიმართება) სათამაშოდ ამზადებდა. საბოლოოდ სამმა კალათბურთელმა მოაგროვა 16-16 ქულა, რომელთაგან ორი ქართველია: ვახტანგ მინაშვილი, ზვიად ბაბიაშვილი, ჯერემი რიჩარდსონი. ორმაგი დუბლი მიითვალა ანატოლი ბოისამ - 13 ქულა, 10 მოხსნა.

"არმიის" განაცხადში არ იყო უილიამ ტომასი, რომელსაც ფეხის ტრავმა ჰქონდა, თუმცა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა დაგვამშვიდა - ტრავმა უმნიშვნელოა, ტომასი გერმანიაში ითამაშებსო.

არ უნდა გამოგვრჩეს მთავარი: 112 ქულა ჩემპიონატის რეკორდია.

26 ნოემბერ.თბილისი. სპორტის სასახლე
სამედიცინო-თსუ 91:93
27:24, 17:27, 17:25, 30:17
სამედიცინო: სამოილოვიჩი (7ქ), ჭოჭუა (6ქ), ტომარაძე (2ქ), ბექაური (20ქ, 12მ), ილიჩი (13ქ), ჩიკვილაძე (13ქ), ყველაშვილი, პირველაშვილი (6ქ), აბაიშვილი (19ქ), შვანგირაძე (5ქ).
თსუ: კოხრეიძე, ზ. მაისურაძე (24ქ), ჩქარეული, ნინიაშვილი (29ქ, 11მ), შერმადინი (6ქ), ფანჩულიძე (2ქ), კორკოტაძე, მარკოიშვილი (10ქ), ჩიტაშვილი (22ქ, 10პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.
კომისარი: რ. ხომერიკი

ტურის ცენტრალური მატჩი სტუდენტური დერბი იყო. თსუ-სა და "სამედიცინოს" დაპირისპირება თავიდან ბოლომდე სანახაობრივი გამოდგა, რომელსაც განსაკუთრებული ეფექტი გულშემატკივართა სიუხვემ შემატა.

თსუ-ს მწვრთნელმა, ნუგზარ ჭეიშვილმა "მედიკოსებს" ერთგვარი სიურპრიზი შესთავაზა: ლიდერის ფუნქციები დააკისრა ახალგაზრდა ზურაბ მაისურაძეს, რომელმაც სნაიპერული თვისებები გამოავლინა - 35 წუთში 24 ქულა მიითვალა (9-დან 6 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი). თსუ-ელთაგან შეტევაში ასევე გამოირჩა თორნიკე ნინიაშვილი, რომელიც მატჩის სნაიპერი გახდა - 29 ქულა, 11 მოხსნა.

"მედიკოსთა" რიგებში კი ბექა ბექაურმა მიითვალა ორმაგი დუბლი: 20 ქულა და 12 მოხსნა. სწორედ ამის შედეგია, "სამედიცინომ" მეტოქეს მოხსნებში 47:34 რომ აჯობა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ორი კალათბურთელი - მალხაზ აბაიშვილი ("მედიკოსთაგან") და მიხეილ ჩიტაშვილი (თსუ-დან). ორივემ ბოლო წუთებზე გამოიჩინა თავი.

მესამე პერიოდის ბოლოს თსუ 76:61 დაწინაურდა, თუმცა ნუგზარ კანდელაკის შეგირდებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე აბაიშვილის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ანგარიში გაათანაბრეს (91:91). დარჩენილ დროში ჩიტაშვილი ქარივით შეიჭრა "სამედიცინოს" ფარქვეშ და გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.

მატჩის ოქმში ჩიტაშვილის გასწვრივ ეფექტური სტატისტიკა დაფიქსირდა: 33 წუთი, 22 ქულა, 10 პასი, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა. ეს ციფრები და მიშას ბოლო წამების ნამოქმედარი მისი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელების საწინდარი გახდა.

სატურნირო ცხრილი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 6 6 0 563/391 12
2. სოხუმი 7 5 2 607/524 12
3. ქუთაისი 7 5 2 579/516 12
4. ოლიმპი 6 5 1 478/441 11
5. სამედიცინო 7 3 4 608/623 10
6. დინამო 7 3 4 591/623 10
7. შსს 6 3 3 514/515 9
8. სტუ 6 3 3 514/543 9
9. თსუ 6 2 4 462/492 8
10. ბათუმი 6 0 6 421/529 6
11. რუსთავი 6 0 6 427/567 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული