სუპერლიგა. XIX ტური: ჯერ გაიქეცი, მერე დაიჭირე

AutoSharing Option
მსოფლიოში იშვიათია საქართველოს პირველობისდარი უცნაური ჩემპიონატი. ერთი შეხედვით, მოულოდნელი არაფერი მომხდარა - გამოცდილებმა (თსუ-მ, "ქუთაისმა" და "შსს აკადემიამ") შედარებით ახალგაზრდებს (სტუ-ს, "სამედიცინოსა" და "სოხუმს") აჯობეს.

მაგრამ საოცარია გამარჯვების გზების სხვადასხვაობა. თსუ-სა და სტუ-ს შეხვედრაში ორივე გუნდს ერთი მიზანი ჰქონდა - გაქცევა: სწრაფი თამაში, მეტი სროლა, მეტი ქულა...

ამის შემდეგ კი მოედანზე "შსს აკადემია" და "სოხუმი" გამოვიდნენ, რომელთა მთავარი ამოცანა დაჭერა იყო. მიმდინარე სეზონში ეს ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი თამაში გამოდგა. დანარჩენს ქვემოთ წაიკითხავთ.

24 მარტი, თბილისი. სპორტის სასახლე
სამედიცინო-ქუთაისი 84:92
25:15, 13:29,
22:23, 24:25
სამედიცინო: ტომარაძე (26ქ), კვეტენაძე, პირველაშვილი (9ქ, 3პ), ჭოჭუა (21ქ, 9მ, 5პ, 4ჩ), ილიჩი, დვალიშვილი (20ქ, 12მ, 3პ), კვანტალიანი, ფერიაშვილი (2ქ), სამოილოვიჩი (6ქ, 7მ, 7პ).
ქუთაისი: ფაშაევი (10ქ, 5მ, 4პ, 3ჩ), ბაბუნაშვილი (8ქ), დიდია (5ქ, 8მ, 5პ), ცეკვავა (17ქ, 8მ, 5პ, 3ჩ), დ. ბარბაქაძე (17ქ, 5მ), გ. ბარბაქაძე (15ქ, 3ჩ), მათიაშვილი (20ქ, 5მ, 5პ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი.

პირველი ტაიმი "სამედიცინოსი" იყო - 25:15. "ქუთაისი" გონს მეორე ათწუთეულში მოეგო, დაცვაში მტკიცედ დადგა და გადასასწრებად 7 წუთიც ეყო. ქუთათურებმა უპირატესობას ზუსტი შორეული ტყორცნებით მიაღწიეს. პირველ ტაიმში 4 სამქულიანი გამოიყენეს, სულ - 10.

თავის მხრივ, აკაკი დვალიშვილის (20 ქულა, 12 მოხსნა) აქტიურობის ხარჯზე სამწამიან ზონაში "მედიკოსები" უკეთ გამოიყურებოდნენ. მათ სტუმრებს მოხსნებში 48:38 აჯობეს, თუმცა საბოლოოდ გამოცდილებამ და პერიმეტრზე დამაჯერებელმა თამაშმა "ქუთაისს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.

ამ მოგებით იმერლებმა რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. მათ დარჩათ ორი შეხვედრა აუტსაიდერებთან (სტუ და "ბათუმი"), ხოლო უშუალო კონკურენტ "ოლიმპს" (რომელთანაც "ქუთაისს" ორივე შეხვედრა აქვს მოგებული) სამი რთული შეხვედრა ელის "დინამოსთან", "სამედიცინოსა" და "არმიასთან". მეორე ადგილის დასაკავებლად ოლიმპელებს სამივე შეხვედრის მოგება სჭირდებათ.

დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):
"ცუდად დავიწყეთ, მაგრამ დაცვაში თამაში გამოვასწორეთ და გარდატეხა შევიტანეთ. რაც შეეხება შემადგენლობის გაძლიერებას, ზუსტად არ ვიცი, დავიმატებთ თუ არა ვინმეს. ვფიქრობ, მწვრთნელმა იმ გუნდით უნდა ითამაშოს, რაც ჰყავს. ჯერჯერობით ამ შემადგენლობით შედეგს ვიღებთ და კმაყოფილი ვარ. დავმარცხდით "დინამოსთან" და "არმიასთან", დანარჩენ შეხვედრებში კი გავიმარჯვეთ. ორი თამაში დაგვრჩა ქუთაისში - "ბათუმთან" და სტუ-სთან. შემდეგ პლეიოფებისთვის მზადებას შევუდგებით".

კახა შენგელია ("სამედიცინოს" მწვრთნელი):
"ასე გუნდურად ამ წრეში პირველად ვითამაშეთ. "ქუთაისი" ჩვენზე ძლიერი გუნდია, გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ღირსეულ გუნდთან ღირსეულ ბრძოლაში დავმარცხდით".

* * *

სტუ-თსუ 77:100
21:27, 23:23, 9:25, 24:25
სტუ: ტეტელაშვილი (2ქ), თევზაძე, ჭოხონელიძე (3ქ), მაჩალაძე (2ქ), ხანიაშვილი (16ქ, 8მ, 3პ), კობიძე (6ქ, 5მ, 3პ), ახლაია (5ქ), დეკანოიძე, ძიძიგური (15ქ, 5პ), კოპალიანი (1ქ), ნოზაძე (8ქ), ანთაძე (19ქ, 6მ, 3პ).
თსუ: კოხრეიძე (8ქ, 4პ, 3ჩ), თავამაიშვილი (6ქ), ნინიაშვილი (27ქ, 10მ), ჩიტაშვილი (20ქ, 7პ, 4ჩ), ხიზანიშვილი (17ქ, 9მ), შერმადინი (2ქ, 8მ), ჩქარეული (14ქ, 3პ), ბაქრაძე (4ქ, 6პ), ვ. ბერუაშვილი (2ქ, 5მ, 4პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.

როგორც დასაწყისში გითხარით, შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ამას სტუ-ს გულშემატკივრების სიმრავლე და ემოციაც ერთვოდა და მივიღეთ მეტად სანახაობრივი შეხვედრა. ტექნიკოსებს მესამე პერიოდი რომ არ ჩაეგდოთ, შესაძლოა ორივე გუნდი 100 ქულამდე ასულიყო.

საბოლოოდ ამ შემთხვევაშიც გამოცდილმა (თსუ) გაიმარჯვა და პლეი ოფში გასვლაც თითქმის გაინაღდა. არადა, საპლეიოფო მერვე ადგილისთვის ბრძოლაში მისი უშუალო კონკურენტი სწორედ სტუ იყო. შაბათამდე ორივე გუნდს თანაბარი ქულები ჰქონდა.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი):
"მოხარული ვარ, როგორც იქნა, გავიმარჯვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში სხვაობა დიდია, დაძაბულობა ნამდვილად იყო; მაშინაც კი, როდესაც 30 ქულას ვიგებდით. თავადაც ნახეთ, მეტოქე ბოლომდე იბრძოდა და საბოლოოდ ჩამორჩენა 15 ქულამდე შემცირდა".

ზურაბ ტომარაძე (სტუ-ს მწვრთნელი):
"თსუ ჩამოყალიბებული გუნდია, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა თავის განსხვავებული თამაშის მანერით. არსებობს არაერთი გუნდი, რომლის სიძლიერესაც მოთამაშეთა ინდივიდუალიზმი განაპირობებს, თსუ-ში კი თავად კალათბურთელები ერგებიან სისტემას. რაც შეეხება სტუ-ს, დღეს ვერ დავინახე ბრძოლისუნარიანობა".

* * *

სოხუმი-შსს აკადემია 52:74
12:11, 12:22, 10:20, 18:21
სოხუმი: ფარღალავა (10ქ, 3პ), როგავა (3ქ, 3პ), ჩლაიძე (8ქ), ჩაჩიბაია (4ქ), ათუაშვილი (12ქ, 12მ, 2დ), ფაცაცია (3ქ, 4პ), გაფრინდაშვილი (5პ), ქადარია (2ქ), ჯგერენაია (10ქ, 6მ).
შსს: მუდი (11ქ, 5მ, 6პ), ბლერი (21ქ, 3პ), ბოქოლიშვილი (2ქ, 3პ), ნიკოლაძე (11ქ), ლონდარიძე (9მ), თენიეშვილი, ტრეპალოვაცი (3ქ), ბექაური (5ქ, 2დ), იმნაძე (9ქ), ტაბსი (12ქ, 8მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.

"სოხუმში" ქულათა სიუხვით 2-3 კალათბურთელი გამოირჩევა. "შსს აკადემიის" მოთამაშეებმა დიდი ენერგია შეალიეს მეტოქე ლიდერების შეჩერებას და გამოუვიდათ კიდეც. თავის მხრივ, თავიდან სოხუმელებიც კარგად გამოიყურებოდნენ დაცვაში, მაგრამ მეორე მეოთხედში მოედანზე შსს-ს მექულის, ლარი ბლერის მოედანზე დაბრუნების შემდეგ ძალოვნები წინ გაიჭრნენ და მათი დაწევა სოხუმელებმა ვეღარ მოახერხეს.

საბოლოოდ ბლერმა 21 წუთში 21 ქულა ჩააგდო და ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

მართალია, ეს იყო კარგი დაცვითი თამაში, მაგრამ არც სანახაობრიობა აკლდა: მესამე პერიოდის დასრულებამდე 4:31 წუთით ადრე ბლერმა ბურთი ჰაერში აუგდო ჯასტინ ტაბსს, რომელიც ყველას და ყველაფერს გადააფრინდა და იმდენად ეფექტურად ჩატენა, ოვაცია დიდხანს არ შეწყვეტილა.

იყო ისეთი ფაქტიც, რამაც ხასიათი წაგვიხდინა, ოღონდ მატჩის შემდეგ.

მოვუსმინოთ "სოხუმის" კაპიტან ლაშა ფარღალავას:
"ძალიან რთულია ისეთ სიტუაციაში ყოფნა, რაშიც ამჟამად "სოხუმია". გუნდი ფსიქოლოგიურად და მორალურად მოშლილია. ელემენტარული პირობები არ გვაქვს, რომ ვარჯიშებზე ვიაროთ. რამდენიმე თვეა, რაც ხელფასი არ მიგვიღია. ყველა ხედავს, რომ "სოხუმი" დღითიდღე უკლებს. მოტივაციის შენარჩუნება ძალიან გვიჭირს. ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობაა".

გიორგოს კეცელიდისი ("შსს აკადემიის" მწვრთნელი):
"მოწინააღმდეგე ჩინებულად თამაშობს თავდასხმაში. ამიტომ მაქსიმალური აქცენტი დაცვაზე გვქონდა გაკეთებული. ბოლო წამებზე, როდესაც 20 ქულით ვიგებდით, აღარ შევუტიეთ. ეს მეტოქის უბრალო პატივისცემა იყო ჩემი მხრიდან".

რიმვიდას სამულენასი ("სოხუმის" მწვრთნელი):
"დავმარცხდით ყველა კომპონენტში. გუნდი არ იყო სათანადოდ მობილიზებული. ძალიან ცუდად გავისარჯეთ დაცვაში".

მერაბ ბოქოლიშვილი ("შსს აკადემია"):
"მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. გუნდი ნელ-ნელა ლაგდება და იმედია, პლეი ოფებს სასურველ ფორმაში შევხვდებით".

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 17 17 0 1538/1074 34
2. ქუთაისი 18 14 4 1540/1390 32
3. ოლიმპი 17 14 3 1437/1247 31
4. სოხუმი 18 10 8 1433/1377 28
5. შსს აკადემია 17 10 7 1512/1334 27
6. დინამო 17 9 8 1407/1442 26
7. სამედიცინო 18 7 11 1457/1545 25
8. თსუ 17 6 11 1383/1499 23
9. სტუ 17 5 12 1289/1475 22
10. ბათუმი-რსუ 17 2 15 1216/1512 19
11. რუსთავი 17 1 16 1176/1493 18

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული