ქართულ სუპერლიგას ჯარი შეემატა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატს ახალი გუნდი შეემატა - სუპერლიგაში პირველად ითამაშებს თავდაცვის სამინისტროს გუნდი. დებიუტანტობის მიუხედავად, დღესვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არმიელები მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ, რადგან სამწვრთნელო შტაბიც სოლიდური ჰყავთ და შემადგენლობაც.

ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არმიელთა გუნდი შსს-ს უშუალო კონკურენტი იქნება, რაც ქართულ კალათბურთსაც წაადგება და საქართველოს ნაკრებსაც, რადგან ამ კლუბებში ეროვნულის წევრ-კანდიდატები არიან თავმოყრილნი.

ახალშექმნილი გუნდის შესახებ არმიელთა მთავარი მწვრთნელი ლევან მოსეშვილი გვესაუბრება.

- თავდაცვის სამინისტრომ დიდ საქმეს მოჰკიდა ხელი. ამ უწყებაში სპორტს სათანადო ყურადღებას აქცევენ. ასეც უნდა იყოს. ამის შესახებ
რამდენიმე წლის წინათ ქვეყნის პრეზიდენტსაც ვესაუბრე და ბათუ ქუთელიასაც, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ჩემთვის და, საერთოდ, ქართული კალათბურთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გუნდს საკუთარი გულშემატკივარი ეყოლება. არმიაში დასაქმებულები შაბათ-კვირას ოჯეხებით მოვლენ სპორტის სასახლეში და ერთად უქომაგებენ ჩვენს კლუბს, რაც ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში მორიგი ნაბიჯი იქნება. სხვათა შორის, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ველაპარაკე ბილეთებთან დაკავშირებით. სამხედროებისა და ბავშვებისთვის შედარებით იაფიანი ბილეთები გაიყიდება.

- ახალი სეზონისთვის მზადებას როდის შეუდექით?
- პირველი ვარჯიში 28 აგვისტოს, მარიამობას ჩავატარეთ. მას მერე რამდენიმე კალათბურთელი დაგვემატა და სადღეისოდ გუნდმა საბოლოო სახე მიიღო. ამჟამად ფიზმომზადებაზე ვმუშაობთ.

- იქნებ გუნდის შემადგენლობა გაგვაცნოთ...
- დავიწყოთ ცენტრებით: სერგო ათუაშვილი, რეზო ათანელიშვილი, დავით უგრეხელიძე. სერგო შარშან ჩემს გუნდში, "ავიამშენში" თამაშობდა, შემდეგ შსს-ში გადავიდა. ათანელიშვილი "აგრარულიდან" გადმოვიყვანეთ, ხოლო უგრეხელიძე გასულ სეზონში სლოვენიაში იყო. ახლა ფორვარდებზე. რუსთავიდან ზვიად ბაბიაშვილი და გიორგი პირველაშვილი დავიმატეთ, თსუ-დან - ვახტანგ მინაშვილი. ესპანეთიდან ჩამოვიდა მიხეილ ბერიშვილი. ასევე ჩვენთან ვარჯიშობენ ანატოლი ბოისა და ლევან მოსეშვილი. გამთამაშებლები და მათი დამხმარეები: კოტე ტუღუში, გივი ბაქრაძე და გიორგი ვახანია. კოტე შარშან "ენერჯიში" თამაშობდა, გიორგი - "ავიამშენში", ხოლო გივი ბაქრაძემ გამოცდილება ჯერ "დინამოში" მიიღო, გასული სეზონი კი ფინეთში ჩაატარა.

- შემადგენლობის გაცნობისთანავე გაჩნდა ერთი კითხვა: საჩემპიონოა?
- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან საკმარისი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ სეზონის ბოლოს დიდი მნიშვნელობა ექნება კალათბურთელთა ჯანმრთელობას და სხვა არაერთ ნიუანსს.

- შემადგენლობა საბოლოოა თუ ვინმეს დამატებას კიდევ აპირებთ?
- შეიძლება ვახტანგ ნაცვლიშვილი დაგვეხმაროს. ვატოს სამსახური აქვს, თუმცა თავისუფალ დროს თუ ჩვენ გვერდით იქნება, მისი გამოცდილება ძალიან წაგვადგება. თუ ექიმები თამაშის უფლებას მისცემენ, თებერვლიდან ჩვენთან ირაკლი ხოშტარიაც ითამაშებს.

- მწვრთნელთა შტაბი როგორ დააკომპლექტეთ?
- დამეხმარებიან ვაჟა მხეიძე და ვახტანგ მოსეშვილი. თუ საშუალება გვექნება, ერთ მწვრთნელსაც დავიმატებთ. ასევე ჩვენთან იმუშავებს თემურ ხვედელიძე, რომელიც საქართველოს ნაკრების ექიმია.

- ზოგიერთ კლუბში კონტრაქტები არ ფორმდებოდა, შესაბამისად, იყო ალბათობა იმისა, რომ ესა თუ ის მოთამაშე გუნდიდან შუა სეზონში წასულიყო...
- ჩვენთან თითოეული კალათბურთელი ხელშეკრულებას გააფორმებს თავდაცვის სამინისტროსთან. კონტრაქტის ერთი ასლი სამინისტროში დაიდება, მეორე - კალათბურთის ფედერაციაში, ხოლო მესამეს თავად მოთამაშე შეინახავს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული