საქართველოს XXII ჩემპიონატი. 1/2-ფინალი: ესეც მეორე ნაბიჯი

AutoSharing Option
10 მაისი, თბილისი
არმია-სოხუმი 89:62
25:10, 21:18, 17:23, 26:11
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ს. საინერისი.
სერია - 2:0

სერიის საწყის მატჩში პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეორე შეხვედრაში კი არმიელებმა პირველივე ათწუთეულში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს - 25:10 და 40 წუთის განმავლობაში "სოხუმი" წინ ერთხელაც არ გასულა.

საბოლოოდ ანგარიშში ძალოვანთა სასარგებლოდ 27-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. თუმცა ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ "სოხუმმა" არ იბრძოლა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე სერიოზულ მეტოქესთან ჰქონდა, 15 ქულით ჩამორჩენის შემდეგ სოხუმელებმა ყურები არ ჩამოყარეს, ერთ ეპიზოდში მეტოქეს
ტემპშიც აჰყვნენ და სხვაობა ისე შეამცირეს, რომ ზოგს შესაძლოა, თამაშის შემოტრიალების იმედიც გაუჩნდა, მაგრამ "არმია" გუშინ არაფრის დამთმობი არ იყო.

როგორც გითხარით, შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა. ასეთი თამაშის ოსტატი კი ჯერემი რიჩარდსონია, რომელიც სწრაფი გარღვევებით ქულას ქულაზე აწებებდა. საბოლოოდ 12-იდან 11 ორქულიანი ჩააგდო და 29 ქულამდე ავიდა.

ამ გუნდების მესამე შეხვედრა (სერია 3 მოგებამდეა) სპორტის სასახლეში 12 მაისს გაიმართება. წინასწარ იმის თქმა შეიძლება, რომ ერთდღიანი დასვენების შემდეგ კალათბურთელები ენერგიას აღიდგენენ და მორიგი საინტერესო თამაში გველის.

ნამატჩევს
კოტე ტუღუში ("არმიის" მწვრთნელი):
"ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. წინ უმძიმესი მატჩი გველის და ერთდღიან შესვენებას ორივე გუნდი კარგად გამოვიყენებთ, რათა გამოვასწოროთ".

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მწვრთნელი):
"არმია" ძლიერი გუნდია, რომელმაც დღეს აშკარად გვაჯობა. ვეცდებით, 12 მაისს ბევრად სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ".

დავით საყვარელიძე (არმია):
"დღეს დაცვის ხარჯზე გავიმარჯვეთ, მეტოქეს მხოლოდ 62 ქულა ჩავაგდებინეთ, რაც კარგი შედეგია. მინდა აღვნიშნო, რომ სერიის ორივე მატჩში დიდი ბრძოლა შედგა და მიუხედავად დღევანდელ ანგარიშში ასეთი სხვაობისა, ერთი წამითაც არ გვქონია მოდუნების საშუალება".

ლაშა ფარღალავა (სოხუმი):
"არმია" მხოლოდ სუპერლიგაში არ არის საუკეთესო გუნდი. მან მაღალი კლასი ევროჩელენჯზეც დაამტკიცა. "არმიას" ბრწყინვალე შანსი ჰქონდა ჯგუფიდან გასვლისა. რაც შეეხება მესამე თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იქნება, ყველანაირად ვეცდებით, ეს გუნდი დავამარცხოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული