ამის თქმის საფუძველს პირველი წრე გვაძლევს: 21-ე ჩემპიონატი ხომ მშვიდ ამინდში ამოვარდნილი ქარბუქივითაა - თუ მანამდე ლეგიონერები მხოლოდ 1-2 გუნდში იყვნენ, სადღეისოდ უცხოელი 10 გუნდში თამაშობს. რაც მთავარია: წარსულს ჩაბარდა არცთუ მაღალი დონის ლეგიონერების მოწვევის ტენდენცია.
ყველა ცდილობს, რაც შეიძლება, ძლიერი კალათბურთელი ჩამოიყვანოს. თავად განსაჯეთ: პირველი წრის შემდეგ "დინამოდან" ნოელ დეივი გაუშვეს, არადა ურიგო მოთამაშე არ იყო, ისევე, როგორც შსს-ელი ჯეფრი მაკქემონი. სამაგიეროდ,
ყველაზე დიდი რეფორმები სწორედ ძალოვანთა გუნდში განხორციელდა. ეს არც უნდა გაგვკვირვებოდა, რადგან პირველი წრის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.
შუა სეზონში მწვრთნელი სამედიცინოსაც შეეცვალა (ნუგზარ კანდელაკის ნაცვლად კახა შენგელია), "დინამოსაც" (დავით თორთლაძის ნაცვლად ირაკლი ხოშტარია) და "ქუთაისსაც" (მალხაზ კოხრეიძის ნაცვლად დავით უსტიაშვილი). თუ შსს-ში მწვრთნელით უკმაყოფილების საბაბი შედეგი იყო, გასაკვირია, რატომ გაათავისუფლეს მალხაზ კოხრეიძე, რომელმაც "ქართული" გუნდი (ერთადერთი, აზერბაიჯანელი ლეგიონერი ჰყავს) სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აიყვანა და წრის საუკეთესო მწვრთნელადაც დავასახელეთ.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილი დავით უსტიაშვილიც კარგად ათამაშებს ქუთათურებს - თასის ფინალში "არმიასთან" დაძაბულ ბრძოლაში 80:86 დათმო.
ცალკე მსჯელობის თემაა "არმია", რომელსაც მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია. იანვარში ქორქია-საკანდელიძის მემორიალი და საქართველოს თასი მოიგო. თუმცა, რაც დრო გადის, სამხედროებს უფრო უჭირთ იოლი გამარჯვებების მოპოვება.
გავიხსენოთ თუნდაც პირველი წრის ბოლო ტური, როცა არმიელებმა "ოლიმპს" მატჩის მიწურულ წამებზე ჯერემი რიჩარდსონის მიერ ჩაგდებული სამქულიანით მოუგეს. მეორე წრის წინ "ოლიმპი" ადრიატიკის ლიგაზე გამოცდილი მეფარე ივან ტოდოროვიჩით გაძლიერდა. სხვა გუნდი იქნება "დინამოც". მის რიგებს მილან ოლუიჩი, ბექა წივწივაძე და ალექსანდრე ზესევიჩი შეემატნენ.
სტუდენტურ გუნდებში ცვლილებები ძირითადად ქართველ კალათბურთელებს შეეხო. მათ შორის პირველი წრის შედეგების მიხედვით სტუ უნდა გამოვყოთ, რომლის მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე ახალგაზრდებისგან მაქსიმუმს წურავს და გუნდიც საპატიო მეექვსე ადგილზეა.
დანარჩენს უშუალოდ ჩემპიონატი გვიჩვენებს მანამდე პირველი წრის სიმბოლურ ხუთეულს გადავხედოთ.
გამთამაშებელი
უდავოა, ყველაზე მაღალი კლასის გამთამაშებელი სანდიატა გეინსი იყო, რომელიც "ნიუ ჯერსიდან" "არმიის" დასახმარებლად დროებით ჩამოვიდა. იგი ნოემბრის ბოლოს ამერიკაში დაბრუნდა. გეინსის ადგილი ასევე ძლიერმა გამთამაშებელმა ბენჟამინ ვუდსაიდმა დაიკავა.
დეკემბერში სუპერლიგას ლარი ბლერიც შეემატა, მაგრამ რადგან სამივემ პირველი წრე არასრულად ჩაატარა, სიმბოლურ ნაკრებში შეყვანისგან თავი შევიკავეთ. მათ ფონზე არანაკლებად გამოჩნდა საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ლაშა გამყრელიძე. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ლაშას გერმანიის ბუნდესლიგაში ორი წელი უქმად არ გაუტარებია.
მსროლელი
ყველაზე გულდასაწყვეტი შსს-ს მსროლელ-გამთამაშებლის, რობო კრეპსის ამერიკაში დაბრუნებაა. მან თავად გვითხრა, ოჯახი მომენატრა, აქ ცხოვრება ძალიან მიჭირს და შინ უნდა გავბრუნდეო. იგი ძალოვანთა ლიდერი იყო, საშუალოდ 23.1 ქულასა და 4.1 პასს აგროვებდა.
მსუბუქი ფორვარდი
პირველი წრის შემდეგ "სოხუმი" მეოთხე ადგილზე რომ არის, უმთავრესად ლევან ფაცაციასა და ლაშა ფარღალავას დამსახურებაა. არადა, გუნდში მწვრთნელი მწვრთნელზე იცვლებოდა და ასეთ პირობებში თამაშის ხარისხის შენარჩუნება მეტად რთულია. ფაცაციამ პირველ წრეშიც დაამტკიცა, რომ ამერიკაში მეტად სასარგებლო კალათბურთელად ჩამოყალიბდა.
მძიმე ფორვარდი
საქართველოს თასის ფინალზე ამერიკელ რობო კრეპსს პირველი წრის საუკეთესო კალათბურთელის დასახელება ვთხოვეთ. უილიამ ტომასიო - გვიპასუხა. როცა "არმიას" ფარქვეშ 10 ნომერი დგას, ნებისმიერ მეტოქეს უჭირს სამწამიანი ზონიდან ბურთის ჩაგდება. ტომასი შეტევაშიც შედეგიანია.
ცენტრი
არმიელი იოაკიმ შელბომი კარგი ცენტრია, თუმცა მასზე იმდენი ტვირთი არ ჰკიდია, რაც "ქუთაისის" ქართველ მეფარე რიჩარდ მათიაშვილზე. რიჩო საშუალოდ 16 ქულას, 9.8 მოხსნასა და 4.6 პასს აგროვებს. ამიტომ, წრის სიმბოლურ ნაკრებში ცენტრის პოზიციაზე მათიაშვილი დავაყენეთ.
წრის საუკეთესო
რეგულარული ეტაპის პირველ ნახევარში სიმბოლურ ნაკრებში ყელაზე მეტჯერ სოხუმელი ლევან ფაცაცია მოხვდა - ხუთჯერ. იგი ჟურნალისტებმა ტურის საუკეთესო მოთამაშედაც ყველაზე მეტჯერ (სამჯერ) დავასახელეთ. სტატისტიკაც ხელს გვიწყობს ფაცაციას წრის №1 კალათბურთელად დასახელებაში: საშუალოდ ორმაგ დუბლს აგროვებს - 24.9 ქულა, 11.5 მოხსნა.
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 10 10 0 895/628 20
2. ქუთაისი 10 8 2 879/758 18
3. ოლიმპი 10 8 2 799/715 18
4. სოხუმი 10 6 4 832/786 16
5. შსს 10 6 4 931/836 16
6. სტუ 10 5 5 840/872 15
7. დინამო 10 4 6 839/910 14
8. თსუ 10 4 6 808/844 14
9. სამედიცინო 10 3 7 843/892 13
10. ბათუმი 10 1 9 736/905 11
11. რუსთავი 10 0 10 705/961 10
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ხომ არ დაემატათ ვინმე ამ შუასეზონზე და არ ვიცით?
რამდენადაც მე დავითვალე 11-დან 7 გუნდს ყავს უცხოელი კალათბურთელები...
სოხუმს, სტუ-ს, თსუ-ს და ბათუმს არ ყავთ...