U18: "რუსთავმა" ფინალური სერია გაათანაბრა

AutoSharing Option
რუსთავში დასრულდა ფინალური სერიის განმეორებითი მატჩი ადგილობრივ "რუსთავსა" და "ქუთაისს" შორის, სადაც გამარჯვება რუსთავის გუნდმა მოიპოვა 80:52 და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

მასპინძლებმა თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს შეხვედრა და საწყის პერიოდი 17:11, ხოლო მეორე მეოთხედში 32:21 დაწინაურდნენ. მესამე ათწუთეულში რუსთაველებმა კვლავ მობილიზებულად იასპარეზეს და პოზიციებიც კიდევ უფრო გაიმყარეს, ხოლო დასკვნით მეოთხედში ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და თავიაანთ სასარგებლოდ 18-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს - 50:32.

აღნიშნული პერიოდის შუაწელში "ქვემოქართლელებმა" 26 ქულიან უპირატესობას უწიეს, დარჩენილ დროში კი "ქუთაისმა" ვერაფერი გააწყო და შეხვედრა მარცხით დაასრულა.

რუსთაველებს
20 ქულით ერეკლე ლორთქიფანიძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა - გიორგი ოქროჭელიძემ 15 ქულადა 17 მოხსნა დააგროვა, ხოლო ლევან ურიდიას ანგარიშზე 15 ქულა და ამდენივე მოხსნაა.

ქუთაისელთაგან თავი ლევან გრძელიძემ გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა შესძინა.

მატჩის დასრულების შემდეგ "რუსთავისა" და "ქუთაისის" მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

ირაკლი მებურიშვილი (რუსთავის მწვრთნელი): "ვფიქრობ, მეტოქეს ტაქტიკური და ფიზიკური მონაცემების ხარჯზე ვაჯობეთ. წინა მატჩის შემდეგ გავაანალიზეთ თამაში და დაშვებული შეცდომები გამოვასწორეთ.

ბიჭებმა მთელი სულითა და გულით ითამაშეს და გამარჯვება მოიპოვეს.

ამასთან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩვენს მოედანზე თამაში, ქუთაისის დარბაზში თამაში ძალიან არაკომფორტულია და სერიოზული პრობლემები გვექმნება. იმედია, ეს ხარვეზი უახლოეს მომავალში გამოსწორდება.

რაც შეეხება მომდევნო გადამწყვეტ შეხვედრას, ვთვლი რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსები გააჩნია"
.

ირინა მელქაძე (ქუთაისის მწვრთნელი): "რუსთავმა" დღეს ძალიან შედეგიანი, გუნდური და წარმატებული თამაში აჩვენა და აშკარად ყველა კომპონენტში და გვაჯობა. მოწინააღმდეგეს გულწრფელად ვულოცავ ამ მოგებას, რომელმაც მატჩში ნამდვილად დამსახურებულად იმარჯვა.

სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყოდი ჩემს გუნდზე, რომელმაც ყველა მხრივ უარყოფითი შედეგი აჩვენა. მაქსიმალურად ვეცდებით მომდევნო მატჩისთვის ყველაფერი ძირფესვიანად შევცვალოთ და წარმატება მოვიპოვოთ".


ერეკლე ლორქთიფანიძე (რუსთავი): "მიუხედავად იმისა, რომ სერიის პირველ შეხვედრაში დავმარცხით, თამაშზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ, რაც დაცვაში კარგი თამაშის დამსახურებაა.

დღეს ჩვენი გუნდი ძალიან ერთსულოვანი იყო და ჩვენი წარმატებაც სწორედ ამან განაპირობა"
.

ლევან გრძელიძე (ქუთაისი): "რუსთავში თამაში ყოველთვის ძალიან რთულია, რადგანაც ბიჭები საკუთარ მოედანზე არიან. მატჩი თავიდანვე არეულად დავიწყეთ და მობილიზება ვეღარ შევძელით. ვეცდებით ჩვენს მოედანზე სულ სხვაგვარი თამაში ვაჩვენოთ და გადამწყვეტი შეხვედრა მოგებით დავასრულოთ".

ზეზვა ლილუაშვილი (ქუთაისი): "ვულოცავ რუსთავს ამ დამაჯერებელ გამარჯვებას. დღევანდელი მარცხის ძირითადი მიზეზი დაცვაში ცუდი თამაში იყო. მომდევნო შეხვედრაში ვეცდებით ზონური დაცვა და თავდასხმა გამოვასწოროთ, რაც ჩვენთვის ჯერჯერობით დიდი მინუსია".

u-18.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული