ლაშა ფარღალავა: უცხოელების გვერდით ქართველები უნდა გაიზარდონ

AutoSharing Option
დაგპირდით ტურის საუკეთესო კალათბურთელის, ლაშა ფარღალავას ინტერვიუს შემოთავაზებას. პირობას დღეს ვასრულებთ.

ლაშას ხუთშაბათს ველაპარაკეთ. მაშინ მას მაღალი სიცხე ჰქონდა და იმედოვნებდა, რომ შაბათამდე მომჯობინდებოდა და "დინამოსთან" მატჩში გუნდს დაეხმარებოდა.
საუბარი სოწრედ "სოხუმი"-"დინამოს" მომავალი მატჩით დავიწყეთ.

- პირველი წრის შემდეგ დინამოელები საგრძნობლად გაძლიერდნენ. მათ რიგებს შეემატა ბექა წივწივაძე, სერბი მილან ოლუიჩი... პირველ წრეშიც მაღალ დონეზე თამაშობდა ამერიკელი მეფარე ქიენ კარტერი.

ვფიქრობ, ამ გუნდს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის დიდი შანსი აქვს. ვფიქრობ, შაბათს საინტერესო თამაში გამოვა.

- ოთხეულისთვის ემზადებიან ლეგიონერებით გაძლიერებული "არმია", "შსს
აკადემია", "ოლიმპი", "დინამო", "ქუთაისი"... "სოხუმი"?

- "სოხუმში" თუ ლეგიონერები არ დავიმატეთ, ოთხეულში მოხვედრა გაგვიჭირდება. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ერთი წამყვანი კალათბურთელიც რომ დაგვაკლდეს, გუნდზე უარყოფითად აისახება. "სოხუმში" ბევრი ახალგაზრდაა, რომლებსაც გამოცდილება სჭირდებათ. პლეი ოფში კი გრძელი სათადარიგოთა სკამი გადამწყვეტია. შესაძლოა ხუთმა კაცმა ერთი თამაში მოიგოს, მაგრამ სერიაში გამარჯვება გაუჭირდება.

- "სამედიცინოსთან" მატჩი შენთვის გამორჩეული იყო, 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდე. არადა, მანამდე შორეულ ტყორცნებს დაბალი პროცენტული სიზუსტით ესროდი...
- "მედიკოსებთან" შეხვედრაში ვცდილობდი გუნდზე მეთამაშა და მეგობრებს დავხმარებოდი. საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა, პასებიც უხვად მომიგროვდა (9) და როცა საჭირო იყო ბურთსაც ვაგდებდი.

ვეცდები მომავალშიც ასე განვაგრძო. თუმცა მეც ვიცი, რომ ყოველ მატჩში, ვთქვათ ცამეტი სამქულიანის სროლა გამართლებული არ არის. საკუთარ თავზე ბევრს ვიღებ. ეს ჩემი პრობლემაა. თუმცა საკუთარ თავზე ვმუშაობ და ნელ-ნელა ყველაფერს გამოვასწორებ.

- მინდა ლევან ფაცაციაზე გკითხო, რომელიც პირველი წრის საუკეთესო კალათბურთელად დავასახელეთ.
- პატარაობიდან მასთან ერთად ვთამაშობ. ამერიკაშიც თითქმის ერთდროულად წავედით და ჩამოვედით. პირველი წრის საუკეთესოდ მისი აღიარება სამართლიანია, რადგან ფაცაცია სადღეისოდ სუპერლიგაში ყველაზე შედეგიანია. ჩემი აზრით, იგი მინიმუმ საქართველოს ნაკრების საერთო შეკრებაზე გამოძახებას იმსახურებს.

- შარშან, ფაცაციასთან ერთად ნაკრების გაფართოებულ სიაში იყავი. საბოლოოდ 12 კალათბურთელს შორის შენ მოხვდი.
- ეროვნულ გუნდში თამაში იშვიათად მიწევდა, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. შესაძლოა ნაკრების მაისურის მორგების ამბიცია ბევრს ჰქონდეს, მაგრამ გადამწყვეტი გამოცდილებაა.

ეროვნულის ყველა ლიდერს სუპერლიგის კალათბურთელებთან შედარებით გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს. ამის გარეშე კი ნაკრებში სათანადო დონეზე თამაში რთულია.

სწორედ ამიტომ აუცილებელია საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლება, მეტი ძლიერი მწვრთნელისა და კალათბურთელის მოწვევა. თუმცა უცხოელები, პირველ რიგში, იმიტომ უნდა დავიმატოთ, რომ მათ გვერდით ქართველები გაიზარდონ.

ჩემი აზრით, მოედანზე ხუთივე ლეგიონერი არ უნდა იდგეს, ზრდის შანსი ქართველებს უნდა მიეცეს.

გამოცდილების მიღებისთვის კი დიდი მნიშვნელობა ევროტურნირებზე თამაშს აქვს. რაც მეტი ქართული გუნდი ჩაერთვება ევროარბიელზე, მით მეტ სარგებელს ნახავს ჩვენი კალათბურთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული