საქართველოს XXII ჩემპიონატი. 1/2-ფინალი: "ოლიმპი" ოლიმპისკენ მიიწევს

AutoSharing Option
10 მაისი, ქუთაისი
ქუთაისი-ოლიმპი 67:76
18:15, 12:19, 19:23, 18:19
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.
სერია: 0:2

ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი პირველზე უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

ლამაზ საკალათბურთო ეპიზოდებს უსიამოვნებებიც თან ახლდა, რამაც მატჩი ჩაშლის საფრთხის ქვეშაც კი დააყენა.

სკანდალურ ეპიზოდს ქვემოთ უფრო კონკრეტულად დავუბრუნდებით... შეხვედრა ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო. "ოლიმპმა" უშეღავათო პაექრობაში მეორე შეხვედრაშიც შეძლო "ქუთაისის" დამარცხება და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

თბილისელთა რიგებში კვლავ შესანიშნავად გაისარჯა ლაშა გამყრელიძე, რომელმაც 22 ქულა, 9
მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მატჩის ერთადერთი დაბლ-დაბლი კი "ოლიმპის" ლეგიონერმა ივან ტოდოროვიჩმა შეასრულა (13ქ, 11მ), რომელმაც დუბლით წინა დღითაც გამოიჩინა თავი.

შეხვედრის პირველი პერიოდი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. მასპინძლები რევანშისთვის იყვნენ განწყობილნი და მატჩი აქტიურად დაიწყეს. ანგარიში რევაზ დიდიამ ზუსტი სამქულიანით გახსნა, რომელმაც პირველ მეოთხედში საკუთარი გუნდის ლიდერობა ითავა.

მან სამჯერ შეძლო შორი დისტანციიდან ჩაგდება. დიდიას მისი ვიზავი გიორგი გამყრელიძეც არ ჩამორჩა, რომელიც "ოლიმპის" ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა. საბოლოოდ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მეოთხედი ქუთაისელთა სამქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 18:15.

მეორე პერიოდის დასაწყისში სტუმრებმა 7-ქულიანი "გაქცევა" მოაწყვეს და დაწინაურდნენ კიდეც. მათგან, გამყრელიძესთან ერთად, ტოდოროვიჩი, სლიუკა და გულისაბედაშვილი აქტიურობდნენ.

ქუთაისელები ყველანაირად ცდილობდნენ თამაშში გარდატეხის შეტანას, მაგრამ უშედეგოდ. მეორე მეოთხედის ბოლოს მოხდა უსიამოვნო ფაქტი, რამაც ლამის მატჩის ჩაშლა გამოიწვია. პერიოდის ბოლო წამებზე მილუტინოვიჩმა, ფაქტობრივად, სირენასთან ერთად ისროლა. ბურთი კალათს ასცდა, მაგრამ თბილისელებს დარჩათ და მსაჯებმა მასპინძლები დააჯარიმეს.

ამან რიონისპირელთა აზერბაიჯანელი ლეგიონერის, ფაშაევის, მწვრთნელთა შტაბისა და გულშემატკივრების განრისხება გამოიწვია, რის გამოც არბიტრებმა მასპინძლები ტექნიკური ჯარიმით დასაჯეს. ამან კი გულშემატკივრები კიდევ უფრო გააღიზიანა და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

ტრიბუნებიდან უწმაწური სიტყვების კორიანტელი წამოვიდა. გამყრელიძემ საჯარიმოები ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი "ოლიმპმა" 34:30 მოიგო. უკმაყოფილების ტალღა ისე ძლიერი იყო, რომ მსაჯებმა დიდი შესვენების შემდეგ მატჩი მანამ არ განაახლეს, სანამ სამართალდამცავებისგან უსაფრთხოების გარანტიები არ მიიღეს.

მესამე პერიოდი სტუმრებმა ძალიან კარგად ჩაატარეს. ისევ გამყრელიძე გამოირჩეოდა, რომელიც შორი დისტანციიდანაც ზუსტად ისროდა და ფარქვეშაც შეუჩერებელი იყო. თბილისელები მეოთხედის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 13 ქულით დაწინაურდნენ - 44:57.

დავით უსტიაშვილის შეგირდებმა შეძლეს და სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანეს. ამაში კი დიდი წვლილი გოგა ცეკვავამ შეიტანა, რომელმაც დაახლოებით ათი მეტრიდან მეოთხედის ბოლო წამზე შეძლო სამქულიანის ჩაგდება.

მეოთხე პერიოდი "ქუთაისმა" შესანიშნავად დაიწყო და გიგი ბარბაქაძის აქტიურობის შედეგად ანგარიშიც გაათანაბრა 59:59. ფსიქოლოგიურად მასპინძლები უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ამით უნდა ესარგებლათ, მაგრამ სტუმრების დარად, მათაც ზედიზედ სამი შეტევა გააცუდეს. ბოლო წუთებზე კი შესანიშნავად ათამაშდა გიორგი ცინცაძე.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის მშვენიერი თამაშის შედეგად თბილისელები ისევ წინ გაიჭრნენ 67:59. ქუთაისელებმა მატჩს ინტრიგა ბოლო წამებამდე შეუნარჩუნეს, მაგრამ ეს თამაშის გადარჩენისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ნამატჩევს
გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მწვრთნელი):
"დაძაბული მატჩი იყო. ჩვენმა გუნდმა დაცვაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ამის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას. კარგად გაისარჯნენ გამყრელიძე და ცინცაძე. თავი გამოიჩინა ტოდოროვიჩმაც. მიუხედავად იმისა, რომ გავიმარჯვეთ, მოდუნების უფლება არ გვაქვს".

დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):
"შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. "ოლიმპი" გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ამან თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა. უკმაყოფილო ვარ მსაჯობითაც, რომელიც დღეს იდეალური არ ყოფილა. ვეცდებით, თბილისში მეტოქეს დიდი ბრძოლა გავუმართოთ და ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ".

პროტესტი
გუშინვე ქუთაისიდან მივიღეთ მსაჯობისადმი პროტესტის გამომხატველი წერილი...

"საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი-2010" გამოხატავს პროტესტს 2011-12 წლების სუპერლიგის გათამაშების ნახევარფინალურ მატჩებში საკალათბურთო კლუბებს, "ქუთაისი-2010-სა" და "ოლიმპს" შორის მსაჯთა ბრიგადის წარმომადგენლების ქმედებებზე (ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი).

მათმა მიკერძოებულმა მსაჯობამ პირდაპირი გავლენა იქონია 9 და 10 მაისს ზემოთ აღნიშნული გუნდების მატჩის შედეგებზე, რითაც, ფაქტობრივად, "ქუთაისს" მოუსპეს ფინალში გასვლის შანსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული