U20: "სოხუმმა" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქუთაისში დასრულდა 20-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩი ადგილობრივ "ქუთაისსა" და "სოხუმს" შორის, სადაც სოხუმელებმა მასპინძლები 71:63 დაამარცხეს.

"ზღვისპირელებმა" მეტოქეს სერიაში 2:0 მოუგეს და ფინალური საგზური მოიპოვეს.

სოხუმის გუნდმა მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყო და დიდ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდა - 45:31. მესამე მეოთხედში მასპინძლები გააქტიურდნენ და პერიოდის მიწურულს ანგარიშში სხვაობაც შეამცირეს (53:60), თუმცა სოხუმელებმა დაცვაში ხისტი თამაშის წყალობით მეტოქეს დაწინაურების შანსი არ დაუტოვეს და მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს.

"ქუთაისმა" ვერც მეოთხე მეოთხედში შეძლო მეტოქისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა და ნახევარფინალურ სერიაში
0-2 დამარცხდა.

"სოხუმს" 20 ქულით დიმიტრი დვალიშვილმა ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლით, 12 ქულითა და 14 მოხსნით თავი ოთო ბულიავამ გამოიჩინა. ქუთაისელთა მხრიდან კი ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა. გიორგი ცირეკიძემ 18 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, ხოლო ავთანდილ ლომინაშვილის ანგარიშზე 14 ქულა და 12 მოხსნაა.

მატჩის დასრულებისას "ქუთაისისა" და "სოხუმის" მწვრთნელთა მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

ლიკა ქაჯაია (სოხუმის მწვრთნელი): "ისევე, როგორც სერიის პირველი შეხვედრა, დღევანდელი მატჩიც პირველიდან ბოლო წუთამდე დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. ჩვეულებისამებრ, ჩვენ მაქსიმალურად დიდი აქცენტი გავაკეთეთ დაცვაზე, სადაც ბიჭები ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ და მეტოქეს ბურთის ჩაგდების საშუალება არ აძლევდნენ.

ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე "დინამო" იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლომდე მივაღწიოთ დასახულ მიზანს.

მალხაზ კოხრეიძე (ქუთაისი მწვრთნელი): "ჩვენმა მეტოქემ ბრწყინვალედ ითამაშა და დამსახურებულად გავიდა ფინალში. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი თამაში ვაჩვენეთ. შორი და საშუალო დისტანციიდან სროლა არ გამოგვივიდა, რაზეც ჩვენს შედეგში პროცენტულობის დაბალი მაჩვენებელიც მეტყველებს.

"სოხუმმა" ზონური დაცვა ითამაშა და ამით დიდი პრობლემები შეგვიქმნა. მოწინააღმდეგემ ფარქვეშ თამაშის საშუალება არ მოგვცა, შორი მანძილიდან სროლებში კი ვერაფერი გავაწყეთ.

მიუხედავად ამისა, ბიჭებით მაინც კმაყოფილი ვარ. მათ ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. ჩვენი გუნდი უმეტესად 1994-95 წლებში დაბადებული კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული და ამ ასაკის ბავშვებისთვის 20-წლამდელთა ლიგაში ასპარეზობა იოლი ნამდვილად არ არის.

საერთო ჯამში "ქუთაისის" ასპარეზობას ჩემპიონატში დადებითად ვაფასებ და ვთვლი, რომ გუნდი წლევანდელ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა".

www.u-20.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული