სუპერლიგა. XVI ტური: ისევ თსუ, ისევ "არმია", ისევ გაწევ-გაძევება

AutoSharing Option
მე-16 ტურს ორი მთავარი მატჩი ჰქონდა: "ქუთაისმა" შინ "ოლიმპი" დაამარცხა, ხოლო "შსს აკადემიამ" - "დინამო". შეხვედრები საინტერესოდაც წარიმართა, თუმცა ტურის მოვლენად მაინც არასპორტული ამბავი იქცა - თსუ-სა და "არმიის" მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო სტუდენტთა ყველა კალათბურთელი გააძევეს გარდა ხუთისა და მეორე ტაიმში თსუ-მ შეუცვლელად ითამაშა.

სოხუმი-ბათუმი 91:52
24:12, 31:13, 23:11, 13:16
სოხუმი: ფარღალავა (27ქ, 6მ, 6პ, 3ჩ), როგავა (11ქ, 8მ, 4პ, 2დ), ბულიავა, ჩლაიძე, ათუაშვილი (19ქ, 14მ, 2დ), ფაცაცია (10ქ, 6მ, 3პ), გაფრინდაშვილი (2ქ), ქადარია, ჯგერენაია (8ქ, 5მ, 3პ), ჯანაშია (10ქ),
ჩაჩიბაია (4ქ, 3პ).
ბათუმი: რამიშვილი (1ქ), მიქელაძე (22ქ, 4ჩ), ემირიძე, კეშელავა (15ქ, 8მ), ნინუა (1ქ, 3პ), ელიაზე (7მ, 3ჩ), რევაზაშვილი (13ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

"სოხუმმა" მატჩი ისე ჩაატარა, როგორც ფავორიტს შეშვენოდა: პირველი წუთიდან ბოლომდე მცირე ჩავარდნაც არ მოსვლია. მწვრთნელ რიმვიდას სამულენასს საშუალება მიეცა ახალგაზრდა რეზო როგავას სათანადოდ გამოცდისა. რამდენად კმაყოფილი დარჩა, ამაზე მატჩისშემდგომი კომენტარიც მიგვითითებს.

რიმვიდას სამულენასი (სოხუმის მწვრთნელი):
- მინდა აღვნიშნო ახალგაზრდა მოთამაშის, რევაზ როგავას კარგი გარჯა, რომელმაც დაკისრებულ ფუნქციას თავი შესანიშნავად გაართვა, ითამაშა ისე, როგორც გამთამაშებელს შეეფერება. სასიამოვნოა, რომ ასეთი ახალგაზრდა კალათბურთელი თავდაჯერებულად გამოდის უმაღლეს ლიგაში.

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმის მწვრთნელი):
- მოხარული ვარ, რომ საქართველოში ისეთ მწვრთნელებს იწვევენ, როგორიც "სოხუმშია". რაც შეეხება ჩემს გუნდს, ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს, გვაქვს ფინანსური კრიზისიც და როგორც შევძელით ისე ვითამაშეთ.

* * *
შსს აკადემია-დინამო 87:74
15:13, 21:18, 18:21, 33:22
შსს: მუდი, ნიკოლაძე (5ქ, 6მ, 3პ), ლონდარიძე (2ქ), თენიეშვილი (3ქ), ტაბსი (10ქ, 5მ, 3პ), ბლერი (41ქ, 4პ), ბოქოლიშვილი (3ქ), სმიტი (15ქ, 9მ), ტრეპალოვაცი (6ქ, 13მ, 2დ), ბექაური (2ქ).
დინამო: ლეჟავა (3ქ), სანაძე (16ქ), მარხვაშვილი (1ქ), კეიდია (2ქ), ალხანაიძე, წივწივაძე (3ქ, 6მ, 4პ), ზეჩევიჩი (18ქ, 4პ), ოლუიჩი (14ქ, 6მ, 3ჩ, 2დ), კარტერი (17ქ, 7მ, 7პ, 3ჩ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ს. საინერსი.

"არმიასთან" მე-15 ტურის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "შსს აკადემიას" სნაიპერ ლარი ბლერს. იგი გუნდის ხელმძღვანელობამ უდისციპლინობის გამო დასაჯა. განიხილებოდა ბლერის გუნდიდან მოკვეთის შესაძლებლობაც, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ლარიმ "აკადემიასთან" ერთად ვარჯიში განაგრძო. იგი "დინამოსთან" მატჩისთვისაც სათანადოდ მოემზადა და შსს-ს მიერ ჩაგდებული ქულებიდან თითქმის ნახევარი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა - 87-დან 41. იგი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ძალოვანთა გამარჯვება სამწამიან ზონაში კარგმა თამაშმაც განაპირობა: ქიენ კარტერი საშუალოდ 13.6 მოხსნას აგროვებს, შაბათს კი ფარქვეშიდან ასხლეტილ ბურთს 7-ჯერ დაეუფლა. შსს-მ მოხსნებში 44:25 იმარჯვა.

დინამოელთა მხრიდან უნდა აღინიშნოს ალექსანდრ ზეჩევიჩის ზუსტი თამაში. მან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა - 18 ქულა ჩააგდო (6-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 4-დან 3 საჯარიმო).

გიორგოს კეცელიდისი (შსს აკადემიას მწვრთნელი):
- ქალბატონობს მსურს მივულოცო დედის დღე, რადგან რამდენადაც ვიცი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია საქართველოში. ...წავაგეთ წინა ორი თამაში, მაგრამ ამჯერად შევასრულეთ მთავარი ამოცანა - კარგად ვითამაშეთ დაცვაში. ასევე - თავდასხმაში. თავადაც ნახეთ, ლარი ბლერმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი):
- თამაშის წინ ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ რთული თამაში გველოდა, რადგან "შსს აკადემია" ჩვენი უშუალო კონკურენტია. მომავლისთვის გავითვალისწინებ იმ შეცდომებს რაც დღეს დავუშვით. ეს უმთავრესაც დაცვას ეხება, რადგანაც ამ ეტაპზე მთავარი ყურადღება მასზე გვაქვს გადატანილი.

ლარი ბლერი (შსს-ს უკანახაზელი):
- კარგი გუნდური თამაში ვაჩვენეთ. მსურს მადლობა გადავიხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან. მწვრთნელი კარგ სათამაშო სტრატეგიას გვთავაზობს და თუ ყველაფერი ისე შევასრულეთ როგორც დღეს, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

* * *

თსუ-არმია 56:118
7:27, 15:28, 16:32, 18:31
თსუ: თავამაიშვილი (2ქ), ნინიაშვილი, ჩიტაშვილი (15ქ, 5მ, 3პ), ხიზანიშვილი (13ქ), შერმადინი (4ქ), მაისურაძე, ჩქარეული (6ქ, 5მ), ბაქრაძე (7ქ), ჩიკვილაძე, ვ. ბერუაშვილი (9ქ, 5მ, 3პ).
არმია: რიჩარდსონი (13ქ), ბაბიაშვილი (10ქ, 5მ), ბოისა (16ქ, 9პ, 5მ), მინაშვილი (10ქ, 10მ, 4პ), უგრეხელიძე (8ქ), კვიმსაძე (7ქ, 9მ, 5პ), ტომასი (19ქ, 7მ, 3პ), ათანელიშვილი (16ქ, 6მ), შელბომი (4ქ, 5მ), დიასი (8ქ, 5მ, 3პ), საყვარელიძე (1ქ, 6პ), შარაბიძე (6ქ, 5მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

ჯერ მე-5 ტურის ამბებს გაგახსენებთ: "არმიასა" და თსუ-ს მატჩის მონაწილეები შელაპარაკდნენ, რასაც წაკინკლავება მოჰყვა. თანაგუნდელთა დასაშოშმინებლად მოედანზე ორივე გუნდის სათადარიგოები შევარდნენ... მსაჯმა დავით ბერეკაშვილმა ყველა სათადარიგო გააძევა - წესების მიხედვით მოედანზე შესვლის უფლება არ ჰქონდათო. შეხვედრა იქამდე გაგრძელდა, ვიდრე თსუ-დან მოედანზე ერთი კალათბურთელი არ დარჩა (დანარჩენმა ოთხმა ხუთ-ხუთი პერსონალური შენიშვნა მიიღო).

ასეთი მაგალითის მიუხედავად, მსგავსი ქმედება კვლავ განმეორდა მე-16 ტურში, ისევ "არმიასა" და თსუ-ს კალათბურთელებს შორის. თუმცა იმ განსხვავებით, რომ მოედანზე მხოლოდ თსუ-ს სათადარიგოები შევიდნენ და მსაჯებმა ისინი გაძევეს. მათ გარდა დისკვალიფიკაცია მიიღეს მოვლენების ეპიცენტრში მოხვედრილმა ჯერემი რიჩარდსონმა და ბექა ჩიკვილაძემ. მომდევნო მატჩის გამოტოვება მხოლოდ მათ ემუქრებათ, თსუ-ს ყველა სათადარიგო კი შაბათს "სოხუმის" წინააღმდეგ ითამაშებს.

კოტე ტუღუში (არმიას მწვრთნელი):
- სამწუხაროა, რომ ასეთი ინციდენტი ჩვენს თამაშზე უკვე მეორედ ხდება. მე "არმიაში" დავიწყებ მიზეზების ძებნას, თუმცა ფაქტი ერთია: ასეთი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს. პირველ რიგში გულშემატკივარს უნდა ვცეთ პატივი.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი):
- ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს, "არმიას" - სხვა. თსუ-ს მიზანი 8 გუნდში მოხვედრაა. ვერ ვიტყვი, რომ "არმიას" რაიმე წინააღმდეგობას გავუწევდით იმ რესურსით რაც დღეს გაგვაჩნია. ვწუხვარ ჩვენი ბიჭების საქციელის გამო. მითუმეტეს, რომ ბექა ჩიკვილაძეს იმ მომენტში მოდავეებთან არაფერი ესაქმებოდა. დასანანია, რომ მატჩი გაფუჭდა სანახაობრივი თვალსაზრისით.

მერაბ რატიშვილი (მატჩის კომისარი):
- მე-2 პერიოდის დასრულებამდე 3.5 წამით ადრე ატეხილი ჩხუბის დროს თსუ-ს სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე ოთხი მოთამაშე შევიდა. ამიტომ, კალათბურთის ოფიციალური წესების 39.1.2 პუნქტის მიხედვით თსუ-ს კალათბურთელები: ზურაბ მაისურაძე, თორნიკე ნინიაშვილი, სოსო შერმადინი და გივი ბაქრაძე დისკვალიფიცირებულნი იქნენ თამაშიდან.

* * *
სამედიცინო-რუსთავი 74:66

21:13, 12:20, 26:14, 15:19
სამედიცინო: ჭოჭუა (31ქ, 6მ, 3პ), დვალიშვილი (24ქ, 12მ, 5პ, 3ჩ), აბაიშვილი (4ქ, 8პ), ილიჩი (1ქ), ტომარაძე (5ქ), კვეტენაძე (2ქ), პირველაშვილი (2ქ), სამოილოვიჩი (2ქ), შვანგირაძე (3ქ).
რუსთავი: ტუჯანი (4ქ, 9მ), ჩაჩანიძე (13ქ), არწივიძე (13ქ, 6პ), ხმელიძე (20ქ), მაჭავარიანი (14ქ, 3ჩ), გ. არაბული, ბააკაშვილი, გუგავა (2ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი

პრესკონფერენციაზე "სამედიცინოს" თავკაცმა კახა შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ "რუსთავი" შეკრული, ახალგაზრდული გუნდია და მისი ძლევა რთულია. ეს უშუალოდ შეხვედრამაც დაამტკიცა - ქვემოქართლელები ბოლომდე ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

საინტერესოა, რომ "მედიკოსთა" გამარჯვება უმთავრესად სამი კალათბურთელის დამსახურებაა: მიშა ჭოჭუამ 31 ქულა ჩააგდო, აკაკი დვალიშვილმა 24 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, მალხაზ აბაიშვილმა 8 პასი ჩამოარიგა. საინტერესოა, რომ სამივე რუსთაველია და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა.

კახა შენგელია
(სამედიცინოს მწვრთნელი):
- "რუსთავზე" ნაკლები შეცდომა დავუშვით და მოგებაც ამან განაპირობა. სუსტად გაისარჯნენ ლეგიონერები, ილიჩის შემთხვევაში ეს გადაღლილობის ბრალი უნდა იყოს, ხოლო სამოილოვიჩს რაც შეეხება, ალბათ ნაკლები სათამაშო დროით არის განპირობებული. ჩვენს გუნდში ვინც როგორ იმსახურებს, იმდენი დრო ეძლევა.

მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავის მწვრთნელი):
- ვიბრძვით მაგრამ რაღაც გვაკლია, ალბათ გამოუცდელობა. სუპერლიგაში თამაშით ახალგაზრდები გაიზრდებიან და მომავალში უკეთეს შედეგს აჩვენებენ.

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 14 14 0 1267/888 28
2. ქუთაისი 15 11 4 1277/1149 26
3. ოლიმპი 14 11 3 1152/1029 25
4. სოხუმი 15 9 6 1218/1134 24
5. შსს აკადემია 15 9 6 1355/1197 24
6. დინამო 15 7 8 1230/1279 22
7. სამედიცინო 15 6 9 1225/1278 21
8. თსუ 14 5 9 1126/1250 19
9. სტუ 14 5 9 1088/1189 19
10. ბათუმი 15 2 13 1055/1327 17
11. რუსთავი 14 1 13 959/1232 15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული