სუპერლიგა. IX ტურის რჩეულნი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სუპერლიგაში მეტად არათანაბარი მატჩები გაიმართა. შესაძლოა სწორედ ამიტომ გამარჯვებული გუნდების კალათბურთელებმა სტატისტიკა ლამაზად გაიფერადეს.

რიჩარდ მათიაშვილმა და ლაშა გამყრელიძემ სამმაგი დუბლები მიითვალეს (მათ მონაგარს სიმბოლურ ნაკრებში იხილავთ), ლარი ბლერმა საკუთარი მეტსახელი, "მექულე მექანიზმი" ბოლომდე გაამართლა, 33 ქულა ჩააგდო და "სამედიცინოს" დიდი სხვაობით დამარცხება განაპირობა.

სიმბოლურ ნაკრებში მეორე ქუთაისელიც მოხვდა - გიგი ბარბაქაძე, რომელმაც 7-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და 31 ქულამდე ავიდა.

სიმბოლურში წაგებული გუნდის წარმომადგენელიც შევიყვანეთ - "მედიკოსი" ბექა ბექაური. მან ბევრი იშრომა და 21 ქულას 12 მოხსნა
წაუმატა.

დღეს შემოგთავაზებთ ინტერვიუს ტურის ერთ-ერთ MVP-სთან, რიჩარდ მათიაშვილთან, რომელსაც 11 მოხსნის, 12 ქულისა და 13 პასის მოსაგროვებლად არც მეტი, არც ნაკლები 24 წუთი ეყო.

- ასეთი სტატისტიკის გაფორმება 24 წუთში როგორ მოასწარი?
- ძალიან მოვინდომე. როგორც წესი, საკუთარ მონაგარს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მეტ მნიშვნელობას გუნდურ თამაშს ვანიჭებ. თუმცა სტუ-სთან თამაშისას დავაკვირდი, რომ ბევრი პასი მომიგროვდა. მატჩის შემდეგ ოქმში სამმაგი დუბლის დაფიქსირება ნამდვილად გამეხარდა. უფრო სასიამოვნო ის იყო, რომ ტურში ერთბაშად ორი ტრიპლ-დაბლი დაფიქსირდა - ლაშა გამყრელიძემაც კარგად ითამაშა.

- სტუ-სთან იოლად გაიმარჯვეთ, არადა ამ გუნდთან დიდი სხვაობით მოგება ყველას უჭირს.
- როგორც უკვე ვთქვი, მატჩს მონდომებულები და სათანადოდ მომზადებულები შევხვდით, რადგან ვიცოდით, რომ ძლიერ გუნდთან გვქონდა საქმე. სტუ-მ ხომ "სამედიცინოც" დაამარცხა. საბოლოო შედეგი მატჩისადმი სწორმა მიდგომამ განაპირობა.

- "ქუთაისის" სხვა კალათბურთელებსაც მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტები ჰქონდათ.
- თითოეულმა ჩემმა თანაგუნდელმა კარგად ითამაშა. თუმცა სხვებისგან მაინც გიგი ბარბაქაძეს გამოვარჩევ, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა. მთავარი კი ისაა, რომ უმცროსმა "ველურამ" 7-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, რაც არათუ საქართველოს ჩემპიონატის, NBA-ის კალათბურთელებსაც უჭირთ.

- მიმდინარე სეზონში "ქუთაისისგან" რას უნდა ველოდეთ?
- ჯერ ფორმის პიკში არ ვართ. გეგმიურად მივდივართ და ოპტიმალურ კონდიციებს პლეი ოფისთვის უნდა მივაღწიოთ. მთავარი ბრძოლები ხომ გაზაფხულიდან დაიწყება. თუმცა არც რეგულარული ჩემპიონატია უინტერესო, რადგან თითქმის ყველა გუნდი კარგი ლეგიონერებით გაძლიერდა.


სუპერლიგა. IX ტური

არმია-ბათუმი 102:68
სამედიცინო-შსს 80:105
სტუ-ქუთაისი 78:107
დინამო-ოლიმპი 66:99
რუსთავი-თსუ 81:103

რეკორდები
ქულა
40 - ლევან ფაცაცია (სოხუმი)
2-ქულ 14/18; 3-ქულ 2/5; საჯ 6/6
11.11.11 ბათუმი-სოხუმი

მოხსნა
18 - ზვიად ანთაძე (სტუ)
(მეტოქ: 5; საკუთ: 13)
04.11.11 ბათუმი-სტუ

18 - ქიენ კარტერი (დინამო)
(მეტოქ: 7; საკუთ: 11)
05.11.11 დინამო-სამედიცინო

18 - ქიენ კარტერი (დინამო)
(მეტოქ: 10; საკუთ: 8)
19.11.11 დინამო-რუსთავი

პასი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
29.10.11 შსს-ოლიმპი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
10.12.11 დინამო-ოლიმპი

ჩაჭრა
7 - რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი)
29.10.11 სტუ-რუსთავი

7 - ნიკა რამიშვილი (ბათუმი)
11.11.11. ბათუმი-სოხუმი

დაფარება
6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)
15.10.11 თსუ-ოლიმპი

6- ბექა ბექაური (სამედიცინო)
05.11.11. დინამო-სამედიცინო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული