საქართველოს XXII ჩემპიონატი. 1/4 ფინალი: "სოხუმმა" "შსს აკადემია" გამოაგდო

AutoSharing Option
სუპერლიგის პროგრესზე სეზონის დასაწყისიდან ვწერთ. მეოთხედფინალის განმეორებითმა მატჩებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა: ოთხიდან სამ მატჩში ვიხილეთ უშეღავათო ბრძოლა (რაც, წინა წლების მეოთხედფინალებთან შედარებით, დიდი პლუსია). ერთში 6-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, მეორეში - 5-ქულიანი, მესამეში - ორქულიანი.

5 მაისს ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა კიდევ ერთხელ იხილეს მაგალითი იმისა, როგორ უნდა იმოქმედონ გადამწყვეტ მომენტში. მაგალითი მაღალი კლასის ლეგიონერებმა და საქართველოს ნაკრების წევრებმა მოგვცეს...

...და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა წინა ჩემპიონატებთან შედარებით: აქამდე მსაჯებისადმი უკმაყოფილება პიკს აღწევდა და სიტყვიერიდან ფიზიკურ შეურაცხყოფებშიც იზრდებოდა.

წლეულს კი მეოთხედფინალებში
დაძაბულობამ ერთიორად იმატა, ემოციებმაც პიკს მიაღწია, მაგრამ მსაჯებისადმი უკმაყოფილება არ მოგვისმენია.

მეტსაც გეტყვით, უფრო სწორად, დამარცხებული "შსს აკადემიის" მწვრთნელი გიორგიოს კეცელიდისი გვეტყვის:

- საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მსაჯებთან მცირე პრეტენზია მხოლოდ ერთ მატჩში მქონდა ("ოლიმპთან"), თუმცა მას მერე ქართველმა არბიტრებმა დამარწმუნეს, რომ ევროპული კლასისანი არიან.

5 მაისი, თბილისი. სპორტის სასახლე
სამედიცინო-არმია 76:114
27:31, 9:30, 22:31, 18:22
სამედიცინო: ტომარაძე (16ქ, 4მ, 3პ), ყველაშვილი, პირველაშვილი (3ქ), გაბისონია (5ქ, 5პ, 6მ, 3ჩ), აბაიშვილი (4ქ, 4პ), შვანგირაძე (13ქ), ჭოჭუა (7ქ, 4პ), ილიჩი (3ქ), დვალიშვილი (7ქ), კვანტალიანი (5ქ), ფერიაშვილი (8ქ, 5მ), სამოილოვიჩი (5ქ).
არმია: რიჩარდსონი (18ქ), ბაბიაშვილი (16ქ), ბოისა (4ქ, 3პ), მინაშვილი (12ქ, 7მ), უგრეხელიძე (4ქ, 5მ), კვიმსაძე (8ქ, 6პ), ტომასი (13ქ, 7მ), ათანელიშვილი (3ქ), შელბომი (7ქ, 3ჩ), დიასი (11ქ), ვუდსაიდი (18ქ, 6პ, 4ჩ), მოსეშვილი.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.
სერია მოიგო არმიამ - 2:0

"სენსაცია არ დაფიქსირებულა - "არმიამ" ოფიციალურად გაიფორმა გამარჯვება. ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მეტოქეს ვერ ვაჯობეთ, რადგან ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია", - განაცხადა "სამედიცინოს" მწვრთნელმა კახა შენგელიამ.

"მედიკოსებს" კი კომპლიმენტი "არმიის" მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა უძღვნა:
"დიდი სხვაობით მოგება არაფერზე მეტყველებს. "სამედიცინო" ახალგაზრდული, პერსპექტიული გუნდია და მინდა მადლობა ვუთხრა ღირსეული წინააღმდეგობისთვის".

სოხუმი-შსს აკადემია 81:79

26:16, 9:22, 25:25, 21:16
სოხუმი: ფარღალავა (17ქ), ჩლაიძე, ფაცაცია (11ქ, 7მ, 5პ), გაფრინდაშვილი (4ქ), ქადარია, ჯგერენაია (3ქ), ჯექსონი (18ქ, 7პ, 2ჩ), მილოშევიჩი (18ქ, 7მ), რიჩარდსი (10ქ, 8მ).
შსს აკადემია: მუდი (2ქ, 5პ), ლაფანაშვილი (5მ, 2ჩ), ნიკოლაძე, ლონდარიძე (6ქ), იმნაძე (3ქ), ტაბსი (6ქ, 5ჩ), ბლერი (31, 5მ, 2ჩ), ბოქოლიშვილი, სმიტი (21ქ, 6მ, 4ჩ), ტრეპალოვაცი (10ქ), ბექაური.
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ზ. მაჩალაძე.
სერია მოიგო სოხუმმა - 2:0

მეოთხე პერიოდის დასაწყისში "შსს აკადემია" ბლერის ორქულიანით 67:62 დაწინაურდა, თუმცა იქვე ფარღალავასგან სამქულიანი მიიღო და მას მერე ბოლო წამებამდე მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, რასაც ქვემოთ ქრონოლოგია უკეთ მოგითხრობთ. აქ ზოგად სურათზე შევჩერდებით.

"შსს აკადემიას" პირველი მეოთხედფინალი წაგებული ჰქონდა და შაბათს დამარცხება, ფაქტობრივად, სეზონის დასრულებას ნიშნავდა. ეს შესაძლოა, გუნდის ფსიქოლოგიაზე უარყოფითად ასახულიყო, მაგრამ თამაშის შემხედვარე, ვერ ვიტყვით, რომ შსს-ელები შებოჭილები იყვნენ.

გუნდს შეტევაში კარგად გაუძღვა გამოცდილი ლარი ბლერი, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა, გარდა ერთისა - ჩვეული სიზუსტით ვერ ისროლა სამქულიანები. მან 6-იდან 1 შორეული ტყორცნა გამოიყენა. მეტი სამქულიანი შსს-ს აღარ ჩაუგდია, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. თავად განსაჯეთ: "სოხუმმა" რვით მეტი, 9 სამქულიანი გამოიყენა (20-იდან). ამ კომპონენტში ახალწვეული ჯექსონი (6-იდან 3) და ფარღალავა (7-იდან 4) გამოირჩნენ.

ლაშა განსაკუთრებით შედეგიანად ატარებს პლეი ოფს. მას რეგულარულში 185-იდან 47 სამქულიანი (28 პროცენტი) ჰქონდა ჩაგდებული, ორ მეოთხედფინალში კი პერიმეტრიდან 15-იდან 9 ტყორცნა (60 პროცენტი) გამოიყენა.

"შსს-აკადემიას" დიდი უპირატესობა ჰქონდა ფარქვეშ, არა მოხსნებში, არამედ რეალიზებულ ორქულიანებში. მან სამწამიანი ზონიდან 42 ქულა მოაგროვა, მაშინ, როცა ამ ზონიდან "სოხუმმა" 28 ქულა ჩააგდო...

საერთო ჯამში თანაბარი თამაში გამოვიდა, რომლის საბოლოო შედეგი ბლერის ტყორცნას უნდა განესაზღვრა - ბოლო წამზე ფარქვეშ შევიდა, ისროლა და...

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მწვრთნელი):
"მოხარული ვარ, რომ გამარჯვებაში ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს. ნახევარფინალში "არმიას" ვხვდებით და ვფიქრობ, გულშემატკივარი სანახაობრივ მატჩს იხილავს. მეტოქე ადვილად ვერ დაგვამარცხებს".

გიორგი ნიკოლაძე ("შსს აკადემიის" უკანახაზელი):
"ჩვენი გუნდის პროგრესი აშკარაა. უცხოელმა მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა ევროპული კალათბურთი დაგვანახა და სწორი მიმართულება მოგვცა. მიუხედავად იმისა, რომ "აკადემია" ნახევარფინალში ვერ გავიდა, მომავალში კვლავ სწორი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა".

თსუ-ქუთაისი 86:79
31:6, 13:26, 15:20, 27:27
თსუ: მჭედლიშვილი, კოხრეიძე (7მ, 3პ), ჩიტაშვილი (21ქ, 7პ, 4ჩ), ხიზანიშვილი (9ქ), შერმადინი (8ქ, 11მ), მაისურაძე (19ქ, 4პ), ჩქარეული, ჩიკვილაძე (29ქ, 7მ, 5პ).
ქუთაისი: ფაშაევი (7ქ, 8პ), კოჰადარევიჩი (15ქ, 10მ), ბაბუნაშვილი, დიდია (5ქ), ცეკვავა (6ქ, 5მ, 3პ, 3ჩ), დ. ბარბაქაძე (16ქ, 7მ), გ. ბარბაქაძე (11ქ), მათიაშვილი (19ქ, 10მ, 8პ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, ს. საინერისი.
ანგარიშია 1:1

შარშან თსუ-მ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. ეს გუნდი შემადგენლობით ბევრს ვერ სჯობდა. ამიტომ ზოგისთვის სტუდენტთა შედეგიანი გარჯა მოულოდნელი იყო, მაგრამ სწორედ შარშან დავწერეთ: მწვრთნელ ნუგზარ ჭეიშვილს გუნდში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემა აქვს, რომელიც კალათბურთელებს კი არ ერგება, პირიქით - მოთამაშეები ერგებიან თსუ-ს სტრატეგია-ფილოსოფიასო.

სწორედ ამას მოაქვს შედეგი და ამიტომ 5 მაისს სტუდენტთა მიერ "ქუთაისის" დამარცხება სენსაცია სულაც არ იყო. თუმცაღა, თავად მწვრთნელი ამბობდა - ქუთაისში ადგილობრივ გუნდთან მოგების მხოლოდ 20-პროცენტიანი შანსი გვაქვსო.

ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, სტუდენტებმა შაბათს იმერლებს სწრაფი გოლი გაუტანეს (31:6 დაწინაურდნენ) და მას მერე ანგარიშის შენარჩუნებაზე იწყეს ზრუნვა. ეს შეძლეს კიდეც, თუმცა მეოთხე პერიოდში დიდი ძალისხმევა დასჭირდათ...

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი):
"წინა კომენტარებში აღვნიშნე, რომ ქუთაისში ჩვენი შანსები 80/20-ზე იყო, ხოლო თბილისში - 50/50-ზე. დღეს ფორტუნამ ჩვენი მხარე დაიჭირა და გავიმარჯვეთ. არ უთამაშიათ გივი ბაქრაძესა და ვასილ ბერუაშვილს - ბაქრაძე მერიკის კოლეჯში სწავლობს, გამოცდებს ერევანში აბარებს და იქ გაემგზავრა; ხოლო ბერუაშვილს ფეხის ტრავმა აქვს და საოპერაციოა".

დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):
"ჩვენ მიერ ნათამაშები პირველი ათწუთეული ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ასეთი საშინელი მეოთხედი "ქუთაისს" არასდროს ჰქონია. ეს, ალბათ, მოდუნების ბრალია, რასაც ჩემს თავზე ვიღებ".

დინამო-ოლიმპი 86:91
22:25, 23:21, 24:19, 17:26
დინამო: ლეჟავა (3ქ), სანაძე (26ქ), კეიდია (4ქ), სუხიშვილი (1ქ), გრუევი (7ქ, 7პ), ზესევიჩი (13ქ, 5მ), ოლუიჩი (9ქ, 3ჩ, 2დ), კარტერი (23ქ, 15მ, 3ჩ).
ოლიმპი: გამყრელიძე (10ქ, 3პ, 5მ), ნანიტაშვილი, მ. ბერიშვილი (10ქ, 6მ), მილუტინოვიჩი, სლიუკა (8ქ), ტუტუსი (9ქ, 3პ, 3ჩ), ცინცაძე (32ქ, 8მ, 3პ), ტოდოროვიჩი (10ქ, 10მ, 2დ), ჰოგერი (12ქ, 7მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე
სერია მოიგო ოლიმპმა - 2:0

"ორივე გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა თავდასხმაში, დაცვაში კი უამრავი შეცდომა იყო. ნახევარფინალში წარმატებისთვის აუცილებელია ტაქტიკური მომზადება და დაცვაში თამაშის გაუმჯობესება", - აღნიშნა "ოლიმპის" მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა.

"დინამომ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში არავისზე ნაკლები გუნდი არ არის. ბოლო წამებზე მატჩის მოგებაც შეეძლო (და სერიაში მესამე შეხვედრა დაინიშნებოდა), მაგრამ გამოცდილმა გიორგი ცინცაძემ ბოლო იერიშისას ბურთის შემოტანა არ აცადა, ჩაჭრა, ორქულიანი ჩააგდო და "ოლიმპი" ნახევარფინალში გაიყვანა.

გიორგი მხოლოდ უკანასკნელ წუთზე როდი გამოირჩა. მან ტრავმის მოშუშების შემდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა, ორქულიანებიც 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა (16-იდან 8), სამქულიანებიც (8-იდან 4) და 32 ქულას მოუყარა თავი.

ნამატჩევს გიორგი ცინცაძემ აღნიშნა:
"ნახევარფინალში რთული მატჩები გველის და ასეთი თამაშით წინ ვერ წავალთ. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. იმედია, პროგრამა მინიმუმს შევასრულებთ და ფინალში გავალთ".

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი):
"წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენს გუნდს დღეს გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მეტოქეს გაუმართლა".

* * *
ნახევარფინალებში ერთმანეთს "არმია" და "სოხუმი" დაუპირისპირდებიან, ხოლო "ოლიმპი" "ქუთაისი"-თსუ-ს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

"ბოლო წამი... გავიდა სამი"
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული