დაძაბულ შეხვედრაში "აკადემიამ" იმარჯვა, რომელმაც მეტოქე 60:50 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
აკადემიელებმა მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყეს და პერიოდში 18:14 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით, 31:25 გავიდნენ. საინტერესო გამოდგა მესამე მეოთხედი, რომლის დასაწყისშიც სოხუმის გუნდმა დაწინაურება მოახერხა და წინ 32:31 გავიდა.
ამის შემდეგ გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. პერიოდის შუაწელამდე ევრცერთმა გუნდმა მოახერხა კალათში ბურთის მოთავსება და კარგახანს ანგარიშიც უცვლელი დარჩა. აღნიშნული
დასკვნითი მეოთხედი აკადემიამ ძალიან მობილიზებულად ჩაატარა და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. სოხუმელები კი მეტოქესთან ვერაფერს გახდნენ. გადამწყვეტი პერიოდის ბოლო წუთზე აკადემიამ 10-ქულიან უპირატესობას უწია და 58:48 გავიდა წინ, მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალურ სერიაში მეტოქეს გაუთანაბრდა.
აკადემიის შემადგენლობაში 16-16 ქულა თემურ პეტრიაშვილმა და რატი ნონიკაშვილმა მიითვალეს, ხოლო ამ უკანასკნელმა 12 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა აგრეთვე ლევან მასხულიამ, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა და ამდენივე მოხსნაა.
რაც შეეხება "სოხუმს", მის რიგებში ყველაზე მეტი 18 ქულა სოსო მაჭავარიანმა დააგროვა, რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ერთდერთი მოხსნა დააკლდა.
მატჩის დასრულების შემდეგ მოგებული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ირაკლი ტომარაძეს გავესაუბრეთ, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა.
ირაკლი ტომარაძე (აკადემიის მწვრთნელი): "ძალიან საინტერესო მატჩი იყო. ნახევარფინალურ სერიაში 0:1 ვმარცხდებოდით და ახლა ანგარიში გავათანაბრეთ.
წინა თამაშზე ბიჭები ძალიან დაძაბულები და დათრგუნულნი იყვნენ, მაგრამ დღეს მაქსიმალურად მობილიზებულნი იყვნენ და დიდი შემართებითა და მონდომებით იასპარეზეს. წინა შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ერთად გავაანალიზეთ. აკადემიელებმა კარგად დაინახეს თავიანთი შეცდომები და დღეს მაქსიმალურად ეცადნენ ხარვეზების გამოსწორებას, რაც გამოუვიდათ კიდეც.
ზოგადად, ყველაზე დიდი პრობლემა მოხსნებში გვქონდა, თუმცა დღეს ფარი მოვიგეთ. აქცენტიც ამაზე გვქონდა გაკეთებული. ბიჭებმა დიდი თავდადებით ითამაშეს და დიდი მადლობა მათ ამისთვის.
რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ვინაიდან სერიაში ანგარიში გათანაბრდა, ვფიქრობ, ფსიქოლოგიური მომენტი იქნება. რომელი გუნდიც მეტ სიმტკიცეს გამოიჩენს, წარმატებაც მის მხარეზე იქნება.
დღეს უშეცდომოდ ნამდვილად არ გვითამაშია. ამიტომ კიდევ ერთხელ განვიხილავთ თამაშს და ხარვეზების გამოსწორებას ვეცდებით. შორეულ ტყორცნებში შედარებით გვიჭირს და სამომავლოდ სწორედ ამ კომპონენტის დახვეწაზე ვიმუშავებთ".
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი "სოხუმსა" და "აკადემიას" შორის 29 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.
www.u-16.ge