საქართველოს XXII ჩემპიონატი. ფინალი: "არმია" 2:1 დაწინაურდა

AutoSharing Option
22 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
ოლიმპი-არმია 52:87
13:21, 18:23, 10:30, 11:13
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი
სერიას იგებს არმია - 2:1
23 მაისი, 18:00. ოლიმპი-არმია

"ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა:

"წინა შეხვედრებისასაც ვთქვი, რომ ენერგიის შენარჩუნება განსაკუთრებით მესამე მატჩისთვის იქნებოდა რთული. გუნდი ძალიან გადაიღალა და ფიზიკურადაც ვერ გაუძლო... მეტოქემ აბსოლუტურად ყველა კომპონენტში გვაჯობა. ვეცდებით, ხვალინდელი მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ და მდგომარეობა გამოვასწოროთ".

ოლიმპელთა მწვრთნელის სიტყვებიდანაც იოლი წარმოსადგენია მატჩის ხასიათი. "არმიამ" შეხვედრა კარგად დაიწყო და ათქულიანი უპირატესობაც
მოიპოვა, მაგრამ პირველ ტაიმში "ოლიმპის" კალათბურთელები მეტ-ნაკლებად მაინც უმკლავდებოდნენ მეტოქეს და გიორგი ცინცაძისა და ნიკოლა ტუტუსის სამქულიანებით გულშემატკივარს თამაშის შემოტრიალების იმედიც გაუჩინეს, მაგრამ...

მესამე პერიოდში კოტე ტუღუშის შეგირდებმა დაცვაში თამაში კიდევ უფრო გააუმჯობესეს. ამასთან, შეტევას შეტევაზე ზუსტად ასრულებდნენ და სხვაობაც ისევე იზრდებოდა, როგორც "არმია" თამაშობდა - სწრაფად.

ოლიმპელებს დაღლილობა აშკარად დაეტყოთ. კულმინაცია მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში არმიელთა მიერ მოწყობილი 16:0 გაქცევა იყო, რომლის შემდეგ ძალოვნები 85:41 დაწინაურდნენ.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში "ოლიმპის" მწვრთნელმა თამაშში კვლავ ჩართო დამრტყმელი ძალა - გამყრელიძე-ცინცაძის დუეტი, მაგრამ მალევე შეცვალა, რათა მომდევნო მატჩისთვის დაესვენებინა. შეხვედრა ორივე გუნდის სათადარიგოებმა ჩაამთავრეს.

* * *

როცა დაღლილობაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი: საწყის ორ მატჩში ოლიმპელთა მთავარი შეტევითი იარაღი გიორგი ცინცაძე იყო, რომელმაც ორივე შემთხვევაში 24 ქულა ჩააგდო. როცა გუნდის საერთო მონაგარი 69 ქულას არ აღემატება, 24 ქულა მეტად ღირებულია.

მესამე მატჩში კი ცინცაძის ანგარიშზე 10 ქულა იყო. იგი ტრავმის შემდეგ ფორმას ნელ-ნელა კრეფს, მაგრამ როგორც ჩანს, ფიზიკური კონდიციები ბოლომდე ჯერ ვერ აღიდგინა.

ოთხ დღეში სამი ურთულესი თამაში როგორი ჩასატარებელია?! მესამე მატჩში მას ბომბარდირობაში ვერავინ შეენაცვლა. ლაშა გამყრელიძე ენერგიულად შედიოდა ფარქვეშ, მაგრამ მხოლოდ 2 ორქულიანი ისროლა. იგი პასის გასაცემად ფარქვეშ დამხმარეს ეძებდა, მაგრამ სამწამიან ზონაში "არმია" ბატონობდა.

თავად განსაჯეთ: დავით უგრეხელიძემ არმიელთა შემადგენლობაში მხოლოდ 7 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი ამ დროში 18 ქულით გაიჭრა წინ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი უილიამ ტომასი იყო, რომელმაც 27 წუთში 26 ქულა (16-იდან 11 ორქულიანი) და 9 მოხსნა მიითვალა. უმთავრესად, სწორედ მისი დამსახურებაა, "არმიამ" მოხსნებში 45:34 რომ იმარჯვა. ასეთი უპირატესობა წინა მატჩებში არ ჰქონია.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ მეორე შეხვედრაში ტომასის წინააღმდეგ კარგად ითამაშა ივან ტოდოროვიჩმა, რომელმაც გუშინ ვერაფერი გააწყო. ამიტომ ივანს მწვრთნელმა სათამაშო დრო, წინა შეხვედრასთან შედარებით, საგრძნობლად შეუზღუდა.

სამაგიეროდ, მეტი ითამაშა ილიცა მილუტინოვიჩმა, რომელიც 11 ქულით ოლიმპელთა ბომბარდირი გახდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტომასის შეჩერება ვერც მან შეძლო.

შეტევაში მაღალი შედეგიანობით ითამაშეს "არმიას" უკანახაზელებმა (გილერმო დიასმა, ბენ ვუდსაიდმა, ჯერემი რიჩარდსონმა), რომლებმაც თითქმის იმდენი სამქულიანი ჩააგდეს, რამდენიც წინა ორ მატჩში ერთად.

22 მაისს მათ ანგარიშზე 9 ზუსტი სამიანი იყო, მაშინ, როცა წინა შეხვედრებში სულ 10 შორეული ტყორცნა გამოიყენეს. დიასმა 3-იდან 2 სამიანი მოათავსა კალათში (66.7 პროცენტი), ვუდსაიდმა - 4-იდან 3 (75 პროცენტი), ხოლო რიჩარდსონმა - 6-იდან 2 (33.3 პროცენტი).

* * *

გია კაზანჯიანის კომენტარი მიმოხილვის დასაწყისში შემოგთავაზეთ. ბოლოს "არმიას" მწვრთნელ კოტე ტუღუშს მოვუსმინოთ:

"გამოვასწორეთ წინა თამაშში დაშვებული შეცდომები და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების უფლებას, რადგან "ოლიმპი" ძლიერი გუნდია. ამიტომ ხვალინდელ თამაშს მაქსიმალურად მობილიზებულნი უნდა შევხვდე
თ".

"არმიას" ქართველმა უკანახაზელმა ანატოლი ბოისამ აღნიშნა:

"თამაში 20 წუთის წინ დასრულდა და უკვე ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ. იმედია, მესამედაც გავიმარჯვებთ და ჩემპიონობას მოვიპოვებთ".

* * *
სერიის მეოთხე შეხვედრა 23 მაისს სპორტის სასახლეში გაიმართება. დაახლოებით 19:45 საათისთვის გვეცოდინება პასუხი ორ კითხვაზე: მოასწრებს "ოლიმპი" ძალების აღდგენას? თუ "არმია" ისევე დამაჯერებლად დაასრულებს ჩემპიონატს, როგორც დაიწყო?

უილიამ ...ასი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული