შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ სოხუმელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე 82:78 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
მატჩის საწყისი ათწუთეული "სოხუმის" სასარგებლოდ წარიმართა და მათივე უპირატესობით 22:17 დასრულდა.
"ზღვისპირელებმა" მეორე მეოთხედი კიდევ უფრო დამაჯერებლად ჩაატარეს და ტაიმში სოლიდური სხვაობით, 44:27 იმარჯვეს.
მესამე მეოთხედის ბოლოს აკადემიელები მეტოქეს 13 ქულით ჩამორჩნენ - 50:63, ხოლო დასკვნით მეოთხედში, რომელიც ძალიან დრამატული გამოდგა, "ძალოვნებმა" შეძლეს თამაშზე მობილიზება და შეხვედრის დასრულებამდე 3:09 წუთით ადრე
შეხვედრის ამ მონაკვეთში აქტიურად ათამაშდა დავით იმნაძე, რომელმაც ფარქვეშიდან უმნიშვნელოვანესი 2-ქულიანი მოათავსა სოხუმელთა კალათში და 72:78 დააფიქსირა.
იმნაძის მორიგი 2-ქულიანის ხარჯზე აკადემიელები მეტოქეს წამოეწივნენ (74:78), რასაც სოხუმელთა ახალწვეული ლეგიონერის, რაიან რიჩარდსის პერსონალური ფოლი მოჰყვა. რიჩარდსმა ფოლი ლარი ბლერისთან პაექრობაში მიიღო, ხოლო სოხუმის სათადარიგო სკამმა - ტექნიკური ჯარიმა. ლარი ბლერმა 4 საჯარიმო ისროლა, 4-ვე ზუსტად გამოიყენა და ანგარიშიც გათანაბრდა - 78:78.
შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამი რჩებოდა, თუმცა "შსს აკადემიამ" დარჩენილ დროში შანსი ვეღარ გამოიყენა.
გიორგი ნიკოლაძის არასპორტული ჯარიმის ხარჯზე ლაშა ფარღალავამ 2 საჯარიმო ტყორცნა შეასრულა და ძირითადი დროის დასრულებამდე 7:7 წამით ადრე "სოხუმი" წინ გაიყვანა - 80:78. 7 წამში "ზღვისპირელებმა" ზემოთ ხსენებული ფარღალავას მორიგი საჯარიმოების წყალობით კიდევ 2 ქულა მიითვალეს და მეოთხედფინალური სერია მოგებით გახსნეს.
"შსს აკადემიის" შემადგენლობაში 22 ქულით ლარი ბლერი გამოირჩა, ხოლო "სოხუმში" 27 ქულით - ლაშა ფარღალავა. რაც შეეხება სოხუმის ახალწვეულ ლეგიონერებს, რომლებსაც 3 მაისს სუპერლიგაში დებიუტი ჰქონდათ, ჯოშუა ჯეკსონმა 17 ქულა დააგროვა, სტეფან მილოშევიჩმა - 8 ქულა, ხოლო რაიან რიჩარდსმა 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე "სოხუმისა" და "შსს აკადემიის" მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი): "ძალიან დაძაბული თამაში იყო. შსს აკადემია ბრწყინვალე გუნდია, შესანიშნავი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული და ჩინებული მწვრთნელი ჰყავს.
ვიცოდი, რომ დღეს გავიმარჯვებდით, რადგანაც ძალიან მჯეროდა ჩვენი ბიჭების. რაც შეეხება ახალწვეულებს, დღეს სუპერლიგაში მათი დებიუტი შედგა და ბევრს ვერაფერს გეტყვით. ნელ-ნელა შეთამაშდებიან გუნდთან და უკეთეს შედეგს აჩვენებენ".
გიორგი კეცელდისი (შსს აკადემიის მწვრთნელი): "მივულოცავ სოხუმის გუნდს ამ წარმატებას, რომელიც ძალიან კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებულია. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვამაყობ ჩვენი გუნდის ბიჭების თამაშით ბოლო 15 წუთის განმავლობაში".
სტეფან მილოშევიჩი: "მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს ასეთი ბრწყინვალე მატჩისთვის. ჩემს გარდა გუნდში კიდევ ორი ახალი ლეგიონერი ირიცხება და ვფიქრობ, დღეს ჩვენთვის შესანიშნავი დებიუტი შედგა და გუნდმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა".
ჯოშუა ჯეკსონი: "როგორც მილოშევიჩმა აღნიშნა, მეტოქემ ჩინებულად იასპარეზა. თამაში 40-ივე წუთის განმავლობაში საინტერესო და დაძაბული იყო, განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმში, სადაც შსს აკადემია ძალიან გააქტიურდა. წინ რთული განმეორებითი მატჩი გველის და ის შეცდომები, რომლებიც დღეს დავუშვით, მომავალი შეხვედრისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ".
დავით იმნაძე: "ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. მოვემზადებით შემდეგი მატჩისთვის და დღევანდელ შეცდომებს გამოვასწორებთ. ვულოცავ "სოხუმს" და მის მწვრთნელს ამ წარმატებას".
superleague.ge