საქართველოს XXII ჩემპიონატი. 1/2-ფინალი: "ოლიმპის" ნანატრი გამარჯვება

AutoSharing Option
ქუთაისი-ოლიმპი 59:67
13:23, 11:11, 25:19, 10:14
ქუთაისი: ბაბუნაშვილი (4ქ.), დიდა (15ქ.), ცეკვავა (8ქ.7პ.), გ. ბარბაქაძე (8ქ.), მათიაშვილი (12ქ.13მ.), ფაშაევი, კოჰადარევიჩი (12ქ.6მ.), დ. ბარბაქაძე
ოლიმპი: გამყრელიძე (12ქ.5პ.), სლიუკა (5ქ.), ტუტუსი (3ქ.), ცინცაძე (14ქ.6პ.), ჰოგერი (4ქ.7მ.), ტოდოროვიჩი (15ქ.12მ.), მილუტინოვიჩი (2ქ.), ბერიშვილი (12ქ.), გულისაბედაშვილი
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი

როგორც მოსალოდნელი იყო, ნახევარფინალურმა შეხვედრამ ქუთაისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ადგილობრივი სპორტის სასახლე პირთამდე გაივსო და დარბაზში შესანიშნავი საკალათბურთო გარემო სუფევდა.

შეხვედრის დაწყებამდე კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა "ქუთაისის" ცნობილი ვეტერანი კალათბურთელი,
ამჟამად "ქუთაისის" მწვრთნელი გელა დარსაძე, რომელსაც 50 წელი შეუსრულდა, სამახსოვრო პრიზითა და საქართველოს ნაკრების 50-ნომრიანი მაისურით დააჯილდოვა.

"ქუთაისსა" და "ოლიმპს" შორის უშეღავათო ბრძოლა რომ გაიმართებოდა, ამის წინაპირობას ამ გუნდებს შორის გამართული წინა მატჩები იძლეოდა.

მართალია, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გუნდს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მიმდინარე სეზონში "ქუთაისთან" გამართულ სამივე მატჩში დამარცხდა და, როგორც თამაშის შემდეგ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა გვითხრა, უხერხულ მეტოქესთან რევანშისთვის მისი შეგირდები გაორმაგებული მონდომებით ემზადებოდნენ.

თბილისელებს შემართება დაუფასდათ, დაძაბულ ბრძოლაში "ქუთაისის" დამარცხება მოახერხეს და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

შეხვედრა თავიდანვე "ოლიმპის" აქტიურობით დაიწყო. სლიუკამ ჯერ სამქულიანი ჩააგდო, რასაც ორქულიანიც მიაყოლა და სტუმრები 5:0 დააწინაურა.

საწყის წუთებში მასპინძლებს სროლები არ წაუვიდათ. ზუსტად 3 წუთი იყო გასული, როცა ცეკვავამ პირველი ორქულიანი ჩააგდო. მანამდე კი ქუთათურების მონაგარი მხოლოდ მათიაშვილის ჯარიმიდან ჩაგდებული ერთი ქულა გახლდათ.

დროდადრო მასპინძლებმა თავიანთი "კოზირი" - სამქულიანი სროლები სრული სიზუსტით აამოქმედეს და ოთხი ქულითაც დაწინაურდნენ - 13:9.

მალე უპირატესობა ისევ თბილისელთა ხელში გადავიდა და ამაში ლომის წვლილი გიორგი ცინცაძემ შეიტანა, რომლის შეტევებს ქუთათურები ვერაფერს უპირისპირებდნენ. მან ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი ბერიშვილს გაუწია ასისტენტობა და პირველი პერიოდი "ოლიმპმა" 10 ქულით მოიგო - 13:23.

საერთო ჯამში "ოლიმპის" დიდმა გაქცევამ 16:0 შეადგინა და ანგარიში 13:25 გახდა. ამ მომენტში კარგად გაისარჯა ოლიმპელთა სათადარიგო ფორვარდი ივან ტოდოროვიჩი, რომელმაც 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და ორივე გუნდიდან გამორჩეული იყო.

მასპინძლებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს. კარგად ჩაერთო თამაშში დარკო კოჰადარევიჩი და დიდ შესვენებამდე ისევ 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა 24:34.

მესამე პერიოდის დასაწყისში ტოდოროვიჩმა შესანიშნავად ჩატენა ბურთი, მაგრამ მალე გულშემატკივრებისგან გამხნევებულ ქუთაისელებს სამქულიანი სროლები შესანიშნავად წაუვიდათ და 13:0 "გაქცევა" მოაწყვეს. ჯერ გიგი ბარბაქაძემ ჩააგდო, შემდეგ კი რეზო დიდიამ ზედიზედ ორჯერ ისროლა ზუსტად, რასაც რიჩარდ მათიაშვილის საჯარიმოებიც დაერთო და მასპინძლებმა 4 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა.

უსტიაშვილის შეგირდები უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყნენ და ეს გამოიყენეს კიდეც. მასპინძლები გიგი ბარბაქაძემ და კოჰადარევიჩმა წინ გაიყვანეს - 45:41. ეს იყო პერიოდი, როცა ემოციებისა და ხმაურისგან ლამის დარბაზი ჩამოინგრა. მესამე მეოთხედის ბოლო წამები უაღრესად დაძაბულად წარიმართა და მიხეილ ბერიშვილის მიერ მოპოვებული ექვსი ქულის წყალობით "ოლიმპი" ისევ დაწინაურდა 49:53.

გადამწყვეტი პერიოდის დასაწყისში ქუთაისელებმა ზედიზედ რამდენიმე უნაყოფო შეტევა განახორციელეს და მეტოქეს 8 ქულით ჩამორჩნენ. ტოდოროვიჩის შესანიშნავი გდების შემდეგ ანგარიში 51:59 გახდა.

დიდიას დროული სამქულიანის წყალობით ქუთათურებმა მატჩის გადარჩენის შანსი დაიბრუნეს, მაგრამ ბოლო წუთებზე შესანიშნავად ითამაშა ლაშა გამყრელიძემ, რომელმაც გუნდის ლიდერობა იტვირთა. ამ პერიოდში 6 ქულა მოაგროვა და საბოლოოდ "ოლიმპმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული