სამი რეკორდი - სუპერლიგის X ტურის რჩეულნი

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-10 ტურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა სწორი სელექციის შედეგი - ლარი ბლერმა 41 ქულა ჩააგდო, ქიენ კარტერმა - 19 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბენჟამენ ვუდსაიდმა 14 პასი შეასრულა.

სამივე მაჩვენებელი სეზონის რეკორდია, ოღონდ ვუდსაიდის შემთხვევაში რეკორდსმენის ნაცვლად სიტყვა "თანარეკორდსმენი" უნდა გამოვიყენოთ, რადგან ასევე 14 პასი ორჯერ მიითვალა "ოლიმპის" გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ.

აქვე გეტყვით, რომ ბლერი შსს-ს ახალწვეულია, კარტერი - "დინამოსი", ხოლო ვუდსაიდი - "არმიასი". სამივე კალათბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შევიყვანეთ, ხოლო ბლერი ჟურნალისტების გამოკითხვაში ტურის საუკეთესოდ დასახელდა. ჩვენი არჩევნის ობიექტურობას ლარის
მარგი ქმედების კოეფიციენტიც ადასტურებს - 40.

ძლიერ ლეგიონერებში გამოცდილი და ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები რომ არ იკარგებიან, ამის დასტურად სწორედ მე-10 ტური გამოდგება. ეფექტურად ითამაშა სტუ-ს 19 წლის ფორვარდმა ზურაბ მაჩალაძემ (26 წუთში 17 ქულა, 16 მოხსნა). ასევე კარგად გაისარჯა მისი თანაგუნდელი ზვიად ანთაძე (27 ქულა), თუმცა მარგი ქმედების მაჩვენებელი მაჩალაძეს უფრო მაღალი ჰქონდა (31) და სიმბოლურ ნაკრებშიც ის შევიყვანეთ.

ვეტერანი ლაშა კეშელავას ნაყოფიერი თამაში "ბათუმის" პირველი გამარჯვების საწინდარი გახდა. ლაშამ 28 ქულა, 14 მოხსნა მოაგროვა და ზღვისპირელებს რუსთავში მოაგებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული