სუპერლიგა. XII ტურის რჩეულნი

AutoSharing Option
როგორც ორშაბათის ნომრიდან შეიტყობდით, მე-12 ტურის საუკეთესო კალათბურთელად "სამედიცინოს" მეფარე აკაკი დვალიშვილი დავასახელეთ, რომელმაც სტუ-ს ძლევაში 16-ქულიანი და 17-მოხსნიანი წვლილი შეიტანა. მასთან ინტერვიუს ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე ყურადღებას ტურის სიმბოლურ ნაკრებზე გავამახვილებთ.

* * *
მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ტანმაღალი ხუთეული სწორედ ამჯერადაა. მიზეზი მარტივია - მეორე წრიდან გუნდები წინა ხაზში საგრძნობლად გაძლიერდნენ. ეს შაბათის მატჩებშიც დავინახეთ: დინამოელებმა ოლუიჩმა და კარტერმა მნიშვნელოვნად განაპირობეს ტურის ცენტრალურ მატჩში "ქუთაისის" დამარცხება.

ასევე ხაზგასასმელია "სამედიცინოს" ტანმაღალი დუეტი - ოლიჩი-დვალიშვილი, რომელმაც სტუ-ს მეფარეებს აჯობეს. ტურში ყველაზე მაღალი,
30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა "შსს აკადემიას" ცენტრ ტრეისი სმიტს, რომელმაც 27 წუთში 24 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, თუმცა სიმბოლურში იმიტომ არ შევიყვანეთ, რომ ძალიან სუსტი მეტოქე ჰყავდა - "ბათუმს" ხომ ნომინალური ცენტრი არ ჰყავს.

სიმბოლურში დვალიშვილი ცენტრად დავაყენეთ, კარტერი მძიმე ფორვარდად, ოლუიჩი იმდენად მოძრავია, რომ მსუბუქ თავდამსხმელადაც უნდა შეძლოს თამაში. მითუმეტეს, რომ რჩეულ ხუთეულს სათავეში "დინამოში" მისი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია უდგას. დინამოელებმა "ქუთაისთან" იმდენად ეფექტურად მოიგეს, რომ სიმბოლურში მსროლელადაც ამ გუნდის წარმომადგენელი დუდა სანაძე შევიყვანეთ.

თსუ-ში ბექა ჩიკვილაძეს იშვიათად უწევს გამთამაშებლის ფუნქციების შესრულება, მაგრამ პლეიმეიქერობაც რომ ეხერხება გასულ სეზონში, სტუ-შიც დაამტკიცა. მართალია, მისმა გუნდმა "ოლიმპთან" წააგო, მაგრამ იმდენად ეფექტური მონაგარი ჰქონდა (24 ქულა, 10 პასი), რომ სიმბოლურ ხუთეულში მისთვისაც მოიძებნა ადგილი.

* * *

ახლა აკაკი დვალიშვილს მოვუსმინოთ.

- როგორც ჩანს, მეორე წრისთვის კარგად მოემზადეთ.
- თურქეთში ორკვირიანი შეკრება გვქონდა. იქაური უნივერსიტეტის გუნდებთან ორი მატჩი ჩავატარეთ და ორივეში გავიმარჯვეთ. საქართველოში დაბრუნებიდან მეორე დღეს თასის გათამაშებაში ჩავერთეთ, რაც ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპი იყო. ასე და ამგვარად, მეორე წრეს სათანადო კონდიციებში შევხვდით.

- მე-12 ტურში სტუ-ს დაუპირისპირდით, რომელთანაც "სამედიცინო" პირველ წრეში დიდი სხვაობით დამარცხდა.
- მატჩის წინ ბიჭებმა პირველ წრეში სტუ-სთან 29-ქულიანი მარცხი გაიხსენეს, ამის მიუხედავად, ნებისმიერ სტუდენტურ დერბის დიდი დატვირთვა აქვს. მატჩის პრინციპულობა კარგად გვქონდა გააზრებული და შეხვედრას მობილიზებულები შევხვდით. მართალია, პირველ მეოთხედში გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენი თამაში მალევე ვიპოვნეთ და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

- ტურის საუკეთესოდ დასახელებაც მნიშვნელოვნად განაპირობა "სამედიცინოს" გამარჯვებამ.
- სასიამოვნოა ჟურნალისტების არჩევანი ჩემზე რომ შეჩერდა. სიმართლე ვთქვა, სხვა მატჩების მონაწილეთა მონაგარს სათანადოდ არ გავცნობივარ და ვერ ვიტყვი, კიდევ ვინ იმსახურებდა. როგორც ყოველთვის ამჯერადაც მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, გუნდს მაქსიმალურად გამოვდგომოდი. მთავარი ხომ გუნდური წარმატებაა და არა ინდივიდუალური სტატისტიკა. თუმცა არც 17 მოხსნაა ხშირი. რაც შეეხება თამაშიდან სროლის სიზუსტეს, კარგი იქნებოდა უფრო მაღალი პროცენტით ჩამეგდო (12-დან 7 ორქულიანი). სხვა თანაგუნდელებთან ერთად ნემანია ილიჩს გამოვარჩევდი, რომელიც მეტად გამოცდილი კალათბურთელია.

- "სამედიცინოში" "შსს აკადემიიდან" იანვარში გადახვედი.
- დღევანდელი გადასახედიდან ეს გამართლებული ნაბიჯი იყო, რადგან აქ მეტი დრო მაქვს. 20 წლის კალათბურთელისთვის კი სათამაშო პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- 2011 წელს რამდენიმე თვით ესპანეთში იყავი, თუმცა კარიერის გაგრძელება საქართველოში გადაწყვიტე.
- ჩვენი ჩემპიონატის დონემ საგრძნობლად აიწია და აქაც შეიძლება კლასის ამაღლებაზე ზრუნვა. საქართველოში არაერთი ძლიერი მეფარეა, რომლებთან თამაშითაც დიდ გამოცდილებას ვიღებ.

- შემდეგი მატჩი "სოხუმთან" გაქვთ.
- სოხუმელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ და მაღალი მიზნებისთვისაც იბრძვიან. არც ჩვენ ვართ ნაკლებები და, ვფიქრობ, შაბათს საინტერესო თამაში გველის, რისთვისაც აქტიურად ვემზადებით.

რუსთავი-სოხუმი 61:74
ბათუმი-შსს აკადემია 56:96
დინამო-ქუთაისი 79:55
ოლიმპი-თსუ 103:80
სტუ-სამედიცინო 73:87

რეკორდები
ქულა
41 - ლარი ბლერი (შსს)
2-ქულ 11/21; 3-ქულ 4/8; საჯ 7/8
17.12.11 შსს-თსუ

მოხსნა
20 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)
(მეტოქ: 4; საკუთ: 16)
23.12.11 ბათუმი-ქუთაისი

პასი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
29.10.11 შსს-ოლიმპი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
10.12.11 დინამო-ოლიმპი
14 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)
17.12.11 სოხუმი-არმია

ჩაჭრა
7 - რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი)
29.10.11 სტუ-რუსთავი
7 - ნიკა რამიშვილი (ბათუმი)
11.11.11. ბათუმი-სოხუმი
7 - ლარი ბლერი (შსს)
23.12.11 რუსთავი-შსს

დაფარება
6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)
15.10.11 თსუ-ოლიმპი

6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)
05.11.11 დინამო-სამედიცინო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანაძე ძააააან მაგარია. რა მააგარი ჩატენაა ჯარიმიანად !!!!!!!!! სუსტი გუნდია გეპეი. და დვალიშვილის კარგი თამაში არ არის გასაკვირი. მორმალური მოთამაშე არ ოწინააგმდეგე გუნდში მგონი ტანმაგალი მოთამაშე არ თამაშობს. ან ოლუიჩი უნდა დაგესახელებინატ ან სანაძე
neimari 7
02:24 10-02-2012
0

სიახლეები პოპულარული