U20: "დინამომ" ფინალური საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 20-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებით მატჩს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს "შსს აკადემია" და "დინამო" დაუპირისპირდნენ.

ფინალური საგზური "დინამოს" გუნდმა მოიპოვა, რომელმაც დრამატულ მატჩში მეტოქე 60:58 დაამარცხა, სერიაში 2:0 იმარჯვა და ფინალური შეხვედრის საგზური მოიპოვა, სადაც "ქუთაისსა" და "სოხუმს" შორის მოგებულს შეხვდება.

მატჩის საწყისი წუთები "შსს აკადემიის" სასარგებლოდ წარიმართა, თუმცა აღნიშნული პერიოდის მე-6 წუთზე "დინამო" დაწინაურდა და წინ 7:6 გავიდა. მოპოვებული უპირატესობა "დინამომ" კიდევ უფრო გაზარდა და მეოთხედის ბოლოს 16:12 გავიდა წინ.

მეორე მეოთხედი გუნდების თანაბარი უპირატესობით დაიწყო,
რომლის მე-4 წუთზეც აკადემიელთა აქტიური და შემტევი თამაშის ხარჯზე "ძალოვნები" 27:20 დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, გიორგი ორმოცაძისა და დუდა სანაძის შორეული ტყორცნების წყალობით დინამოელებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს - 28:29, ხოლო ტაიმი 2 ქულის სხვაობით, 28:30 დათმეს.

დიდ შესვენებაზე ინციდენტი მოხდა "დინამოს" მოთამაშე გიგა მეხრიშვილსა და გულშემატკივარს შორის. მეხრიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დარბაზში მყოფ მაყურებელს და დისკვალიფიკაცია მიიღო.

მესამე მეოთხედი კვლავ "შსს აკადემიის" უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პერიოდის შუაწელში თავის სასარგებლოდ 42:37 დააფიქსირა.

დინამოელებმა მალევე მოახერხეს სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა (42:43), რის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. პერიოდის დასრულებამდე 2:12 წუთით ადრე ალეკო ჩოჩიამ ზუსტი სამქულიანი მოათავსა მეტოქის კალათში და "დინამო" 47:44 დააწინაურა.

დარჩენილ დროში ლევან ლოლიშვილის შორეული ტყორცნით აკადემიელებმა ანგარიშში 2-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს და მესამე მეოთხედი 2-ქულიანი ჩამორჩენით, 47:49 დაასრულეს. დასკვნით ათწუთეულში გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა და ორივე გუნდის ჩინებული დაცვის შედეგად პერიოდის მე-4 წუთამდე ანგარიში უცვლელი დარჩა (47:49). შსს-ს გუნდი მეოთხედის შუაწელში გაუთანაბრდა მეტოქეს (49:49), თუმცა დინამოელებმა კვლავაც აჯობეს მოწინააღმდეგეს და შეხვედრის დასრულებამდე 2:38 წუთით ადრე 56:52 გავიდნენ წინ.

მიუხედავად ამისა, "ძალოვნებმა" შეძლეს მატჩზე კონცენტრაცია და მეოთხედის მიწურულს სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს - 56:58.

დარჩენილ დროში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, სადაც საბოლოოდ უპირატესობის მოპოვება "დინამოს" გუნდმა შეძლო და დუდა სანაძის საჯარიმოების წყალობით 60:58 დაწინაურდა. შეხვედრის ბოლო წამებზე "შსს აკადემიამ" შანსი ვერ გამოიყენა და ნახევარფინალურ სერიაში 0:2 მარცხი განიცადა.

"დინამოს" 22 ქულით დუდა სანაძემ ულიდერა, ხოლო შსს-ს მხრიდან 33 ქულით საუკეთესო მერაბ ბოქოლიშვილი იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ "დინამოსა" და "შსს აკადემიის" მწვრთნელების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

ამბროსი ორმოცაძე (დინამოს მწვრთნელი): "დღეს ჩვენი გუნდი ერთსულოვანი იყო და სწორედ ჩვენმა გუნდურობამ განაპირობა ეს გამარჯვება. "დინამომ" ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებას მიაღწია.

რა თქმა უნდა, იყო ბევრი შეცდომა, მაგრამ ეს გამოსწორებადია. ჩვენ თავიდანვე საბრძოლველად გამოვედით მოედანზე და ეს წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა.

ველოდებით "ქუთაისსა" და "სოხუმის" ნახევარფინალურ წყვილს შორის გამარჯვებულს, რომ
ელსაც ფინალში დავუპირისპირდებით".

არჩილ ჟღენტი (შსს აკადემიის მწვრთნელი): "მოწინააღმდეგე გუნდმა აშკარად გვაჯობა. უმნიშვნელოვანეს მომენტში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ბურთი ვერ ჩავაგდეთ და დავისაჯეთ კიდეც.

რაც შეეხება ჩვენს
ახალ ლეგიონერს, უკრაინელ ანდრეი კულიშს, იგი გუშინ ჩამოვიდა თბილისში და ამიტომ ჯერჯერობით ამ მოთამაშეზე ვერაფერს ვიტყვი".

www.u-20.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული