20-წლამდელთა ლიგის წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ 20 და 18-წლამდელთა ასაკობრივ ჩემპიონატში სოხუმის კლუბის მწვრთნელსა და 16-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელის ასისტენტს დიმიტრი ჟაკობოვს გავესაუბრეთ, რომლის თავკაცობით "სოხუმი" 18-წლამდელთა ლიგაში შარშანაც ჩემპიონი გახდა.
- როგორ შეაფასებთ 20-წლამდელთა მიმდინარე სეზონს და რამ განაპირობა სოხუმის გუნდის წარმატება?
- პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ დონე ყოველ წელს იზრდება. აგრეთვე მადლობას გადავუხდი
განსაკუთრებული მადლობა ჩემს უფროს კოლეგას, ლიკა ქაჯაიას ("სოხუმის" 20-წლამდელთა გუნდის მთ. მწვრთნელი) და ჩემი გუნდის მოთამაშეებს უდიდესი შრომისთვის, მონდომებისა და თავდადებისთვის. მათ ყველაფერი გააკეთეს მიზნის მისაღწევად და მათით ძალიან ვამაყობ.
მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას მხარში დგომისთვის და მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.
ჩვენი გუნდი პირველი დღიდან ბევრს შრომობდა. ჩვენ ყველაფერს დიდი ინტერესითა და მონდომებით ვაკეთებდით და, რაც მთავარია, ამისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდით. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ერთიანი გუნდი და ჩემი მთავარი პრინციპი იყო "ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის". ჩვენი წარმატების ფუნდამენტი არის დისციპლინა, ენთუზიაზმი და შრომა, რის გარეშეც გუნდი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას.
- რას იტყვით ფინალურ სერიაზე?
- რაც შეეხება ფინალურ სერიას, მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს მეტოქეს ასეთი კარგი თამაშისა და ბრძოლისთვის. "დინამო" თავის მწვრთნელებითა და შემადგენლობით მართლაც ბრწყინვალე გუნდია და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ფინალური სერია ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თავდაპირველად "სოხუმი" სერიას აგებდა (0:1) და ჩვენ არ გვქონდა საშუალება, რომ პირველ თამაშში დაშვებულ შეცდომებზე გვემუშავა, რადგანაც განმეორებითი მატჩი მეორე დღესვე იყო დანიშნული.
გავარჩიეთ ვიდეოჩანაწერი, გავაკეთეთ სწორი ანალიზი, ვიმუშავეთ თეორიულად და მეორე დღეს ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანეთ.
გადამწყვეტ მატჩში, სადაც შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, ბიჭებმა შეძლეს მობილიზება და სწორად შეასრულეს მიცემული დავალებები როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. შესაბამისად, სოხუმის გუნდმა მიაღწია იმ მიზანს, რომელიც სეზონის დასაწყისშივე დაისახა.
- წლევანდელ სეზონში რომელ გუნდს გამოარჩევდით?
- თვალყურს ვადევნებდი ყველა ასაკობრივ პირველობას და ვფიქრობ, ყველაზე დიდი დაძაბულობით 20-წლამდელთა ლიგა გამოირჩეოდა, სადაც ყველა გუნდი საკმაოდ ძლიერი იყო და ამ ჩემპიონატში ბევრი კარგი კალათბურთელი იღებდა მონაწილეობას, განსაკუთრებით კი, ხუთეულის გუნდებს გამოვყოფდი.
ვფიქრობ, ზოგადად, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ჩემპიონატმა, პლეი ოფისთვის გუნდები შესანიშნავ ფორმაში შევიდნენ. მაგალითად, მეოთხედფინალში მე-8-ადგილოსანმა "თბილისის კარდინალებმა" დიდი წინააღმდეგობა გაუწია "სოხუმს". ამ გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და მატჩის ბედი შეხვედრის ბოლო წუთებზე გადაწყდა.
- აუცილებლად უნდა შევეხოთ 16-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრების თემას, სადაც თქვენ ერთ-ერთი მწვრთნელი ხართ. როგორ შეაფასებდით კადეტთა ნაკრებს ?
- ბევრი ფიქრობს, რომ ეს ნაკრები წინა წლების ნაკრებებთან შედარებით სუსტია, მაგრამ მე ასე არ ვთვლი. მიმაჩნია, რომ წარმატების ფუნდამენტი დიდი შრომაა და თუ მოვინდომებთ და ყველაფერს დიდი ინტერესით გავაკეთებთ, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს.
როგორც ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, ვერ ვიტყვი, რომელ ადგილს დავიკავებთ, მაგრამ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჩემპიონატში კარგად ვიასპარეზებთ.
ნაკრებში ძალიან ბევრი პერსპექტიული მოთამაშეა, რომელთაც შეუძლიათ დიდი კალათბურთის თამაში. ვთვლი, რომ ამისთვის უმნიშვნელოვანესია დისციპლინა. თუ გუნდში მოთამაშე დისციპლინირებული იქნება, ის ყოველთვის მიაღწევს მიზანს.
- რა შანსები აქვს 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებზე, სადაც საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მონტენეგროს, ბოსნიას, რუმინეთსა და ესტონეთს დაუპირისპირდება?
- საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეცდებით, მაქსიმალურად კარგად ვიასპარეზოთ ამ პირველობაზე. შანსებთან დაკავშირებით კი თავს შევიკავებ.
უშუალო კონკურენტებად ბოსნიას და მონტენეგროს მივიჩნევ, რომლებიც ყოველთვის ძლიერი გუნდებით გამოირჩეოდნენ და ფავორიტებად მათ დავასახელებდი.
არანაკლებ მებრძოლი გუნდი ჰყავთ ესტონეთსა და რუმინეთს. ასე რომ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ჯერჯერობით არცერთი გუნდის თამაში გვინახავს და მათზე კონკრეტულად მაშინ შემეძლება საუბარი, როდესაც მათ მატჩებს ვიხილავ.
- რა ძირითადი ხარვეზი აქვს ჩვენს ნაკრებს ამ ეტაპზე?
- ფიზიკურად და აღნაგობით ძალიან განვსხვავდებით სხვა ევროპული გუნდებისგან. ამ ასაკში სიმაღლის დიდი პრობლემა გვაქვს, რასაც, რა თქმა უნდა, ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ ფიზიკურ სიძლიერეზე მაქსიმალურად ვიმუშავებთ. ჩვენი მიზანი იქნება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მოთამაშეები მოვამზადოთ როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად, ტექნიკურად და რაც მთავარია, ფსიქოლოგიურად.
- რას იტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე?
- სეზონი დასრულდა, თუმცა სოხუმის კლუბთან კონტრაქტი მაისის ბოლომდე მაკავშირებს. მომავალში თუ სხვა შემოთავაზება მექნება, დავფიქრდები, მაგრამ აუცილებლად იმ გუნდში ვიმუშავებ, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
რაც შეეხება კადეტთა ნაკრებს, ველოდებით 16-წლამდელთა ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს და სეზონის დასრულებას. მაისის ბოლოს შევიკრიბებით და ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყებთ მომზადებას. გვექნება საკონტროლო მატჩები და ნაკრების კანდიდატთაგან 12 საუკეთესო მოთამაშეს შევარჩევთ.
- თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის, რა არის კალათბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი?
- ჩემი საქმისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ და ყოველი ვარჯიში დღესასწაულია. ჩემპიონატი დასრულდა და უკვე ერთი სული მაქვს, თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი. როგორც მწვრთნელისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოთამაშეებში ავტორიტეტის მოპოვება ჩემი შრომითა და მათთან ურთიერთობით. მთავარია, გავაკეთო ისე, რომ მოთამაშემ მიიღოს სიამოვნება ვარჯიშისა და თამაშის პროცესის დროს და ყველაფერს ინტერესითა და მონდომებით მიუდგეს. მოთამაშემ ვარჯიში კარგ ხასიათზე უნდა დაასრულოს და მოუთმენლად დაელოდოს მომდევნოს. ვარჯიშის პროცესი მათთვის დღესასწაულად უნდა იქცეს.
- უპირატესობას ევროპულ კალთბურთს ანიჭებთ თუ ამერიკულს?
- როგორც მწვრთნელი, ტაქტიკურად ვეროპულ კალათბურთს ვანიჭებ უპირატესობას, სანახაობრივად კი ნბა-ს ვერაფერი შეედრება.
- დაბოლოს, რომელია თქვენთვის მისაბაძი მწვრთნელი? აქვე თქვენი საყვარელი კლუბი და მოთამაშე დაგვისახელეთ...
- ჩემი საყვარელი მწვრთნელები - დევიდ ბლატი და ეტორე მესინა არიან. მოთამაშეებიდან - მაიკლ ჯორდანი, ხოლო მოქმედი კალათბურთელებიდან ანდრეი კირილენკოს გამოვარჩევდი. რაც შეეხება კლუბებს, მოსკოვის "ცსკა"-ს გულშემატკივარი ვარ.
u-20.ge