სუპერლიგა. XV ტური: "ბათუმი" უმი აღარ არის

AutoSharing Option
პირველი წრეში სტუ-მ "ბათუმი" მისსავე მოედანზე დაამარცხა, მაგრამ იანვარში სტუ-ს ორი წამყვანი კალათბურთელი გამოაკლდა, ხოლო ბათუმმა ბოლქვაძის დანაკლისი რევაზაშვილით შეავსო.

თბილისში გამართულ შეხვადრაში ფავორიტის წინასწარ დასახელება წარმოუდგენელი იყო. ეს მატჩის მსვლელობამაც დაადასტურა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უკეთესად ზღვისპირელებმა ითამაშეს და 66:62 გაიმარჯვეს.

მატჩის შემდეგ
მიხეილ კობეშავიძე (ბათუმის მწვრთნელი)
- მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს, მაისურაძე ცუდად იყი და ფაქტობრივად 6 კალათბურთელით ვითამაშეთ. შედარებით კარგად ვითამაშეთ დაცვაში და მოგებაც ამან განაპირობა.

ზურაბ ტომარაძე (სტუ-ს მწვრთნელი):
- ცუდად ვითამაშეთ ყველა სათამაშო კომპონენტში. ამას ოქმიც
მოწმობს, თუმცა ფურცელზე არ ჩანს ერთი ფაქტორი: ფსიქოლოგიური განწყობა, რომელიც ძალიან დაბალი იყო. ვეცდებით დარჩენილი თამაშები ღირსეულად ჩავატაროთ და შესაფერისად გამოვიდეთ სხვა გუნდებთან სათამაშოდ.

25 თებერვალი. თბილისი. სპორტის სასახლე
სტუ-ბათუმი 62:66
20:23, 11:12, 11:14, 20:17
სტუ: ძიძიგური (10ქ), ანთაძე (21ქ), მაჩალაძე (6ქ, 17მ), ხანიაშვილი (5ქ), ნოზაძე (5ქ, 8მ), თევზაძე (8ქ), ჭოხონელიძე (3ქ), დეკანოიძე (2ქ), კოპალიანი (2ქ), კორძაძე.
ბათუმი: რამიშვილი (9ქ), მიქელაძე (16ქ), ელიაშვილი (4ქ, 8მ), კეშელავა (17ქ, 10მ), ელიაძე (11ქ, 9მ), ნინუა, რევაზაშვილი (9ქ, 12მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, მ. ანდღულაძე
კომისარი: მ. რატიშვილი

* * *

"სამედიცინოცა" და "დინამოც" მატჩს ტრავმირებული კალათბურთელებით შეხვდნენ, რაზეც მატჩისშემდგომ კომენტარებში წაიკითხავთ. აქ კი ზოგად სურათზე გეტყვით: კარტერის, ოლუიჩისა და წივწივაძის დამაჯერებელი თამაშის წყალობით დინამოელებმა ფარქვეშ უპირატესობა არ დათმეს და მოხსნებში "სამედიცინოს" 57:42 აჯობეს.

კარტერი და ოლუიჩი წინახაზელები არიან. მათგან მოხსნების სიუხვე გასაკვირი არ არის, წივწივაძემ კი სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა: 23 ქულა, 11 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

საოცარი სანახავი იყო მეორე პერიოდის ბოლო წამი: "სამედიცინოს" გამთამაშებელმა აბაიშვილმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან ისროლა და ფარიდან ასხლეტით კალათში მოათავსა.

მატჩის შემდეგ

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი):
- რასაც ვითხოვ, თავდასხხმაში ისე ჯერ ვერ ვთამაშობთ. თუ არ მოვუმატებთ, ძალიან გაგვიჭირდება.

კახა შენგელია (სამედიცინოს მწვრთნელი):
- ხუთეულის სამი მოთამაშე ტრავმირებული გვყავს: ორი კვირის უვარჯიშებელი იყო ტომარაძე, ერთი კვირის - ჭოჭუა, დვალიშვილს ფეხი აქვს გადაბრუნებული, ხოლო კვეტენაძე ავად გახლდათ... ამის ფონზე, ვფიქრობ, გმირობის ტოლფასი იყო პირველ ტაიმში ასეთი წინააღმდეგობის გაწევა.

სამედიცინო-დინამო 75:89
18:17, 17:20, 16:24, 24:28
სამედიცინო: აბაიშვილი (9ქ), ჭოჭუა (7ქ), პირველაშვილი (10ქ), დვალიშვილი (9ქ, 14მ), ილიჩი (11ქ), ტომარაძე (7ქ), კვეტენაძე (5ქ), გაბისონია, შვანგირაძე (3ქ), სამოილოვიჩი (14ქ).
დინამო: წივწივაძე (13ქ, 11მ, 8პ), სანაძე (10ქ), ზეჩევიჩი (2ქ), კარტერი (23ქ, 16მ), ოლუიჩი (12), ლეჟავა (16ქ), კეიდია (2ქ), ალხანაიძე (1ქ), სუხიშვილი.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე, დ. ბერიშვილი
კომისარი: რ. გელოვანი

* * *

თსუ და "ქუთაისი" შემტევი გუნდებია. მათი მონაწილეობით სანახაობრივ მატჩს რომ ვიხილავდით, წინასწარ ცხადი იყო, თუმცა ბევრი არ მოელოდა, რომ ქუთათურები 111 ქულამდე ავიდოდნენ.

იმერლები ფავორიტები იყვნენ და გაიმარჯვეს კიდეც, თუმცა იყო ეპიზოდი, როცა თსუ-ელებმა ნერვები ვერ მოთოკეს და ზედიზედ ორი ტექნიკური შენიშვნა "დაიმსახურეს", რასაც კოხრეიძის დისკვალიფიკაცია მოჰყვა. გუნდის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელის გამოკლებამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა და სტუმრებმა 111:87 მოიგეს.

მატჩის შემდეგ
დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი):
- მოგება გვჭირდებოდა და ამისთვის ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მეტოქემ 87 ქულა ჩააგდო, რაც მაღალი მაჩვენებელია. გვაკლდა ტრავმირებული ლევან ცეკვავა, რომელმაც წინა შეხვედრაც ტრავმირებულმა ითამაშა.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი):
-"დინამომ" ჩვენს წინააღმდეგ 41 ჯარიმა ისროლა, "ქუთაისმა" - 43. ეს დამანგრეველია. კოხრეიძის დისკვალიფიკაციას რაც შეეხება, ვფიქრობ საგანგაშო არაფერი იყო. არც ჯარიმა და არც ტექნიკური. "ქუთაისს" მშვენივრად გამოსდის ყველაფერი. ახალმა მწვრთნელმა გუნდი კარგად ააწყო. უბრალოდ არის შემთხევევები, როდესაც მატჩის ბედს ერთი სასტვენი წყვეტს. ეს მომენტი სწორედ ტექნიკური შენიშვნებისას იყო - მეტოქემ ერთმანეთის მიყოლებით 6 საჯარიმო ისროლა.

თსუ-ქუთაისი 87:111
18:32, 26:26, 12:30, 31:23
თსუ: ჩიტაშვილი (14ქ), ჩქარეული, ჩიკვილაძე (13ქ), ვ. ბერუაშვილი (18ქ), ნინიაშვილი (2ქ), კოხრეიძე (5ქ), თავამაიშვილი (1ქ), ხიზანიშვილი (8ქ), შერმადინი (9ქ, 12მ), ზ. მაისურაძე (12ქ), ბაქრაძე (5ქ).
ქუთაისი: ბაბუნაშვილი (8ქ), ფაშაევი (8ქ), დიდია (20ქ), გ. ბარბაქაძე (18ქ), მათიაშვილი (15ქ, 12მ), ტუკვაძე, დ. ბარბაქაძე (15ქ, 12მ), ლომინაშვილი (2ქ), კუჭავა (6ქ), კოღუაშვილი (15ქ), კობიძე (4ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ს. საინერისი, გ. მიქელაძე
კომისარი: თ. ქიქოძე

* * *

ჯერ შსს-ს თავკაც გიორგიოს კეცელიდისს მოვუსმინოთ:
- როგორც ჩამოსვლისას ვთქვი, ჩემთვის უპირველესია გუნდური მუშაობა. ბლერმა დაუშვა შეცდომა, დაარღვია განაწესი და ამიტომ განაცხადში არ შევიყვანეთ. მის მომავალს ორშაბათს გადავწყვეტთ.

ასე რომ, "შსს აკადემიამ" ჩემპიონატის ფავორიტი "არმიას" წინააღმდეგ სნაიპერი ლარი ბლერის გარეშე ითამაშა. მეორე პერიოდის ბოლოსა და მესამის დასაწყისში არმიელებმა 14:0 გაქცევა მოაწყვეს, 52:32 დაწინაურდნენ და გამარჯვებულის ვინაობაც აქ გადაწყდა.

მატჩის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. ამიტომ, ეს თემა ცალკე თავად გამოვყავით. აქ კი გეტყვით, რომ ტურის საუკეთესო კალათბურთელად უილიამ ტომასი დავასახელეთ, რომელმაც ცენტრალურ მატჩში 20 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 26 ჰქონდა.

შეურაცხყოფა?!
ტურის ცენტრალური მატჩის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია შსს-ს მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა შენიშვნით გახსნა:

- "არმიას" ჰყავს ახალგაზრდა, კარგი დამრიგებელი, რომელსაც, ალბათ, მწვრთნელის ამპლუაში ევროჩელენჯზე ბევრი მატჩი არ ჩაუტარებია და ესაა მიზეზი იმისა, რომ არ იცის, რომ პატივი უნდა სცეს მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს - როდესაც გუნდი იგებს 20 ქულის სხვაობით, ბოლო წუთზე არ უნდა აიღოს წუთშესვენება.

ეს არ არის მისაღები საქციელი. მითუმეტეს, ახალი ჩამოსული ვარ და ვცდილობ ყველას პატივისცემით მოვექცე.

ვიდრე ჟურნალისტები კომენტარს "არმიას" დამრიგებელ კოტე ტუღუშს ვთხოვდით, კოლეგის ნათქვამს თავად მწვრთნელი გამოეხმაურა:

- მთავარი ამოცანა იყო დაცვაში მტკიცედ დგომა. კალათბურთელებმა დავალება კარგად შეასრულეს, კმაყოფილი ვარ რომ მხოლოდ 65 ქულა მივიღეთ.

არ ვაქცევ ყურადღებას, რამდენი ქულაა სხვაობა, პატივს ვცემ მოწინაღმდეგეს და ვცდილობ, ბოლომდე ვითამაშო, მაქსიმალურად ვიყენებ 40 წუთს, რათა უკეთესად მოვემზადოთ შემდეგი შეხვედრებისთვის. მოწინააღმდეგის მწვრთნელმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, რადგან წუთშესვენება ავიღე. ძალიან ვწუხვარ ამის გამო. არავის შეურაცხყოფაზე არ მიფიქრია.



შსს აკადემია-არმია 65:90
19:25, 13:24, 16:21, 17:20
შსს აკადემია: ნიკოლაძე (2ქ), ტაბსი (10ქ), ბოქოლიშვილი (7ქ), სმიტი (16ქ, 10მ), ტრეპალოვაცი (14ქ), მუდი (6ქ), ლაფანაშვილი, ლონდარიძე (2ქ), თენიეშვილი (4ქ), იმნაძე (2ქ), ბექაური (2ქ).
არმია: ვუდსაიდი (18ქ), ბოისა (11ქ), რიჩარდსონი (19ქ), ტომასი (20ქ, 11მ), შელბომი (7ქ, 8მ), ბაბიაშვილი (2ქ), უგრეხელიძე (2ქ), მოსეშვილი, დიასი (11ქ), საყვარელიძე (3ქ), შარაბიძე (2ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ს. საინერისი
კომისარი: მ. რატიშვილი

* * *

მე-15 ტურში ფარქვეშ ყველაზე დიდი სხვაობა "ოლიმპისა" და "სოხუმის" მატჩში დაფიქსირდა. პირველმა ბურთი 53-ჯერ მოხსნა, მეორემ - 27-ჯერ.

თითო მოხსნა თითო შეტევის დასაწყისია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კომპონენტში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე "ოლიმპმა" 26-ით მეტი შეტევა განავითარა. შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა - 84:65.

გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი):
- ყველაფერი კარგად ჩანს სტატისტიკაში. მთავარ კომპონენტებში, მოხსნებში, დაკარგვებსა და შედეგიან გადაცემებში მეტოქეს ვაჯობეთ და ანგარიშში 19-ქულიანი სხვაობაც ლოგიკური იყო.

რიმვიდას სამულენასი (სოხუმის მწვრთნელი):
- "ოლიმპი" გამოირჩევა ტანმაღალი კალათბურთელებით და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენზე 26-ით მეტი მოხსნეს.

სოხუმი-ოლიმპი 65:84
18:26, 12:18, 15:27, 20:13
სოხუმი: ფარღალავა (19ქ), კანკია, ჯგერენაია (2ქ), ფაცაცია (24ქ), ათუაშვილი (4ქ), როგავა, ბულიავა, გაფრინდაშვილი, ქადარია (8ქ), ჯანაშია, ჩაჩიბაია (8ქ).
ოლიმპი: გამყრელიძე (12ქ, 8პ), გულისაბედაშვილი (5ქ), ბერიშვილი (13ქ, 9პ, 8მ), მილუტინოვიჩი (10ქ), ჰოგერი (15ქ, 17მ), ლ. მინაშვილი, ნანიტაშვილი, თავართქილაძე, სიგუა, მუმლაძე, ტუტუსი (1ქ), ტოდოროვიჩი (28ქ, 9მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი
კომისარი: რ. ხომერიკი

სატურნირო მდგომარეობა

ად. გუნდი თ მ წ სხ ქ
1 არმია 13 13 0 1149/832 26
2 ოლიმპი 13 11 2 1068/939 24
3 ქუთაისი 14 10 4 1187/1065 24
4 სოხუმი 14 8 6 1127/1082 22
5 შსს აკადემია 14 8 6 1268/1123 22
6 დინამო 14 7 7 1156/1192 21
7 სამედიცინო 14 5 9 1151/1212 19
8 სტუ 14 5 9 1088/1189 19
9 თსუ 13 5 8 1070/1132 18
10 ბათუმი 14 2 12 1003/1236 16
11 რუსთავი 13 1 12 893/1158 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული